დიდი 10: ჯიქი-ყოჩები, ლელო-ლოკომოტივი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე მატჩიღა დარჩა. გასავარდნ ფინალში ერთმანეთს პლეი ოფში გამარჯვებულები, ბოლნისის "ყოჩები" და გორის "ჯიქი" დაუპირისპირდებიან.

შესარჩევ ფინალში კი, რომლის გამარჯვებულიც პირდაპირ დიდ ფინალში გავა, მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელო" თანაქალაქურ "ლოკომოტივს" ეთამაშება.

"ყოჩებმა" პლეი ოფში ფოთში "ბათუმს" მოუგო 13:22. აღსანიშნავია, რომ ბოლნისურმა გუნდმა მეტოქეს სამი ლელო პირველ ტაიმში გაუტანა, საკმაოდ ორგანიზებულად, მწყობრად უტევდა და ისე ჩანდა, რომ მეტოქეს წარმატების მიღწევის შანსი არ ჰქონდა. თუმცა, მეორე ნახევარში, "ყოჩებმა" თამაშს უკლო და "ბათუმს" თამაშის გადარჩენის საშუალება მიეცა.

ძნელი სათქმელია, რატომ
გამართა "ყოჩებმა" ერთმანეთისგან განსხვავებული ორი ტაიმი. თუმცა, ფაქტია, "ჯიქთან" დაპირისპირებისას მას მოდუნების უფლება არ ექნება. ეს უკანსკნელი სწორედ ის გუნდია, რომელმაც პლეი ოფში ქუთაისის "აიას" თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა. "ჯიქი" ბოლომდე მებრძოლი, მედგარი ხასიათის გუნდია, რომელმაც დღევანდლამდე ნელ-ნელა, დაუღალავი შრომითა და კლუბის მენეჯმენტის სწორი სტარტეგიის წყალობით მიაღწია.

ქუთაისის "აიას" ისტორიასა და ტრადიციებზე არაფერს ვიტყვით. ის ისედაც ყველასთვის ცნობილია. ამჟამადაც, ამ კლუბს ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს საქართველოში. პლეი ოფში მისი დამარცხება პატარა მიღწევა არ არის. ეს კი, "ყოჩებმა", რომელსაც ნაღდად გააჩნია საჩემპიონო პოტენციალი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

შესარჩევი ფინალის მონაწილეები ძველი მეტოქეები არიან. თბილისის "ლოკომოტივი" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და პლეი ოფებში გამობრძმედილი გუნდია. რკინიგზელები, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებდნენ გადამწყვეტი მატჩებისთვის სათანადოდ მომზადებას.

სავარაუდოდ, ასე იქნება ამჯერადაც. "ლოკომოტივის" ყველაზე ძლიერი მხარე შერკინება იყო. თუმცა, ბოლო წლებია, ბალანსი უკანა ხაზსა და შერკინებას შორის შეიცვალა. რკინიგზელები კარგად იყენებენ მორკინალების შექმნილ უპირატესობას და ხელდახელ ბურთაობითაც ბევრ პრობლემას უქმნიან მეტოქეებს. ყველაზე სახიფათო მორაგბე რკინიგზელთა შორის ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წიკლაურია, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე ისტორიული ლელო გაიტანა.

"ლოკომოტივმა" 18 თამაშიდან 11 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 6 წააგო. რკინიგზელებმა 52 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და ცხრა ქულით ჩამორჩნენ რეგულარული გათამაშების გამარჯვებულ "ლელოს".

ლელოელებმა საქართველოს ჩემპიონატის ზედიზედ სამი გათამაშება მოიგეს, რაც თავისთავად მეტყველებს, რა ძალის გუნდთან აქვთ საქმე მეტოქეებს. თვით ის ფაქტი, რომ "ლელომ" სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარს და მომავალ მეტოქეს ცხრა ქულით აჯობა ასე ნიშანდობლივია. თუმცა, პლეი ოფს სულ სხვა ფსიქოლოგია აქვს. აქ ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლიდან იწყება და გაიმარჯვებს ის, ვინც კონკრეტულ მატჩში უფრო უკეთ გაირჯება.

"ლელოს" მეტოქის მსგავსად კარგად დაბალანსებული შერკინება და უკანა ხაზი ჰყავს. აქ წამყვანი მოთამაშეები "ბორჯღალოსნების" უკანახაზელები ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა არიან. მათ კარგ თამაშზე დიდადაა დამოკიდებული ლელოს წარმატება.

აქვე შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ფინალში წაგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ ეთიშება. ის წინასწარ ფინალში დაუპირისპირდება გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს.

გასავარდნი ფინალი. 23 აპრილი
ჯიქი-ყოჩები 15:30

შესარჩევი ფინალი. 24 აპრილი
ლელო-ლოკომოტივი 15:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული