რაგბის მსოფლიოს თასი 2019: ლოგო, როგორც ერთიანობის სიმბოლო

AutoSharing Option
2015 წლის მსოფლიოს თასი დასასრულს მიუახლოვდა. ის ყველა პარამეტრით აქამდე გამართულთა შორის საუკეთესო გამოდგა. მომავალი მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმი კი ოთხი წლის შემდეგ იაპონიაში გაიმართება.

ამომავალი მზის ქვეყანაში გასამართავი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა ლონდონში მსოფლიოს თასის 2019 წლის გათამაშების ლოგოს პრეზენტაცია მოაწყო. დადგინდა შეჯიბრების გამართვის თარიღებიც. ტურნირი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 2 ნოემბერს დასრულდება.

იაპონელთა ლოგო საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს იაპონელი ხალხის, მზისა და დედამიწის ერთიანობის სიმბოლოა. მასზე ასახულია ამომავალი მზე და იაპონიის კიდევ ერთი სიმბოლო, მთა ფუძი.

"2015 წლის მსოფლიოს
თასი, საუკეთესო და ფინანსური მოგების თვალსაზრისით, რეკორდული გამოდგა. თუმცა ახლა დროა, წინ გავიხედოთ და იმაზე ვიზრუნოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ იაპონიაში არანაკლები შედეგი მივიღოთ.

იქ მართლაც უნიკალური შეჯიბრება გაიმართება, რომელიც თამაშის გლობალურობას გაუსვამს ხაზს მორაგბეებისთვის, მწვრთნელებისთვის, ოფიციალური პირებისა და მაყურებლებისთვის. მათ შანსი ეძლევათ, გახდნენ ფანტასტიკური სანახაობის მომსწრენი ახალ, შთამბეჭდავ ადგილზე.

იაპონიის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე. ამ გუნდმა თავის ბრწყინვალე თამაშით მთელ მსოფლიოში უამრავი ქომაგი გაიჩინა. ჩვენ გვინდა, რომ იაპონელებმა შეიყვარონ რაგბი.

დარწმუნებულნი ვართ, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ორგანიზებით, ისინი კიდევ ერთ, მშვენიერ ფურცელს ჩაწერენ რაგბის ისტორიაში", - თქვა "მსოფლიოს რაგბის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბრეტ გოსპერმა.

"ძალიან მოგვწონს 2019 წლის მსოფლიოს თასის ლოგო, რომელიც ერთიანობის სიმბოლოა, როგორც ტურნირის კონცეფცია. ამასთან ერთად, დადგინდა შეჯიბრების გამართვის თარიღები. მიგვაჩნია, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მის მსვლელობას და ბევრი რამ ჩვენთვის ახალი ვნახეთ და გავიგეთ.

მოუთმენლად ველით 2019 წლის დადგომას. გვინდა მთელი მსოფლიოს ყურადღება იმ დროისთვის იაპონიისკენ იყოს მიპყრობილი, რათა მსოფლიოს თასი რაგბიში სპორტის განსაკუთრებული მოვლენა გახდეს პლანეტაზე", - თქვა 2019 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკირა სიმაძუმ.

"მოხარულნი ვართ, რომ მსოფლიოს თასის 2019 წლის გათამაშების მასპინძლობა გვერგო წილად. ეს უდიდესი ტურნირი პირველად ტარდება აზიაში და წინ კიდევ ოთხი წელიწადი გვაქვს საიმისოდ, რომ სათანადოდ მოვემზადოთ და წარმატებული ტურნირი გავმართოთ.

ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას არა მარტო იაპონიაში, არამედ მთელ აზიის კონტინენტზე", - იმედოვნებს იაპონიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ნორიუკი საკამოტო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის მიმდინარე გათამაშებაში ხვალ, 30 ოქტომბერს, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ. შაბათს კი ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან მატჩში "ვებ ელისის" თასის შენარჩუნებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალი ზელანდიას წინ ვერავინ დაუდგება დღესდGეობით, ასე მგონია...რადგან ისინი ზე რაგბს თამაშობენ არაამქვეყნიურს...
ზ უ რ ა
12:42 29-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული