შონ ფიცპატრიკი: "ოლ ბლექსი" მომავალ სეზონში შესაძლოა N2 ნაკრები გახდეს

AutoSharing Option
სარაგბო სპეციალისტების უმეტესობა თვლის, რომ 2014 წლის სეზონი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების უშეღავათო შერკინებაში ჩაივლის და ისინი ამჯერადაც დარჩებიან მსოფლიო რეიტინგის მოწინავე საფეხურებზე.

"მზად იყავით იმისთვის, რომ "ოლ ბლექსი" მომავალ სეზონში შესაძლოა მსოფლიოს N2 ნაკრები გახდეს" - ეს სენსაციური განცხადება ახალი ზელანდიის ლეგენდარულმა მორაგბემ, შონ ფიცპატრიკმა გააკეთა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ოლ ბლექსმა" 2013 წელს 14-ივე ოფიციალური შეხვედრა მოიგო და ტრიუმფით დაასრულა სეზონი.

სტივ ჰანსენი და ახალი ზელანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ყველანაირ
რესურსს გამოიყენებს, რათა კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე აიყვანოს საკუთარი გუნდის თამაში, თუმცა სამხრეთაფრიკელთა პროგრესი გაცილებით უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, რაც "ოლ ბლექსის" შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთაფრიკული რაგბი, ძირითადად, ძალისმიერ სათამაშო სტილზე იყო აგებული და ამან ორჯერ მსოფლიოს თასის მფლობელობამდე მიიყვანა (1995, 2007), თუმცა ამჟამად "სპრინგბოქსის" სათამაშო მანერა გარდამავალ პროცესშია და ცდილობენ, გაცილებით უფრო ინტელექტუალური რაგბი ითამაშონ.

ყველა სპეციალისტი ერთხმად თანხმდება, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა ძალები გათანაბრდება. ამიტომ უძნელესი გამოსაცნობი იქნება, ვინ აღმართავს "ვებ ელისის" თასს ლეგენდარულ "თვიქნემზე".

მიუხედავად სწრაფი პროგრესისა, მაინც არსებობს 5 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის გამოსწორება მართებს "სპრინგბოქსს", რათა მსოფლიოს რეიტინგს კვლავ სათავეში ჩაუდგეს.

1. დისციპლინა
როგორც ზემოთ ვახსენეთ, სამხრეთი აფრიკა ძალისმიერ რაგბის თამაშობს და აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, რომ მათმა მორაგბეებმა 2013 წელს გამართულ 12 შეხვედრაში 10 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს.

ისინი ყოველთვის სინბინის ზღვარზე ირჯებიან და რიგ შემთხვევებში, სპორტული "ეშმაკობა" არ ჰყოფნით, რათა თავი დაიძვრინონ რეფერის მკაცრი გადაწყვეტილებებისგან.

"სპრინგბოქსის" სათამაშო სტილში მეტი დისციპლინის დანერგვით ნაკრები გაექცევა ისეთ უსიამოვნო შემთხვევებს, როგორიც ბისმარკ დუ პლესის ეპიზოდი გახლდათ ახალზელანდიელებთან მატჩში, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა კონკრეტულად იმ შეხვედრაში.

2. გრძელი სათადარიგოთა სკამი
2013 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრების რამდენიმე ლიდერი ევროპასა და აზიაში გადაბარგდა სათამაშოდ, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა "სპრინგბოქსს", რადგან მათი სრულფასოვანი შეცვლა, პრაქტიკულად, ვერ მოხერხდა და ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაიცა ავანსები, რომელთაც ბევრი რამ აქვთ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი.

სტივ ჰანსენისგან განსხვავებით, ჰეინეკ მეიერს ნამდვილად არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა გამოიყვანოს. ძირითადი პრობლემები შეინიშნება ცხრა ნომრის, მარჯვენა ბურჯის, მხტომელის და მარცხენა მღლეტავის პოზიციებზე. სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეთა დამტვრევის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ღირსეული შემცვლელის მოძებნა შეუძლებელია.

3. ლიდერთა როტაცია
"ოლ ბლექსის" სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგად იყენებს როტაციის პრინციპს. ისინი ერთმანეთის მიყოლებით აძლევენ დასვენების საშუალებას ნაკრების ლიდერებს. თავდაპირველად რიჩი მაქოა ისვენებდა, შემდეგ უკვე დენ კარტერი, მაგრამ მიუხედავად მათი მოედანზე არყოფნისა, გუნდს მაინც ჰყავს ლიდერი - რიგ შემთხვევებში, კირან რიდი, კონრად სმიტი ანაც ისრაელ დაგი.

სამხრეთაფრიკელთა რიგებში კი ჯერჯერობით მსგავსი სიტუაცია მიუღწეველია. გავიხსენოთ ისევ ბისმარკ დუ პლესის ეპიზოდი, თუ როგორ იყო მასზე დამოკიდებული გუნდი, რა ხარისხის რაგბის თამაშობდა ამ პირველხაზელთან ერთად და რას - მისი გაძევების შემდეგ.

4. მეტოქის ტაქტიკური ანალიზი
2009 წელს "სპრინგბოქსმა" აშკარად დაჩაგრა პრინციპული მეტოქე. სამხრეთაფრიკელთა უპირატესობა აშკარა იყო აუტში და თამაშისას აგორებულ მოლებში. ისინი ასევე მშვენივრად იყენებდნენ მაღალ დაკიდებულ ბურთებს, რასაც დიდი უპირატესობა მოჰქონდა მათთვის.

ჩაგდებული სეზონის შემდეგ ახალზელანდიელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიწვიეს მწვრთნელთა კონსილიუმი, ერთად შეიმუშავეს ახალი სათამაშო ტაქტიკა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში უკვე წარმატება მოაქვს.

ამჯერად სამხრეთაფრიკელთა დროა, რათა მათ მოაწყონ კონსილიუმი და საერთო გადაწყვეტილებით მოუგონ მეტოქეს ტაქტიკური ბრძოლა - თავდაპირველად მოედანს მიღმა.

5. შიშის ფაქტორი
სარაგბო სპეციალისტთა ნაწილმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე დაიწყო საუბარი იმ თემაზე, რომ სამხრეთ აფრიკას "შიშის ფაქტორი" აწუხებს ახალ ზელანდიასთან. ჰეინკე მეიერის ხელმძღვანელობით, "სპრინგბოქსმა" "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ 4 მატჩი გამართა და მხოლოდ ერთ მათგანში იყო უშანსოდ (სუეტო, 2012).

დანარჩენ შემთხვევებში მათ, უბრალოდ, ბევრი შანსი ვერ გამოიყენეს მატჩის მოგებისა, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც. ახალზელანდიელთა უძლეველობაზე მითი 2012 წელს ინგლისელებმა დაანგრიეს, როდესაც ლონდონში მოუგეს მეტოქეს. შარშან მცირედი დააკლდათ წარმატებამდე საფრანგეთს და ირლანდიას.

ასე რომ, თუ სამხრეთ აფრიკას სურს, რომ 2015 წელს მსოფლიოს თასი აღმართოს, მაშინ მათ წლევანდელ სეზონშივე უნდა მოახერხონ "ოლ ბლექსის" შიშის ფაქტორის მოხსნა - თუნდაც ერთხელ მაინც სძლიონ მეტოქეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული