ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები

AutoSharing Option
ფოტოზე: გაგი ბაზაძემ კარიერა დაასრულა
საფრანგეთის სარაგბო ელიტურ დივიზიონებში სატრანსფერო სეზონი დასრულდა. ქართველ მორაგბეთა ნაწილმა ახალ გუნდებს მიაშურა, ნაწილმა კი კონტრაქტები გაახანგრძლივა, ზოგსაც ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება აქვს.

დავიწყოთ იმ მორაგბეებით, რომლებმაც კლუბებთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

საფრანგეთის ამჟამინდელი ჩემპიონი დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონია". ქართველმა შერკინების ბურჯმა, რომელიც "ვულკანების" კლუბის სახედ იქცა, გუნდთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა. კოლელიშვილს კი ახალი კონტრაქტით "კლერმონში" თამაშის ვადა 2019 წელს ეწურება. ამ გუნდის ესპუართა გუნდში დარჩა უკვე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე.

როგორც ჩანს, "მონპელიე" საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯს, მიხეილ ნარიაშვილს არასდროს შეელევა, რადგან ამ კლუბმა ჩვენებურს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა. ანუ ჩვენებური "მონპელიეს" პირველ ხაზს კიდევ ხუთი წელიწადი გაამაგრებს. ამავე გუნდში ჩაირიცხა ახალგაზრდული ნაკრების ცხრა ნომერი გელა აფრასიძე, რომლის კონტრაქტიც სამწლიანია.

2019 წლამდე ითამაშებს ელიტური, პირველი დივიზიონის "ბრივში" პირველხაზელი სოსო ბეკოშვილი.

ახალი, სამწლიანი კონტრაქტები გააფორმეს ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკთან" საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და შერკინების ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა. ეს გუნდი დატოვა ორმა ქართველმა: ლევან დათუნაშვილმა და გიორგი შარაშიძემ. თუმცა, სად განაგრძობენ ისინი კარიერას, ჯერ უცნობია.

ელიტურ, პირველ დივიზიონში დაბრუნდა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი". ორივე ჩვენებურმა ახალი კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. ამავე გუნდში უნდა ეთამაშა შერკინების ბურჯ გაგი ბაზაძეს, მაგრამ ის გუნდის ბაზაზე არ გამოცხადდა. გაირკვა, რომ ქართველმა ახალწვეულმა კლუბთან ახალდადებული კონტრაქტი გაწყვიტა, სარაგბო კარიერა დაასრულა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა.

ელიტურ, მეორე დივიზიონში დამკვიდრდა შალვა სუთიაშვილის "ანგულემი". საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა და კლუბის ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივა.

კარიერა დაასრულა შერკინების ბურჯმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა პირველხაზელმა დავით ხინჩაგიშვილმა. მან გასული სეზონი ბასკურ "ბაიონში" გაატარა.

ახლა ტრანსფერებზეც ვთქვათ. საფრანგეთი, კერძოდ კი, ლანგედიკური "ბეზიე" დატოვა და "ლონდონ აირიშში" ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძე.

"ტულუზიდან" პარიზულ "რასინგში" გადაბარგდა შერკინების ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი. ტრავმების გამო ბევრი გაუცდა კიდევ ერთ ქართველ პირველხაზელ ზაზა ნავროზაშვილს, რომელმაც "ლიონი" დატოვა და კარიერას "ალბიში" განაგრძობს. აქამდე ამ კლუბში შერკინების ბურჯი ბექა შეყლაშვილი თამაშობდა, რომელიც მომავალი სეზონიდან "კოლომიეს" ღირსებას დაიცავს.

ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "შამბერი" ორმა ქართველმა დატოვა. პირველხაზელი ბექა გიგაშვილი "გრენობლში" გადავიდა, რომელსაც ელიტურ, პირველ დივიზიონში ხელი მოეცარა და ახალი სეზონიდან მეორე დივიზიონში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ კი ასევე მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ნარბონთან" გააფორმა ხელშეკრულება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სუთიაშვილის კარგი სეზონის შემდეგ გასაკვირია რომ ნაკრებში აღარ უხმობენ-
ბექა ბიწაძე კი ძალიან კარგი მორაგბეა და სამწუხაროა რომ ფედერალ 2- ს ვერ გაცდა- და გასაკვირიცაა ...
gulshematkivari
13:53 05-07-2017
0
და ვასკა?..
ბესო
13:22 05-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული