ნამიბიის გუნდი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში, "ქარის თასზე" თამაშობდა. ყველაზე დიდი მიღწევა ამ გუნდის მიერ 1989 წელს დაკავებული მესამე ადგილი იყო. მომდევნო წელიწადს კი ნამიბიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და იმავდროულად, რაგბის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა.
ნამიბიელებს დრო არ ეყოთ, რათა 1991 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება მოეპოვებინათ. თუმცა, მათ
პირველად ნამიბიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რაგბის კოჰორტაში 1999 წელს მოხვდა. თუმცა, მსოფლიოს თასის ამ გათამაშებაში მათ მონაწილეობას დიდი კითხვის ნიშანი ესვა. ნამიბიელებს ბრალს რასიზმში სდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მათ მაინც მისცეს ასპარეზობის უფლება.
მომდევნო, 2003 წლის მსოფლიოს თასზე ნამიბიის ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო ავსტრალიის ნაკრებთან - 0:142. ამ შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს რაგბის წრეებში მსოფლიოს თასზე გუნდების შემცირების თაობაზე დაიწყო საუბარი. ის 2007 წელს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ შეწყდა. მაშინ "ბორჯღალოსნებმა" "სამყურებს" ლამის სირცხვილი აჭამეს.
ნამიბიის ნაკრებმა ბოლო ორ მსოფლიოს თასის გათამაშებაშიც იასპარეზა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა. ის ერთადერთი გუნდია 2015 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილეთა შორის, რომელსაც ამ უდიდეს სარაგბო ფორუმზე არასდროს მოუგია.
აფრიკელთა გუნდმა ახლახან რუმინეთში ბუქარესტის თასზე ითამაშა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი დენი ვერმულენი გადადგა. მის ნაცვლად კი "კარდიფ ბლუზის" ყოფილი თავკაცი ფილ დევისი დაინიშნა.
ცხადია, ასეთი გადაწყვეტილება ზედ მსოფლიოს თასის გათამაშების წინ ცოტა უცნაურია. თუმცა, როგორც ჩანს, ნამიბიის რაგბის კავშირს თავისი არგუმენტი გააჩნია.
"გვინდა, მადლობა გადავუხადოთ დენი ვერმულენს ნაკრების სათავეში ყოფნისას გაწეული სამსახურის გამო. მას განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. თუმცა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება მაინც შევძელით.
ცხადია, მოთამაშეებს გული დასწყდათ მისი თანამდებობიდან წასვლის გამო. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ფილ დევისი ნაკრების ტექნიკურ კონსულტანტად ჯერ კიდევ შარშან დავნიშნეთ და ახლა ის მთავარი მწვრთნელის როლს მოირგებს.
ფილი და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენი წევრები გუნდთან ერთად იყვნენ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან და დარწმუნებულნი ვართ, შეძლებენ გუნდის სათანადოდ მომზადებას მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის", - თქვა ნამიბიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბრედლი ბესონმა.
"ბორჯღალოსნების" მეტოქე, ამ ცვლილების მიუხედავად, ტურნირისთვის სერიოზულად ემზადება და მიზანი ერთი აქვს - დაამარცხოს საქართველოს ნაკრები. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ნამიბიას 2007 წელს ვეთამაშეთ და მშრალი ანგარიშით, 30:0 დავამარცხეთ. სულ კი ამ გუნდთან "ბორჯღალოსნებს" ოთხჯერ უთამაშიათ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, 2010 წელს ბუქარესტის ტურნირზე.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ყველაზე პოპულარული და ძლიერი მესამეხაზელი ჟაკ ბურხერია.
ნამიბიელები ორ საწვრთნელ მატჩს რუსეთის ნაკრებთან 11 და 18 ივლისს გამართავენ. ინგლისში კი საქართველოს ნაკრები "არწივებს" ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, 7 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნამიბიის ნაკრები C ჯგუფში აუტსაიდერია და ნაკლებად სავარაუდოა, მან ვინმეს ქულები დააკარგვინოს. მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, "არწივებთან" ყველა პრემიალური ქულის აღებას, ანუ ოთხი და მეტი ლელოთი მოგებას გეგმავს.
ნამიბია
შერკინება: იოანეს კუცია, ეი ჯი დე კლერკი, შონ დუ პრი, იაკო ენგელსი, რაულ ლარსონი, ჯონი რედელინგჰაუსი, კასპერ ვივიერსი, რატონი ბეკერი, შონ ესტერჰაუზენი, კალი სვენეპოლი, ლუის ფან დე ვესტჰოიზენი, ტორსტენ ფან იაარსველდი, დი ჯი ვაისი, მორნი ბლომი, ულრიხ ენგელსი, ნიკო ესტერჰოიზი, ტიუე უანივი, ზან ბოთა, რენალდო ბოსმა, ჟაკ ბურხერი, ვიან კონრადი, ლენევე დამანსი, ტინუს დუ პლესი, ტომოსუა ფორბსი, როან კიტშოფი, როდერიკ ვიკტორი, კრისტო ფან დერ მერვე, პი ჯი ვან ლილი, იანკო ვენტერი.
უკანა ხაზი: არტურ ბოუერი, ენეილ ბუიტენდაგი, ეუგენ იანტისი, დამიან სტევენსი, ეთან ბუკსი, ტეუნს კუცია, შონ კალზემი, დანიელ არიესი, დერილ დე ლა ჰარპი, მჯონ დეიზელი, ჯეი ჯი გრელინგი, ჰაინრიხ სმიტი, დენი ფან ვიკი, ტუნა ამუტენია, დენი დემსი, კონრად მარიასი, დევიდ ფილანდერი, რასელ ფან ვიკი, კრაისანდერ ბოთა, დივან როსუ, ჯონ ტრომპი.
ნამიბია მსოფლიოს თასებზე
1999 წელი
ნამიბია-ფიჯი 18:67
ნამიბია-საფრანგეთი 13:47
ნამიბია-კანადა 11:72
2003 წელი
ნამიბია-არგენტინა 14:67
ნამიბია-ირლანდია 7:64
ნამიბია-ავსტრალია 0:142
ნამიბია-რუმინეთი 7:37
2007 წელი
ნამიბია-არგენტინა 3:63
ნამიბია-საფრანგეთი 10:87
ნამიბია-საქართველო 0:30
ნამიბია-ირლანდია 17:32
2011 წელი
ნამიბია-ფიჯი 25:49
ნამიბია-სამოა 12:49
ნამიბია-სამხრეთი აფრიკა 0:87
ნამიბია-უელსი 7:81
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: ჩვენი თანამგზავრნი
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: უძლეველი "ოლ ბლექსი"