თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჯიქი" კარგად დალაგებული, გამართული რაგბის მოთამაშე გუნდია. შემართება და ჟინი ამ გუნდს არასდროს აკლდა. ამჯერად კი, რაგბის ის დეტალებიც შეთვისებული აქვს, რაც ზოგადად, ამ თამაშის ხიბლია.
აღსანიშნავია, რომ თითქმის 60 წუთის განმავლობაში "ჯიქი" საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდა.
თამაში ორივე გუნდმა ნერვიულად დაიწყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი. "ჯიქმა" დროულად შეძლო საკუთარი თამაშის პოვნა და ის მეტოქეს თავს მოახვია. მალე გორელებმა მრავალფაზიანი იერიშების აკინძვა დაიწყეს.
ანგარიში მატჩის მე-17 წუთზე გაიხსნა. "ჯიქმა" საჯარიმოდან ბურთი აუტში გადაიტანა, დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი შეკრა, მაგრამ მეტოქის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. მერე ბურთი მოკლე ფრთაზე გარემარბ დევი დევსურაშვილს გაუტანეს, რომელმაც ბურთი ლელოში ზედ ალამთან დაამიწა. რამაზ ხარაზიშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.
"ჯიქი" ზეწოლას განაგრძობდა. ხელდახელ ბურთაობას მორკინალების დარტყმებს უნაცვლებდა და 13 წუთში სალელოვე შეტევა ისევ მარცხენა ფრთაზე წამოიწყო. გორელებმა ისევ საჯარიმოდან გადაიტანეს ბურთი აუტში. დერეფანი ისევ სუფთად მოიგეს და მოლით მეტოქეს რამდენიმე მეტრით უკან დაახევინეს. თუმცა, შეტევა ერთ ეპიზოდში შეფერხდა. ცხრა ნომერმა ალეკო ზაბახიძემ დროულად შენიშნა მეტოქის ხაზში დაუცველი ზონა, ბურთი მოლიდან სწრაფად გამოიტანა და ლელოში შეაღწია. ხარაზიშვილს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 14:0.
"ყოჩები" მეორე ლელომ საგრძნობლად გამოაცოცხლა. პირველი ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში უპირატესობასაც დაეუფლა. თუმცა, მაქსიმუმ, რასაც გამორჩა, თემურ სოხაძის მიერ გატანილი საჯარიმო იყო - 3:14. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, 20 წუთის განმავლობაში ისევ "ჯიქი" უტევდა. მათ დასაწყისშივე რამდენიმე საჯარიმო გაუცუდდათ, თანაც საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან. 52-ე წუთზე კი გორელებმა მესამე ლელო მიითვალეს, რომელმაც მათ პრემიალური ქულა მოუტანა. მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შესანიშნავად გაისარჯა გუნდის კაპიტანი გურამ შენგელია, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა, მერე ერთ-ერთი მოწინააღმდეგე თავისკენ გადაიყვანა და ოფლოუდით გარღვევაზე შეცვლაზე შესული ვეფხია ტუჩაშვილი გაიყვანა, რომელმაც ლელოს გატანა სამი ბოლნისელის გარემოცვაში შეძლო. ტუჩაშვილმა ბურთი კარის ძელთან ახლოს დაამიწა, მაგრამ ხარაზიშვილმა გარდასახვა მაინც ვერ გაიტანა - 3:19.
მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში თამაში მთლიანად "ჯიქის" მოედნის ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა გორელები თავს შესანიშნავად იცავდნენ და ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველსო ჩემპიონატი რაგბიში. დიდი 10. X ტური
ყოჩები-ჯიქი 3:19
ყოჩები (15-9): გოგოლაშვილი, ცირეკიძე, ხარშილაძე (ცერცვაძე 56), გარუჩავა, დ. ხუციშვილი, სოხაძე (კაჭარავა 62), ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი (შენგელია 68), სვანიძე, ჯაშიტაშვილი (ხოსიტაშვილი 65), არჩუაშვილი (გრძელიშვილი 63), ეფრემიძე, გაჩეჩილაძე, ტყეშელიაძე, კიკვიძე (გუგეშაშვილი 67).
ს: სოხაძე
ჯიქი (15-9): კიკნაძე, დევსურაშვილი, ხუციშვილი (ჯინჯიხაძე 68), გაბროშვილი, ხარაზიშვილი, ნინიძე (ბიწაძე 75), ზაბახიძე. (1-8) ჯინჭარაძე (ორაგველიძე 70) , მამრიკიშვილი (საჯაია 63), გურგენაძე, გოგოლიძე (ჩირგაძე 58), შენგელია, დიდებულიძე, მჭედლიშვილი (ტუჩაშვილი 45), სუხაშვილი
3ლ: დევსურაშვილი, ზაბახიძე, ტუჩაშვილი. 2გ: ხარაზიშვილი.
მსაჯი: შოთა თევზაძე.
ტურის სხვა მატჩები:
ლოკომოტივი-არმია 27:3
ხარები-აია 22:13
ლელო-აკადემია 24:7
ბათუმი-არმაზი 21:13.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 10 7 1 2 +80 35
2. ბათუმი 10 7 1 2 +44 33
3. ლელო 10 7 1 2 +40 32
4. ლოკომოტივი 10 6 0 4 +39 29
5. აია 10 6 1 3 +29 28
6. ყოჩები 9 4 0 5 -3 20
7. ხარები 10 4 0 6 -46 18
8. აკადემია 10 3 0 7 -62 15
9. არმია 10 2 1 7 -64 14
10. არმაზი 9 0 1 8 -57 7
მომდევნო, XI ტური
ხარები-აკადემია, აია-ბათუმი, არმაზი-ყოჩები, ჯიქი-ლოკომოტივი, არმია-ლელო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"