რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონმა" მოიპოვა.

დარჩენილი ერთი საგზურისთვის ოთხმა გუნდმა უნდა იბრძოლოს. ამათგან ერთი უკვე ცნობილია. ეს ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონია".

პლეი ოფის დარჩენილი სამი ადგილისთვის კი ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის. აქედან ოთხი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "მონ დე მარსანი", "ორიაკი", "ბეზიე" და "პერპინიანი".

"ლიონმა" ბოლოსწინა ტურში სტუმრად ითამაშა "ნარბონთან" და მინიმალური სხვაობით, 20:21 წააგო. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად ითამაშა ქართველმა
პირველხაზელმა ზაზა ნავროზაშვილმა. ის თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო. იმავდროულად გამოჩნდა მოედანზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჯავახია.

ლიდერებში დაბრუნდა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი", რომელმაც შინ უშუალო კონკურენტი, ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკი" დაამარცხა - 36:18.

შარიქაძემ სრულად ითამაშა და 52-ე წუთზე ლელო გაიტანა, დათუნაშვილი 47-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილმა შვიდი წუთით მეტი ითამაშა, გორგაძე განაცხადში არ იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მარსანელები ახლა "ორიაკს" ერთი ქულით უსწრებენ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. მეორე ადგილი კი ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონს" უკავია, რომელმაც სტუმრად წააგო ლაშა ლომიძის "ბეზიესთან" - 12:36.

ლანგედოკელებმა ამ გამარჯვებით პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ლომიძეს არ უთამაშია.

"ბეზიეს" კონკურენტია დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი, გიორგი ზაქაშვილის "ექსი" - 31:17. ბასილაიამ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 22-ე წუთზე ლელო გაიტანა, მოგვიანებით კი, 56-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს; ზაქაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მჭედლიშვილი მოედანზე 12 წუთის შემდეგ გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პერპინიანს", ისევე, როგორც "ბეზიეს", 73 ქულა აქვს და ბოლო ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "დაქსთან" მატჩში საპრემიო ქულით გამარჯვება სჭირდება. სტუმრად, "მონტობანთან" თამაშობს "ბეზიეც".

უკეთესი მდგომარეობა აქვს "ორიაკს", რომელიც შინ ეთამაშება უმოტივაციო "ბიარიცს". ასევე უმოტივაციოდაა დარჩენილი "ბაიონიც", რომელიც შინ მიიღებს "მონ დე მარსანს", რომელსაც პლეი ოფში მოსახვედრად ერთი ქულაც ჰყოფნის.

Pro D2. XXIX ტური
ბეზიე-ბაიონი 36:12
პერპინიანი-ექსი 31:17
ალბი-კარკასონი 37:15
ბიარიცი-მონტობანი 38:23
კოლომიე-ბურგუენი 42:0
ნარბონი-ლიონი 21:20
ტარბი-დაქსი 15:6
მარსანი-ორიაკი 36:18

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 29 24 0 5 +461 112(16)
2. ბაიონი 29 18 1 10 +52 82(8)
3. მარსანი 29 17 1 11 +50 78(8)
4. ორიაკი 29 17 0 12 +103 77(9)
5. კოლომიე 29 15 3 11 +32 74(8)
6. ბეზიე 29 16 1 12 +74 73(7)
7. პერპინიანი 29 15 1 13 +74 73(11)
8. ბიარიცი 29 14 0 15 +26 64(8)
9. ალბი 29 13 2 14 -35 62(5)
10. ნარბონი 29 13 0 16 -50 59(7)
11. მონტობანი 29 12 0 17 -45 58(10)
12. ბურგუენი 29 11 0 18 -78 57(13)
13. ტარბი 29 13 0 16 -56 53(9)
14. კარკასონი 29 11 0 18 -250 49(5)
15. დაქსი 29 9 1 19 -188 44(6)
16. ექსი 29 9 0 20 -168 42(6)

* * *
ფედერალ 1 დივიზიონში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რომლის შედეგადაც ელიტურ, მეორე დივიზიონში დაწინაურებულთა ვინაობა გაირკვა.

შალვა სუთიაშვილის, საბა ქართველიშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემმა" ორი მატჩის ჯამში "ბურგ ან ბრესი" დაამარცხა და მომავალი სეზონიდან მეორე დივიზიონში ითამაშებს.

ჩვენებურთა გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად გამართა და 22:17 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში სუთიაშვილმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. საპასუხო შეხვედრაც ანგულემელთა გამარჯვებით დასრულდა - 22:19.

სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. ქართველიშვილსა და თავბერიძეს ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სამწუხაროდ, არ გაუმართლა დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასის", რომლის მწვრთნელიც ასევე ჩვენი თანამემამულე ვიქტორ დიდებულიძეა. პარიზელებმა "ვანთან" პირველი მატჩი მინიმალური სხვაობით წააგეს - 31:32. ცხადია, განმეორებით შეხვედრაში გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ აქაც დამარცხდნენ - 13:25.

აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 34-ე წუთზე ახობაძემ შეცვალა. დადუნაშვილმა მოედანი 49-ე წუთზე დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული