საუკეთესო ფულბეკები რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
ფულბეკის (#15) მიერ მიღებული სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება უმთავრეს როლს თამაშობს მატჩის საბოლოო ანგარიშზე.

ამ პოზიციის მოთამაშე დაცვაში გუნდის უკანასკნელი დასაყრდენი ბასტიონია და მას არ აქვს უფლება ბოჭვის გაფუჭების, წინააღმდეგ შემთხვევაში ლელო გარდაუვალია.

ის პოზიციურად შეუცდომლად უნდა ასპარეზობდეს და დროულად გადაადგილდეს მოედნის იმ მონაკვეთზე, სადაც მეტოქე ბურთს ფეხით გადაკიდებს. შესაბამისად, უნდა შეეძლოს მაღალ დაკიდებულ ბურთებზე თამაში და რთულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტირება.

შეტევაში გარჯისას ფულბეკი მოულოდნელად ერთვება ხოლმე უკანახაზელთა მიერ გათამაშებულ კომბინაციებში და თავისი უეცარი გამოჩენით რიცხობრივ უპირატესობას ქმნის თანაგუნდელთათვის. ამ
პოზიციაზე მოასპარეზე მორაგბე უნდა გამოირჩეოდეს ათლეტური აღნაგობით, სისწრაფით, ფეხით კარგად თამაშით, გააჩნდეს მაღალი სარაგბო ინტელექტი, ლიდერის თვისებები და პასის გაცემის მაღალი კულტურა.

ასევე იხილეთ: საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

მსოფლიო რაგბის ისტორიას არაერთი ლეგენდარული #15 შემორჩა, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს გულშემატკივართა გონსა თუ გონებაზე, თუმცა შევეცდებით მათ შორის საუკეთესონი გამოვარჩიოთ.

სერჟ ბლანკო (საფრანგეთი)
საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო მორაგბე სერჟ ბლანკო ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დაიბადა 1958 წლის 31 აგვისტოს. დედით ბასკი და მამით ვენესუელელი სერჟი ოთხ წლამდე სამხრეთ ამერიკაში იზრდებოდა, რის შემდეგაც მისი ოჯახი საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გადასახლდა.

ასევე იხილეთ: საუკეთესო შუამარბები რაგბის ისტორიაში

1980 წელს ბლანკო საფრანგეთის ნაკრების რიგებში მიიწვიეს და 8 ნოემბერს დებიუტიც ჰქონდა სამხრეთ აფრიკის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ. სერჟი შეცვლაზე შევიდა, თუმცა ფრანგებმა ის შეხვედრა მაინც უშანსოდ წააგეს - 15:37.

მიუხედავად არცთუ დამაჯერებელი დებიუტისა, ბლანკომ ნელ-ნელა თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა ეროვნულ გუნდში და 1981 წელს 5 ერის გათამაშება დიდი სლემით მოაგებინა საფრანგეთს.

1987 წელს საფრანგეთი მსოფლიოს თასის პირველ გათამაშებაზე მიიწვიეს, რომელსაც ახალი ზელანდია მასპინძლობდა. თუმცა გაზაფხულზე ბლანკოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით ფრანგებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს დიდი სლემი ხუთ ერზე და მშვენიერი განწყობით გაემგზავრნენ სამხრეთ ნახევარსფეროსკენ.

მსოფლიოს თასზე ფრანგებმა მშვენივრად იასპარეზეს, დაუბრკოლებლად გაიარეს გზა ნახევარფინალამდე, სადაც მათ უკვე მრისხანე ავსტრალია ელოდათ, თუმცა ლეგენდარულმა ფულბეკმა გადამწყვეტი ლელო გაუტანა "ვოლაბებს" და ფინალის საგზური მოუპოვა საფრანგეთს, სადაც შემდეგ ისინი უშანსოდ დამარცხდნენ მასპინძელ ახალ ზელანდიასთან.

ასევე იხილეთ: საუკეთესო მგეზავები რაგბის ისტორიაში

1991 წლის მსოფლიოს თასზე "ლე ბლომ" მეოთხედფინალური დაპირისპირება დათმო ინგლისთან და სერჟ ბლანკომაც იმ მატჩში დაასრულა თავისი სახელოვანი 11-წლიანი სანაკრებო კარიერა. მის ანგარიშზე 97 კეპი და 233 ქულა.

საკლუბო დონეზე სერჟს გაცილებით უფრო მოკრძალებული შედეგები ქონდა. მან საკლუბო კარიერა ერთადერთ გუნდს, "ბიარიცს" მიუძღვნა, თუმცა მშობლიური კლუბი საფრანგეთის ჩემპიონი ვერ გახადა. 1992 წელს მათ დრამატული ფინალი წააგეს "ტულონთან".

მოგვიანებით სერჟ ბლანკო "ბიარიცის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ბასკური კლუბი ორჯერ მიიყვანა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულამდე 2002 და 2006 წლებში.

2011 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ სერჟ ბლანკო დიდების დარბაზში შეიყვანა.

კრის კალენი (ახალი ზელანდია)
ახალი ზელანდიის მდიდარ სარაგბო ისტორიაში კუთვნილი ადგილი უკავია ლეგენდარულ ფულბეკ კრის კალენს, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე 1996 წელს შემოიჭრა. მან "ოლ ბლექსის" რიგებში საწყის ორ მატჩში 7 ლელოს გატანა მოახერხა და რაგბის სამყარო აალაპარაკა.

ასევე იხილეთ: საუკეთესო ცხრა ნომრები რაგბის ისტორიაში

შესაძლოა, კალენი არასდროს ყოფილა საუკეთესო დამცველი, თუმცა შეტევაში მისი მრავალფეროვნება აბსოლუტურად ყველა ნაკლს ფარავდა. იგი ძალიან იოლად უმკლავდებოდა მეტოქეთა თავდაცვით ზღუდეებს და თავისი არასტანდარტული გადაწყვეტილებებით სახტად ტოვებდა როგორც თანაგუნდელებს, ასევე მოწინააღმდეგეებსაც.

მან ეროვნულ გუნდში 7 წელი დაჰყო (1996-2003) და ამ დროის განმავლობაში 58 მატჩში 47 ლელო გაიტანა, რაც დიდი ხნის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი დაგ ჰაულეტმა გააუმჯობესა. მსოფლიო რაგბის ისტორიაში კალენი ამჟამად მერვე ადგილს იკავებს სანაკრებო მატჩებში გატანილი ლელოების რაოდენობით.

საკლუბო დონეზე კრისმა თავდაპირველად ზე-12-ის ტურნირზე მოასპარეზე "ჰარიკენზში" იასპარეზა (1996-2003), მოგვიანებით კი ევროპაში წამოვიდა სათამაშოდ და სამი წელი ირლანდიური "მანსტერის" ღირსებას იცავდა, სადაც დაასრულა კიდეც სახელოვანი კარიერა.

ბესიკ ხამაშურიძე
ბესიკ ხამაშურიძე 1977 წლის 14 აგვისტოს ქუთაისში, მორაგბის ოჯახში დაიბადა. მისი მამა ბართლომე ხამაშურიძე იმ ლეგენდარული ქუთაისის "აიას" მორაგბე იყო, რომელსაც საბჭოეთის მიწურულს ქვეყანაში ბადალი არ ჰყავდა.

ასევე იხილეთ: საუკეთესო მღლეტავები რაგბის ისტორიაში

გასაკვირი არაა, რომ ბესოც, რომელსაც მამის მსგავსად, თიკუნად "ანტილოპა" შეარქვეს, ოვალური ბურთით დაინტერესდა და შესანიშნავი სარაგბო ცხოვრება განვლო.

უმცროსმა "ანტილოპამ" ეროვნულ ნაკრებში პირველად 21 წლის ასაკში, 1998 წელს ითამაშა და მას შემდეგ 59 კეპი მოიხვეჭა. მის ანგარიშზე 14 ლელოა (70 ქულა). ხამაშურიძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის ფულბეკის პოზიციაზე თითქმის შეუცვლელი იყო, მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა (2003 და 2007 წლებში).

ასევე იხილეთ: საუკეთესო მხტომელები მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

ყველა ლოგიკით, მას მესამე, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელთა მაშინდელი შტაბი ასე არ ფიქრობდა. აღსანიშნავია, რომ იმავე, 2011 წელს ხამაშურიძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ცხადია, ისევე როგორც მისი თაობის ნაკრების მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა, საკლუბო კარიერის აწყობა ბესიკ ხამაშურიძემაც საფრანგეთში სცადა. ჯერ ელიტური, მეორე დივიზიონის "ტულონში"
თამაშობდა, მერე იქიდან რუსეთში გადაბარგდა და კრასნოიარსკის "ენისეის" ღირსებას იცავდა.

ცოტა ხანში ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა და იქაური კარიერა "კანში" დაასრულა.

ასევე იხილეთ: საუკეთესო ბურჯები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

საფრანგეთიდან ხამაშურიძე მშობლიურ ქუთაისს 2010 წელს დაუბრუნდა და "აიას" მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქუთათურთა ტიტულოვანმა გუნდმა ქართულ რაგბიში წამყვანი პოზიციები დაიბრუნა.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოდიშით მარა სტატიის ასე დაწერას არ მივესალმები. თუ წერთ საუკეთესო ფულბეკებზე როგორ შეიძლება არ მოიხსენიო ჯიპიერ ვილიამსი ან მულიაინა და კიდევ რამდენიმე მსოფლიო ლეგენდა.ცოტა უფრო ინფორმატიული გახადეთ რა სტატიები რა მოხდება.
gkhabe
13:02 11-12-2013
0
ასევე იხილეთზე რამენჯერაც მივდივარ თქვენ სტატიებში, იმ ცამსვე ვამტავრებ მის კითხვას იმიტომ რომ აზრს მაცკვეტინებს კითხვის დროს და ძალიან არაკომფორტულია. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება ასევე იხილეთ სტატიის ბოლოს დაამატოთ. ვერცერთი ასეთ სტილში დაწერილი სტატია ბოლომდე ვერ წავიკითხე იმიტომ რომ კითხვის ინტერესი ქრება ამ ჩანართების გამო.
aseve ixilet
16:02 08-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული