საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
"სამწუხაროა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ 23 მატჩის მოგების შემდეგ დამარცხება. ვფიქრობ, რომ არ უნდა წაგვეგო. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, შეტევაშიც შიგდაშიგ კარგად გამოვიყურებოდით.

ერთი ნაკლი გვქონდა - დისციპლინა და თამაშის ორგანიზაცია. ამის დასტურად ვიქტორ კოლელიშვილის სინბინიც გამოდგება.

გვიჭირდა სტატიკური მდგომარეობიდან ბურთის გამოტანა"
- ასე შეაფასა გუნდის თამაში ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ეროვნულ გუნდთან 22:25 წააგეს.

ვერ ვიტყვით, რომ სწრაფ და კარგად ორგანიზებულ იაპონელებს ჩვენმა მორაგბეებმა ვერაფერი დაუპირისპირესო, მაგრამ სტუმართა
გუნდის საბოლოოდ დაჯაბნა მაინც ვერ შეძლეს.

თვალშისაცემია ერთი დეტალი: ჩვენი გუნდი საგრძნობ უპირატესობას ორივე ტაიმის საწყის 13 წუთში ფლობდა. პირველი ნახევრის მე-13 წუთზე საქართველოს ნაკრები 9:0-ს იგებდა და ტაიმის ბოლომდე მონაგარს ვეღარაფერი შემატა.

ასე მოხდა შესვენების შემდეგაც. 53-ე წუთზე ჩვენი გუნდი 22:13-ს იგებდა და მატჩის დასასრულამდე დარჩენილ 27 წუთში შედეგიანი იერიში ვერ განახორციელა.

იაპონელებმა კი მაქსიმალური თავდადებისა და სათამაშო კლასის ხარჯზე ორივე შემთხვევაში შეძლეს გარდატეხის შეტანა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ტაიმის დასაწყისი ჩვენი ნაკრების აქტივშია. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე მოედნის საკუთარ ნახევარში გამოკეტეს, ისე, რომ მე-15 წუთამდე სტუმრები ჩვენს ნახევარზე არც გადმოსულან. ანგარიშის გახსნა უკვე მე-2 წუთზე შეგვეძლო.

იაპონელთა 22-მეტრიან ზონაში წარმოქმნილ რაკში თამაშისას ჩვენი გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ იაქტიურა, მეტოქეს ბურთი დააკარგვინა. ის მესამეხაზელის, ვიქტორ კოლელიშვილის ნადავლი შეიქნა.

"ვიტომ" იაპონელთა არეული დაცვა გაიარა, ჩათვლის მოედნამდე მისული კი შებოჭეს და სცადა ბურთი უკან, თანაგუნდელისთვის გადაეწოდებინა, თუმცა ის წინ გადაგორდა და მეტოქის სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა.

მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნებმა" დაწინაურება მალევე შეძლეს. ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც გუნდს საბოლოოდ 22 ქულა შესძინა, ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი გახსნა.

მანვე მე-8 და მე-13 წუთებზე კიდევ ორჯერ დაარტყა კარში ზუსტად და საქართველოს ნაკრები ცხრა ქულით დაწინაურდა - 9:0.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი მორკინალები აქტიურობდნენ. ცდილობდნენ, მეტოქე მოკლე დარტყმებითა და აიღე-მიეძალეს ხერხით მოეღალათ. თუმცა მას შემდეგ, რაც ანგარიშში საგრძნობლად დავწინაურდით, გუნდში რაღაც მოიშალა.

იაპონელები გააქტიურდნენ და თავიანთ თამაშს მიაგნეს. პირველი სამი ქულის მოპოვება კი მათ მხოლოდ 26-ე წუთზე შეძლეს. ფულბეკმა აიუმუ გორომარუმ ერთი გაცუდებული საჯარიმოს შემდეგ კარში ზუსტად ურტყა და ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ორი საჯარიმო გაიტანა - 6:9.

პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს.

შერკინებაში იაპონელებს თამაში ძალიან უჭირდათ და მორიგი რკენისას ისევ დაჯარიმდნენ. კვირიკაშვილს კარში დარტყმაც შეეძლო, თუმცა ჩვენი გუნდის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, საჯარიმოს ნაცვლად ისევ შერკინება მოითხოვეს, რათა მეტოქე ლელოში შეეთრიათ ან საჯარიმო ლელოს გამორჩენოდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენს მორაგბეებს შერკინებიდან ბურთი გამოუვარდათ და მერე რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ.

იაპონელებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს და შეტევა ჯერ მარჯვენა, გრძელ ფრთაზე განავითარეს, მერე ცხრა ნომერმა ფუმიაკი ტანაკამ ბურთი მოედნის ცენტრში, შუისკენ გამოათამაშა, იქ წარმოქმნილი რაკიდან კი შეტევა მარცხნივ განაგრძეს, სადაც სტუმართა უკანახაზელები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ.

ლელო გარემარბმა ჰიროტოკი ონოძავამ მიითვალა. გორომარუმ მოედნის კიდედან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:9 და ტაიმიც დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისი პირველის ალი-კვალი იყო. საქართველოს ნაკრები სათამაშოდ მაქსიმალურად მობილიზებული გამოვიდა და ანგარიშში დაწინაურება 11 წუთში შეძლო. ორი საჯარიმო 44-ე და 51-ე წუთებზე კვირიკაშვილმა გაიტანა - 15:13.

მალე, 53-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ლელოც მიითვალეს. იაპონელებმა კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ თამაში ცენტრიდან განაახლეს.

ბურთი შუამარბმა დავით კაჭარავამ მარცხენა ფრთაზე, 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დაიჭირა.

მოწინააღმდეგის რამდენიმე მოთამაშემ მისი შებოჭვა სცადა. კაჭარავას თანაგუნდელები წამოეშველნენ, მოლი შეკრეს, რომელსაც მოულოდნელად მეორე შუამარბი მერაბ შარიქაძე მოსწყდა და ცენტრამდე ირბინა.

იქ წარმოქმნილი რაკიდან აბუსერიძემ ბურთი შუისკენ კვირიკაშვილს გაუტანა. ამან შეტევაში მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ჩართო, რომელმაც ორი მოწინააღმდეგე მიაწვინა და ბურთი იქვე მიმყოლ ლევან დათუნაშვილს გადააწოდა. ამან ათიოდ მეტრი გაირბინა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბი ალექსანდრე თოდუა მოძებნა, რომელმაც მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეაღწია და შებოჭეს.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სწრაფად კვირიკაშვილმა აიტაცა და მოკლე, დაუცველ ფრთაზე შეუტია. მას წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. გარდასახვაც თვითონვე გაიტანა და საქართველოს ნაკრები ისევ ცხრა ქულით დაწინაურდა - 22:13.

სტუმრებმა ანგარიშის შემცირება მალევე შეძლეს. 57-ე წუთზე გორომარუმ საჯარიმოთი ახლო მანძილიდან დალაშქრა საქართველოს ნაკრების კარი - 16:22.

ათ წუთში კი ჩვენი მორაგბეების მიერ დაშვებული შეცდომების მთელი სერიის გამო დავისაჯეთ. სტუმართა ფულბეკმა ჯერ ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 19:22, მერე კი იმის ნაცვლად, რომ მეტოქისთვის შეგვეტია, კონტრშეტევა აქეთ მივიღეთ.

72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ საჯარიმოდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანა.

გორომარუმ ბურთი მოედნის ჩვენს ნახევარზე ფეხით უკანახაზელების ზურგსუკან დაჰკიდა. ის გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა დაიჭირა და უკან ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს გადააწოდა.

მას პირდაპირ აუტში დარტყმა არ შეეძლო, ამიტომ მოედანს დაუმიზნა და ისე მოხდა, რომ მეტოქეს გაარტყა.

მერე ისევ თავად დაეუფლა, თუმცა შებოჭეს და რაკში თამაშისას დაჯარიმდა. იაპონელთა ფულბეკს ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია - 22:22.

თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა სტუმრების ლელოსთან ხანგრძლივი შტურმი მოაწყო. დერეფანი "ბორჯღალოსნებმა" 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მოიგეს, მოლი შეკრეს და თორმეტიოდე მეტრი გაიარეს.

მერე თამაში რაკში გადავიდა. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ კიდევ სამი მეტრით წინ წაიწიეს, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი წინ გაუვარდათ და იაპონელებმა კონტრიერიში წამოიწყეს.

ასე ხელდახელ ბურთაობით საკუთარი ლელოს მისადგომებიდან ჩვენს 22-მეტრიან ზონამდე მიაღწიეს და მგეზავმა კოსი ონომ არეკნით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 25:22.

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, ფიზიკური სიძლიერე გამოგვეყენებინა. დავაშავეთ ის, რომ ამას ზედმეტად ვცდილობდით და ვერ შევძელით, მეტოქი
სთვის მრავალფეროვანი თამაში შეგვეთავაზებინა.

ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ როცა 75 წუთი კარგად ირჯები და ხუთი წუთი ვერა, ძნელია წარმატების მიღწევა.

მატჩის მიწურულს შეგვეძლო ლელოს გატანა და გამარჯვება, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი უკუღმა შემოატრიალა. როცა თანაბარი ძალის გუნდები ეთამაშებიან ერთმანეთს, ასე ხშირად ხდება ხოლმე.

ფიჯის ნაკრებთან ძნელი თამაში მოგველის. მოგვიწევს კრიტიკულად შევხედოთ საკუთარ შესაძლებლობებს და მეტოქეს უფრო მეტად დისციპლინირებული, უკეთ ორგანიზებული თამაში დავუპირისპიროთ.

ეს წლევანდელი სეზონის ბოლო თამაშია და მორაგბეებს მეტი პასუხისმგებლობით დამუხტვა მართებთ".


ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"25 წუთი დაგვირდა იმისთვის, რომ შერკინებით მეტოქე დაგვეჩეჩქვა და მერე თამაში გაგვეშალა, მაგრამ არ გამოვიდა. ბიჭებმა ძალების დაუზოგავად ბოლომდე თავდადებით ითამაშეს.

იაპონიასთან მატჩში მეტი გამოცდილება მივიღეთ, გავიზარდეთ. ვფიქრობ, მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით."

ედი ჯონსი, იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ამ მატჩში ჩვენ გაგვიმართლა. კმაყოფილი ვარ ჩემი მორაგბეებით, მათი ჟინით და გამარჯვებისკენ სწრაფვით. ჩვენებმა საქართველოს ნაკრების მიძალებას ლელოდან ხუთ მეტრში თავი შესანიშნავად გაართვეს, ბოლომდე იბრძოლეს.

კარგ გუნდთან მოგვიწია თამაში
. საქართველოს ნაკრები გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუმინეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც ერთი კვირის წინ ბუქარესტში მოვუგეთ. ერთი ეგაა, თუ კიდევ წინ სურს სვლა, ცოტა მეტად უნდა გაშალოს თამაში."

ტოშიაკი ჰიროში, იაპონიის ნაკრების კაპიტანი:
"საწყის 20 წუთში ძალიან გაგვიჭირდა. მეტოქე ბევრად უფრო ძლიერი გამოდგა, ვიდრე ველოდით. მერე თამაში დავალაგეთ და დარჩენილ დროში გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით.

ევროპაში ზედიზედ ორი ტესტი მოვიგეთ, რაც ჩვენთვის დიდი წარმატებაა. ამისკენ ვისწრაფვ
ოდით და ძალიან გვიხარია, მიზანს რომ მივაღწიეთ".

საქართველო-იაპონია 22:25 (იხილეთ ვიდეო) [ფოტორეპორტაჟი]
საქართველო (15-9) ყიასაშვილი, მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე (ზიბზიბაძე 69), თოდუა, კვირიკაშვილი (ხმალაძე 67), აბუსერიძე (ბეგაძე 67). (1-8) ხინჩაგიშვილი (ნარიაშვილი 59), მამუკაშვილი (ნატრიაშვილი 49), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 54), ნემსაძე (ვ. მაისურაძე 59), დათუნაშვილი (თხილაიშვილი 67), სუთიაშვილი, კოლელიშვილი, გორგოძე.
ლ,გ,5ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: კოლელიშვილი.
იაპონია (15-9) გორომარუ, ჰიორში, სენბა (არუგა 58), ტატეკავა, ონოძავა, ონო, ტანაკა (ჰივასა 67). (1-8) ნაგაე, ჰორი, ჰატაკეიამა (იამაშიტა 58), ონო, თომპსონი (ბროდჰერსტი 52), ტუი (ჰოლანი 52), ლიტჩი, კიკუტანი.
ლ: ონოძავა. 5ს,გ: გორომარუ. ა: კ.ონო.
მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)

ნოემბრის ტესტები
ირლანდია-ფიჯი 53:0
კანადა-რუსეთი 35:3
აშშ-ტონგა 13:22
ნამიბია-ესპანეთი 37:38
ჩილე-პორტუგალია 22:28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული