საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გათამაშება გერმანიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით დაიწყო. ფრანკფურტთან ახლოს, ქალაქ ჰოიზენშტამში სენსაციას არავინ ელოდა და "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე დიდი ანგარიშით - 64:8 დაამარცხეს.
ჩვენს ეროვნულ გუნდში ორი დებიუტანტი და რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე იყო, რომლებსაც აქამდე ორი ან სამი კეპი ჰქონდათ მოხვეჭილი. ალბათ, ამიტომ იყო შიში იმისა, რომ ბელგიის ნაკრებთან შარშანწინდელი დაპირისპირების პერიპეტიები არ გამეორებულიყო. მაშინ, ასევე გასვლით შეხვედრაში, გათამაშების დებიუტანტებს გაჭირვებით მოვუგეთ.
გერმანელებთან მატჩის დასაწყისი თითქოს რაღაც მსგავს გვიქადდა, თუმცა თამაშის მე-10 წუთიდან მოყოლებული, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მეორე წუთზე მათი პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. გერმანელთა მგეზავმა ჯერემი ტეჰუიამ 35 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და გაიტანა - 0:3. მეტოქის კადნიერებაზე პასუხის გაცემა ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 10 წუთის შემდეგ შეძლო. გერმანელთა გარემარბი მარკ შტინდერა არბიტრმა სინბინში გაუშვა, რითაც შესანიშნავად ისარგებლა ჩვენმა გუნდმა და კაცნაკლულ მასპინძლებს ორი ლელო გაუტანა.
მე-12 წუთზე გერმანელებმა მარჯვენა ფრთაზე "ბორჯღალოსნების" მოლის შეჩერება ვერაფრით შეძლეს. ბურთი ლელოში შერკინების კვაჭმა ზურაბ ჟვანიამ დაამიწა, რომელმაც კიდევ ორი ლელო გაიტანა და ჰეთ თრიკი შეასრულა.
ოთხი წუთის შემდეგ მასპინძლებმა საპირისპირო ფრთაზე, ლელოდან ხუთ მეტრში დანიშნულ შერკინებაში ვერაფერი მოუხერხეს ჩვენების მიძალებას და მხოლოდ თამაშის წესის დარღვევა დარჩათ მშველელად. არბიტრმა კი საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში გარდასახვა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ დაარტყა და გაიტანა - 14:3.
მეტოქე თითქოს უნდა გატეხილიყო, თუმცა 28-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" დაცვაში დასანანი შეცდომა დაუშვეს და ფულბეკ შტეფან ლიბიგს ლელოს გატანის საშუალება მისცეს. ტეჰუიამ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 8:14.
გარდამტეხი პირველი ტაიმის ბოლო ექვსი წუთი აღმოჩნდა, რომლის განმავლობაშიც "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო გაიტანეს. აქედან ხმალაძემ ერთი გარდასახა. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეხუთე ლელო ჩვენმა გუნდმა, მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაწყებული, ხელდახელ ბურთაობით გაიტანა. ორი ლელო ჟვანიას ანგარიშზეა, ერთიც გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ მიითვალა. 31:8 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ უპირატესობას მთლიანად საქართველოს ნაკრები დაეუფლა. გერმანელების მიერ პირველი ტაიმის დასაწყისში ნაჩვენები ორგანიზებული თამაში სადღაც გაქრა. მეტოქეს საკუთარი მონაგრის გაზრდის შანსი აღარ ჰქონია.
"ვიცოდით, რომ იოლი თამაში არ გვექნებოდა. ასევე, იოლად ვუშვებდით შეცდომებს, რომლებსაც ქართველები შესანიშნავად იყენებდნენ.
გვინდა ჩვენი თამაში მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესოთ. ამ შეხვედრაში დიდი ანგარიშით მარცხი ერთგვარი სტიმულია, რათა მომდევნო მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშოთ", - თქვა ნამატჩევს გერმანელთა სამხრეთაფრიკელმა თავკაცმა კობუს პოთხიტერმა.
მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა", რომლებსაც ტრიბუნებიდან ავსტრიიდან და გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ქართველი ქომაგები უჭერდნენ მხარს, მასპინძლებს კიდევ ხუთი ლელო გაუტანეს.
62-ე წუთზე ეროვნულ ნაკრებში პირველი ლელო მიითვალა დებიუტანტმა ალექსანდრე ხუციშვილმა. ფრთაზე ურიგოდ არ გარჯილა და დუბლი გაახერხა კიდევ ერთმა გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ. დებიუტანტის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.
მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს თბილისში, მომავალ უქმეებზე აქვს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც შინ დიდი ანგარიშით წააგო რუმინეთის ეროვნულ გუნდთან - 10:37.
"მუხის ფოთლების" ამ გამარჯვებაში უჩვეულო არაფერია. აი, რუსეთის ნაკრებმა კი გაგვაკვირვა. ახალი მწვრთნელის, ალექსანდრ პერვუხინის ხელმძღვანელობით, "დათვებმა" სტუმრად წააგეს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან - 20:43.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
გერმანია-საქართველო 8:64
გერმანია (15-9): ლიბიგი, ფან დერ მერვე, ფონგრუმბკოვი, ბუკმანი (სოტერასი 58), შტინდერა, ტეჰუია (მატიურენი 79), მენცელი (არმსთრონგი 51). (1-8) ფიუხზელი (ჰაუელსი 25), ტიუმენევი (გარნერი 51), შოსერი (ბენდერი 79), პოპმაიერი (დუვე 79), მეი, ჰიტელი (ბერნერი 57), პია, კესენი.
ლ: ლიბიგი. ა: ტეჰუია.
სინბინი: შტინდერა.
საქართველო (15-9): აფციაური, თოდუა, კაჭარავა, შარიქაძე (მჭედლიძე 57), ხუციშვილი, ხმალაძე (მალაღურაძე 57), ლობჟანიძე (ბეგაძე 63). (1-8) ნარიაშვილი (ჩილაჩავა 49), ჟვანია (მამუკაშვილი 49), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 49), მაისურაძე (მიქაუტაძე 17), ნემსაძე, თხილაიშვილი (ბასილაია 66), სუთიაშვილი, ბიწაძე.
10ლ: ჟვანია (3), თოდუა (2), საჯარიმო (2), ხმალაძე, ნემსაძე, ხუციშვილი. 7გ: ხმალაძე (4), მალაღურაძე (3).
მსაჯი: ლორან კარდონა (საფრანგეთი).
პორტუგალია-რუმინეთი 10:37
პორტუგალია: ლ - კოშტა. ს,გ - ბეტანკური.
რუმინეთი: 4ლ - დესკალუ, მაკოვეი, ბოტეზატუ, აპოსტოლი. 4გ,3ს - კალაფეტეანუ.
ესპანეთი-რუსეთი 43:20
ესპანეთი: 7ლ - მარტინი (2), ნავა, ვილანოვა, რეკუერდა, ერედია, პოჯი. 4გ: სნი.
რუსეთი: 2ლ - ოსტრიკოვი, გალინოვსკი. 2ს,2გ - კუშნარიოვი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +56 5
2. რუმინეთი 1 1 0 0 +27 5
3. ესპანეთი 1 1 0 0 +23 5
4. რუსეთი 1 0 0 1 -23 0
5. პორტუგალია 1 0 0 1 -27 0
6. გერმანია 1 0 0 1 -56 0
II ტური
საქართველო-პორტუგალია, გერმანია-რუსეთი, რუმინეთი-ესპანეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"