"ბორჯღალოსნების" მეტოქეები რეპეტიციას გადიან

AutoSharing Option
ივნისის ტესტებში მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველი ოცეული თითქმის მთლიანადაა ჩართული.

"თბილისის თასის" გათამაშების პარალელურად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში IRB-ის ერთა თასის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რუმინეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდები ასპარეზობენ.

IRB-ის ერთა თასის პირველ ტურში ერთმანეთს სწორედ "ბორჯღალოსნების" კონკურენტები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა რუმინელმა მორაგბეებმა 30:20 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. მიუხედავად ამისა, თამაში მაინც საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა.

მატჩის დასაწყისში რუსების უპირატესობა აღინიშნა. სტუმრებმა საწყის 15 წუთში მეტოქეს ორი ლელო
გაუტანეს, საპასუხოდ ერთი საჯარიმო მიიღეს და 11 ქულით დაწინაურდნენ.

რუმინელებმა მარცხის საფრთხე იგრძნეს და მაქსიმალურად მობილიზებულად ამოქმედდნენ, იმდენად, რომ სულ რაღაც ათ წუთში ანგარიშში დაწინაურებაც შეძლეს - 17:14. თუმცა პირველი ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა - 17:17.

შესვენების შემდეგ რუსებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს, "მუხის ფოთლებმა" კი მონაგარი ოცდაათამდე გაზარდეს და დამსახურებული, თუმცა საკმაოდ ძნელი გამარჯვება მიითვალეს.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ორივე გუნდის დამრტყმელები, ფლორინ ვლაიკუ და ალექსანდრ კუშნარიოვი იყვნენ, რომლებმაც თანაბარი, 15-15 ქულა დააგროვეს. ფულბეკად მოთამაშე კუშნარიოვმა ერთი ლელო, ორი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა; შუამარბმა ვლაიკუმ კი, სამი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა მიითვალა.

ლინ ჰოულისი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის პირველივე მატჩი მოვიგეთ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მეორე დონის ქვეყნის ნაკრებთან თამაშში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან კარგია".

კინგსლი ჯოუნზი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მატჩმა გვიჩვენა, რომ ორივე გუნდი შეუთამაშებელი იყო. ჩვენ ორი ძალიან იოლი ლელო გავიტანეთ, თუმცა შეცდომებიც საკმაოდ დავუშვით. რუმინელებს კიდევ შეეძლოთ ერთი-ორი ლელოს გატანა. ერთი სიტყვით, თამაშის ორგანიზებაში მოვიკოჭლეთ. თუმცა კარგია, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე გამოვცადეთ".

მეორე მატჩში იტალიის A ნაკრებმა მოულოდნელად იოლად სძლია არგენტინის A ნაკრებს - 26:6.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში რუმინელები მეორე ადგილზე არიან, რუსები მათ კვალში უდგანან. ლიდერი კი აქ საქართველოს ნაკრებია.

IRB-ის ერთა თასი
რუმინეთი-რუსეთი 30:20
რუმინეთი (15-9) ფერკუ, დიმიტრუ, გალი, ვლაიკუ, მატეი, დიმოფტე, კალაფეტეანუ. (1-8) პრისტავიტა (პუნეა 71), რადოი (კაპატანა 79), იონი, პოპარლანი, სირბე (ლაზარი 73), ლუკაჩი, მაკოვეი, კარპო (ნისტორი 60).
3ლ: ფერკუ, მატეი, მაკოვეი. 3ს,3გ: ვლაიკუ.
რუსეთი (15-9) კუშნარიოვი, ოტროკოვი, რეჩნევი, მაკოვეცკი, კურაშოვი (კოტოვი 69), სუგრუბოვი, შერბანი. (1-8) ვოლკოვი (პოლივალოვი 61), ვ,ცნობილაძე (მატვეევი 64), პრონენკო (ზიკოვი 51), ოსმინკო (ხუდიაკოვი 71), ანტონოვი (გარბუზოვი 68), ბუტენკო, ტემნოვი, ფატახოვი.
2ლ: კურაშოვი, კუშნარიოვი. 2ს,2გ: კუშნარიოვი.

არგენტინა A-იტალია A 6:26

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიდერი კი აქ საქართველოა!!! IRB აგვანაცვლე პირველ დონეზე, როდემდე უნდა ვიხარშოთ 20-30 წლის წინანდელ რაგბში, მოგვეცით წინსვლის საშუალება და სულ მალე დაგანახებთ ქართველებს რა შეგვიძლია!!! მოგმეცით ზე-რაგბის საშვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!
mefe333
13:40 10-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული