ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში

AutoSharing Option
ფოტოზე: რიჩი მაკქოუ და ლაშა ლომიძე
საქართველოს ნაკრების გამოსვლა ინგლისსა და უელსში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში კიდევ დიდხანს იქნება ქართული მედიის ყურადღების საგანი. ჩვენმა მორაგბეებმა ამ ტურნირზე დასახულ მიზანს მიაღწიეს და ახლა მომავალ ბატალიებამდე სანაკრებო მატჩებისგან თავისუფალნი არიან.

"ბორჯღალოსნების" უმრავლესობა საფრანგეთში ასპარეზობს და მორაგბეთა დიდმა ნაწილმა ინგლისიდან სწორედ ამ ქვეყანას მიაშურა.

ფრანგულ "ბეზიეში" თამაშობს ჩვენი ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძე, რომელმაც ჯერ სამშობლოში ჩამოსვლა არჩია და დღეს ჩვენი სტუმარია.

- მიზანი, რაც ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე გვქონდა დასახული, შევასრულეთ. მოვიგეთ ორი
თამაში და მომდევნო მსოფლიოს თასზე კვალიფიკაციის გარეშე თამაშის უფლება მივიღეთ. ახლა უნდა ვეცადოთ, თამაშის ხარისხი, როგორც შერკინებაში, ისე უკანა ხაზში გავაუმჯობესოთ და იაპონიაში კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

ნაკრებმა განვითარება იმავე გზით უნდა გააგრძელოს. თუმცა, ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ იაპონიაში უკეთესი შედეგის ჩვენება ძალიან ძნელი იქნება.

- მსოფლიოს თასზე ორ მატჩში ითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან და ნამიბიასთან. როგორ გაიხსენებთ ამ შეხვედრებს? განსაკუთრებით საინტერესო "ოლ ბლექსთან" თამაშში თქვენი ემოციების აღწერა იქნება...
- გუნდის შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე გამოცხადდა. ამის შემდეგ, თამაშის გარდა, არაფერზე ვფიქრობდი. მოუთმენლად ველოდი დღეს, როცა ჰაკაზე დავდგებოდი და მსოფლიოს რაგბის ლეგენდების წინააღმდეგ ვითამაშებდი. თან ახალზელანდიელებმა ძირითადი შემადგენლობა გამოგვიყვანეს, რაც ჩვენთვის დიდი პატივი იყო.

ნამიბიასთან სათამაშოდ ისე გავედი, რომ საერთოდ არ ვნერვიულობდი. როცა ახალ ზელანდიასთან ხარ ნათამაშები, ნამიბიასთან საერთოდ აღარ ნერვიულობ.

ერთადერთი ცუდი ნამიბიასთან მატჩის ბოლო ათი წუთის დაძაბულობა იყო, რაც ჩემ მიერ ფეხით ბურთის მეტოქის მოედანზე გადატანის მცდელობას მოჰყვა. ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში.

- ვინ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მიმდინარე მსოფლიოს თასზე?
- ცხადია, მამუკა გორგოძემ. ბავშვობიდან ვადევნებ მის თამაშს თვალს და ვოცნებობდი, მასთან ერთად მეთამაშა. ეს ოცნება ახალ ზელანდიასთან მატჩში ამიხდა. მის გარდა, კიდევ სერჯო პარისეს ვცემ უდიდეს პატივს. ვფიქრობ, კირან რიდთან ერთად ის საუკეთესო რვა ნომერია.

- როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ამ მსოფლიოს თასის გათამაშებას?
- ვფიქრობ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები მოიგებს. არიან გუნდები, რომლებიც ან უკლებენ, ან უმატებენ თამაშის ხარისხს. "ოლ ბლექსს" მსგავსი არაფერი ემართება. ის სტაბილურად ძლიერად თამაშობს და ვფიქრობ, ვებ ელისის თასის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული