საქართველოს ცენტურიონი ეყოლება - worldrugby.org-ი მერაბ კვირიკაშვილზე წერს

AutoSharing Option
worldrugby.org-მა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საუკეთესო მექულეს, მერაბ კვირიკაშვილს სტატია მიუძღვნა, რომლის ქართული ვერსია რაგბის კავშირმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა:

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დამდეგ სეზონში ქართულ რაგბის ღირსშესანიშნავი ეტაპი დაუდგა: სულ მალე 'ბორჯღალოსნებს", 28-წლიან ისტორიაში, პირველი ცენტურიონი - 100 კეპის მქონე მორაგბე - ეყოლებათ.

"რაგბი ევროპის" პირველი თამაში თუ საღსალამათად ჩაამთავრა, 19 თებერვალს, საქართველო-გერმანიის მატჩზე, "ბორჯღალოსნების" ყველა დროის საუკეთესო მექულე, 15 ნომერი მერაბ კვირიკაშვილი ქართველთაგან პირველი მოიხვეჭს მე-100 სანაკრებო კეპს.

33 წლის მეკომ უკვე 98 ტესტში ითამაშა და გუნდს 766 ქულა მოუტანა.
მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, მას აქეთ კი "ლელოს" (ახლა ეწოდება "ლელო სარასენსი") აღზრდილმა ოთხ მსოფლიო თასზე ითამაშა (2003, 2007, 2011, 2015)

ნაკრებში ნამსახურობით მეკოს ოდნავ ჩამორჩებიან შუამარბი დავით კაჭარავა და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, რომლებსაც ამჟამად 96 და 94 კეპი აქვთ.

"ძალიან მიხარია მეკოს ამბავი. ბოლო ხანს მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ისინი დაძლია. ქვეყნის პირველი ცენტურიონის წოდება განსაკუთრებულია, ამას მეკოს ვერავინ წაართმევს.

წელიწად-ნახევრის წინ სამივეს ვესაუბრე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ დიადი მიზნის მისაღწევად. აშკარაა, რომ ასაკი ემატებათ და ფორმის შესანარჩუნებლად უწინდელზე მეტი შრომა უწევთ. ჩვენც მეტად გვმართებს მათზე ზრუნვა, მაგრამ ფაქტია, რომ სამივემ ძალიან კარგ შედეგს მიაღწია", - თქვა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

სხარტი 9 ნომრები
კვირიკაშვილი აგრძელებს ქართული რაგბის აღმასვლისათვის ბრძოლას და ორ წელიწადში იაპონიაში, კარიერის მეხუთე მსოფლიო თასზეც აპირებს თამაშს, ჰეიგი კი ამასობაში ახალგაზრდებზეც ზრუნავს და რამდენიმე ახალბედას "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დამდეგ ორ სეზონში უპირებს გამოცდას.

ვინაიდან საქართველომ იაპონიის საგზური ჯერ კიდევ ინგლისში დაიბევა ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით, ჰეიგს შესაძლებლობა აქვს, ნელ-ნელა იმუშაოს ისეთი გუნდის შესაქმნელად, რომელსაც 2019 წელს პლეი-ოფში გასვლა შეეძლება.

"ბორჯღალოსნებს" გამორჩეულად უმართლებთ 9 ნომრებში: ამ პოზიციაზე მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეს, ვასილ ლობჟანიძეს ალბათ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ჯერჯერობით უკეპო, 18 წლის გელა აფრასიძე. ჰეიგი ამ ბიჭს ისე აქებს, რომ მეტი აღარ შეიძლება.

"აფრასიძე ქართულ რეალობაში ყველაზე შემტევი ჰავბექია. იგი ისეთი არასტანდარტული პიროვნებაა, რომ ახალ ზელანდიაშიც კი ივარგებდა. ცოტა ხნის წინ ზე-რაგბის ზელანდიურ ფრანჩაიზებს - "ბლუზსა" და "ჰარიქეინზს" ვეწვიე საწვრთნელ პროცესზე დასაკვირვებლად და ორივეს ვესაუბრე გელას ზელანდიაში სტაჟირებაზე.

გელას და ვასოს 10 ნომრად შეუძლიათ თამაში, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს ორივე ცხრაზე დავტოვოთ. დროთა განმავლობაში ეს ორი ბიჭი ერთმანეთს ფიცხელ კონკურენციას გაუწევს. საინტერესოა, ბოლოს რომელი აჯობებს. რაც მთავარია, ორივეს რაგბი სისხლში აქვს გამჯდარი", - თქვა ჰეიგმა.

მიზანი - მსოფლიო თასი
აფრასიძე ერთ-ერთია იმ 8 უკეპო მორაგბეში, ვისაც მილტონ ჰეიგი "რაგბი ევროპაზე" უპირებს გამოცდას. გელასთან ერთად ამ სიაში მოიაზრება კლერმონელი მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელმაც ნაკრებში "მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე" ითამაშა. "ოთიასა" და მის ტოლ, კიდევ რამდენიმე ჭაბუკს ეძლევათ შანსი, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ თავი საერთაშორისო ასპარეზზე.

"2016 წელს შემადგენლობაში ბევრი არაფერი შემიცვლია, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შარშანწინ, ინგლისში მიღწეული შედეგის გამყარება.

წელს კი მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სხვა მოთამაშეებს, სხვადასხვა პოზიციაზე რეზერვის უზრუნველყოფას. ჯერაც ხომ სამი წელი გვაქვს ნაკრების სამუშაო რეჟიმთან ახალბედების ადაპტაციისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეათედაც (!) მოგება. პარალელურად თუ მოვახერხებთ და რეზერვსაც გავზრდით, კარგი იქნება. ახალბედა მორაგბეებს სწორედ ეს ვუთხარით: თუ ახლა გამოიჩენთ თავს, შეიძლება სამ წელიწადში მსოფლიო თასზე მოხვდეთ", - აღნიშნა ჰეიგმა.

- "ბორჯღალოსნებს" ბელგიასთან შეხვედრაში მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ჰქვია შეიძლება ითამაშOნ 2019ში? შეიძლება კი არა უნდა ითამაშOნ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომავალი ერთა თასები გუნდის შესაკვრელად და ახალი მორაგბეების მოსაძებნად. 10 და 15 ნომრებზე გვაქვს სერიოზული პრობლემები და უნდა გამოვასწოროთ. ხმალაძე ასაკში შედის უკვე და არამგონია შეძLოს კარგად გაგრძელება., 15 ნომერზე თუ მეკომ უნდა ითამაშოს ისევ 2019 წლის მსოფლიო დარხეული გვქონია მაგ პოზიციაზე და ეგაა.მეკო კი კარგი მორაგბეა,მაგრამ თუ ნელ-ნელა არ მოვძებნეთ ახალი მორაგბეები მანდ უცებ მეკოს წასვლის შემდეგ ძაან დიდი პრობლემა შეექმნება ნაკრებს.
giorgi
15:51 11-02-2017
0
ამ ბიჭებს ნაკრებთან შესაჩვევად კი აყენებს ახლა,მაგრამ ბელგიაზე და გერმანიაზე ძლიერები რომ არიან,მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროთ,ერთია რომ შეუთამაშებლობამ შეიძლება შექმნას პრობლემები,თუმცა კლასი მაინც თავისას იზამს.
სოსო
20:07 10-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული