მილტონ ჰეიგი: უმთავრესი ამოცანა მაინც პირველობა და სეზონის გამარჯვებით დაწყებაა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი რაგბის კავშირის ვებგვერდთან საუბარში 2017 წლის სანაკრებო სეზონზე, "რაგბი ევროპის ჩემპიონატსა" და ნაკრებში გამოძახებული უკეპო მორაგბეების შესახებ ლაპარაკობს.

- "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა

"ახალი სანაკრებო სეზონი იწყება. ადვილი არ იქნება მიღწეული წინსვლისთვის ფეხის აწყობა. ცხადია, აქამდე 2015 საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო, მაგრამ მაღალი დონის შედეგებით 2016 ყველაზე წარმატებული წელი გამოგვივიდა.

ადრეც ვფიქრობდით და ახლაც იმ აზრზე ვართ, რომ 2017 წელს ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ახალგაზრდა მორაგბეთა შერჩევა და საქმეში ნახვაა, რათა
2019 წელს, იაპონიის მსოფლიოს თასისთვის ბევრად მეტი კონკურენტუნარიანი მორაგბე გვყავდეს თითოეულ პოზიციაზე.

ამისთვის 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" იდეალურ პლატფორმას წარმოადგენს. პირველ ორ მატჩში ახალგაზრდებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მწვრთნელებსა და რაც მთავარია, ქართული რაგბის ქომაგებს დაანახონ და დაუმტკიცონ, რომ საერთაშორისო დონეზე თამაში შეუძლიათ. ვიხილავთ თუ არა ამავე მოთამაშეებს ივნისსა და ნოემბერში, ეგ მთლიანად მათზე იქნება დამოკიდებული.

რაც მე ნაკრების მწვრთნელი ვარ, ეს ტურნირი ზედიზედ 5-ჯერ მოვიგეთ. არ მინდა, რომ 2017 წელი გამონაკლისი იყოს და საამისოდ ყველაფერს ვიღონებ. მინდორზე გავდივართ იმისთვის, რომ ყოველ კვირაში თითო ტესტ-მატჩი მოვიგოთ!

რა თქმა უნდა, ვგეგმავთ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგებას, თან გვსურს პოზიციებზე"სიღრმის" (მარაგის) შესაქმნელად ახალგაზრდების მოსინჯვა. ერთი კია, უმთავრესი ამოცანა მაინც პირველობა და სეზონის გამარჯვებით დაწყებაა.

ასევე მნიშვნელოვანია, რაგბის სამყაროს კიდევ დავანახოთ უდავო ფაქტი, რომ ევროპაში ე.წ. მეორე ეშელონის ნომერ პირველი გუნდი ვართ. ეს არსებითია, რადგან თუ "6 ერში" ან გაფართოებულ "7 ერში" ჩვენი ჩართვის შესაძლებლობაზე წავა საუბარი, "რაგბი ევროპის" მოგება აუცილებლობაა. ასე რომ, ეს მოტივაციას გვმატებს.

აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდა, უკეპო მორაგბეებით. რა თქმა უნდა, ამ ბიჭებს ეროვნულ ნაკრებში არ გამოვიძახებდით, მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით.

ზოგიერთმა შარშან მანჩესტერში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. მე ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ თამაშს და მინდა გითხრათ, რომ ერთი-ორს საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები აქვს - ისინი ძალიან ბევრს შრომობენ.

ბოლო თვეებში ისინი ცოტაჯერ მინახავს, რადგან საფრანგეთის კლუბებში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ტულუზაში რომ ჩავალთ, შევამოწმებთ, თუ გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი და მონაცემები...

ადრეც მითქვამს, რომ ახალგაზრდა მორაგბეების გუნდში ყოლა ზრდის ენთუზიაზმს, გარანტიას გაძლევთ, რომ ისინი ზოგიერთ გამოცდილ მოთამაშეს "ქუსლებზე დააბიჯებენ", რაც ჩვენს მიზანთან - სასტარტო პოზიციებზე კონკურენციის გაზრდასთან მიგვაახლოებს.

სოსო ბეკოშვილი შესანიშნავად ირჯება "ბრივში". შარშან, ნოემბრის ტესტებამდე, ლეგიონერთა მოსანახულებლად საფრანგეთს რომ ვეწვიეთ, "ბრივის" პირველ ხაზში ქართული გვარი შევნიშნე. ვიკითხე, თუ ვინ იყო, მაგრამ ბევრი ინფორმაცია ვერ მივიღე.  ვუყურე მის თამაშს და ძალიანაც კარგად გაართვა თავი საქმეს. ვისაუბრეთ და შთაბეჭდილებაც კარგი დატოვა. ის ტექნიკური და დინამიკური ბურჯია: შერკინებაში კარგად დგას და ამავდროულად, კარგი მბოჭავიცაა.

გიორგი მჭედლიშვილი ბოლო ორი წელია ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და წელს მიეცემა კვართის მორგების შესაძლებლობა - ვიტყოდი, რომ ეს მისი დაუღალავი შრომის დაფასებაა.

რაც შეეხება გიორგი ჭყოიძეს, ადრეც ვახსენე, რომ იგი ბრწყინვალედ ირჯება თავის კლუბში, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ 4-ჯერ გახდა. ამაში ჭყოიძის დამსახურებაც დიდია. მან მესამე ხაზიდან კვაჭის პოზიციაზე გადაინაცვლა. გიორგი მზარდია და ბოლო 6 თვე ბევრი იშრომა... ესაა სწორედ ამ ბიჭების გამოძახების მიზეზი - მათ ბევრი ოფლი ღვარეს და გვინდა შანსი მივცეთ.

ბადრი ლიპარტელიანმა
20-წლამდელთა სისტემა გაიარა და ალაფაზეც გამოიჩინა თავი. მერე ტრავმა აწუხებდა, თორემ შარშანაც ვფიქრობდით მის გამოძახებას. კარგი მბოჭავია, დაცვაში საუცხოოდ თამაშობს და ნაკრების შინ მოთამაშე წევრებთან კარგა ხანია ვარჯიშობს.

თორნიკე მატარაძემ და ლაშა ტაბიძემ შარშან, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს. ვუყურე მათ თამაშებს, ბიჭებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მატარაძეს უკვე მოუწია "ლიონის" პირველ გუნდში თამაში, ხოლო ტაბიძე ჯერაც "ბორდოს" ესპუარებში ირიცხება.

ორივე გასაოცარი მორკინალია, რაც შარშან "მსოფლიოზეც" დაამტკიცეს. მათ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მწვრთნელებს დაგვანახონ, შეუძლიათ თუ არა ამ დონეზე თამაში და დამდეგ ორ წელში თუ შეძლებენ გამოცდილ ბურჯებს გაუწიონ კონკურენცია.

გიორგი ცუცქირიძის გამოძახების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საოცრად ბევრს შრომობს და ფენომენალური მბოჭავია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირაკლი მაისურაძეს ვესაუბრე და მანაც, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა ცუცქირიძის უნარებს.

მისი გამოძახება იმიტომ გვინდოდა, რომ უშუალოდ ნაკრების გარემოცვაში დავკვირვებოდით. შარშან საფრანგეთში შევხვდი, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ცუცქირიძე არის ინტელექტუალური მორაგბე და ზოგადადაც, ძალიან კარგი ახალგაზრდაა.

ორი წლის წინ ხომ აღმოვაჩინეთ ვასილ ლობჟანიძე (იცინის). გელა აფრასიძეც, ლობჟანიძის მსგავსად, კარგი 9 ნომერია - კარგი მორაგბა, რომელიც კარგად თამაშობს. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არამხოლოდ შარშანდელ 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე, არამედ საკლუბო რაგბიშიც - კარგი ტექნიკის მქონე შემტევი მორაგბეა; მეტსაც ვიტყოდი, ბუნებრივად ყველაზე შემტევი მორაგბეა საქართველოში. ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი. რაზმში გვეყოლება, დავაკვირდებით, ვნახოთ, თავს როგორ გაართმევს საქმეს და არაა გამორიცხული, რომ თამაშიც მოუწიოს", - ამბობს ჰეიგი.  

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარეთ! მადლობა ყველას!!!
0
ეს კეპი არ უხდება რაგბს რა. შევცვალოთ და მუზარადებზე გადავიდეთ რაღაც უფრო უხდება რაგბს ვიდრე კეპი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული