ლაშა ლომიძე: ინგლისში სირთულეები მელის, თუმცა გამოწვევისთვის მზად ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ ორიოდ თვის წინათ ხელშეკრულება ინგლისურ "ლონდონ აირიშთან" გააფორმა. ეს გუნდი გასულ სეზონში ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და ისევ უძლიერესთა მარაქას დაუბრუნდა.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველ მორაგბესთან ბლიც-ინტერვიუ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ რაგბი ინგლისში, უმაღლეს დონეზე მეთამაშა და მოხარული ვარ, კარიერის "ლონდონ აირიშში" გაგრძელების შესაძლებლობა რომ მომეცა. ჩემთვის კარგადაა ცნობილი ამ კლუბის ისტორია და ტრადიცია.

ინგლისში მარტო მივდივარ და ეს სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, როგორც მოედანზე, ასევე
მის მიღმა. თუმცა, ამ გამოწვევისთვის მზად ვარ და მიმაჩნია, რომ კარიერის ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯი გადავდგი.

ვიცი, რომ რთული მოსამზადებელი პერიოდი მელის. ვგრძნობ, რომ შემიძლია გუნდის შერკინებას მეტი ძალა და აგრესია შევმატო. შთამბეჭდავია იმ მორაგბეთა რაოდენობა, რომლებიც კლუბმა მომავალი სეზონისთვის დაიმატა. თითოეული ადგილისთვის უდიდესი კონკურენცია იქნება და ეს გუნდისთვის ძალიან კარგია" - თქვა ლაშა ლომიძემ.

ამჯერად უკვე "ლონდონ აირიშის" მესამეხაზელი თბილისის "აკადემიის" აღზრდილია. თუმცა, მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატში, ფაქტობრივად, არ უთამაშია. ლაშა ლომიძე 2012-14 წლებში ფრანგული ელიტური დივიზიონის "მონპელიეში" ირიცხებოდა, 2017 წლის გაზაფხულამდე კი ელიტური, მეორე დივიზიონის "ბეზიეში" თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი დროზე ადრე გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ლომიძე ერთადერთი ქართველია, რომელიც მომავალ სეზონში ინგლისის "ავივა პრემიერშიპში" იასპარეზებს. "ვორსტერის" შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ გუნდი დატოვა, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი" კი ქვედა დივიზიონში გადაბარგდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლაშს და ყველა ქართველს... ლაშა ჭკვიანი ბიჭია, დიდ მომავალს ვუსურვებ ქვეყნის სასახელოდ
გია-11
16:59 05-07-2017
0

სიახლეები პოპულარული