ფოტოზე: რიჩი მაქოუ გიორგი ჩხაიძის წინააღმდეგ
ახალი ზელანდიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი რიჩი მაქოუ რაგბიდან წავიდა. 34 წლის მესამეხაზელის სახელი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. მას ბრწყინვალე სანაკრებო კარიერა ჰქონდა.
რიჩიმ რაგბიდან წასვლის შესახებ განცხადება ველინგტონში, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ოფისში ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ბუცები ლურსმანზე მას შემდეგ ჩამოვკიდე, რაც ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც რაგბიში შეიძლებოდა. ვიცოდი, რომ წლეულს რაგბიდან წავიდოდი. ამიტომ ინგლისში მსოფლიოს თასის მოგება ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო.
რაგბი ჩემთვის ყველაფერი იყო. მან საშუალება მომცა, ბევრ დიდ ადამიანთან მქონოდა ურთიერთობა. ძალიან ბევრი ახალი ვნახე, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ახალი ზელანდიის რაგბის თემს იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მან მომცა.
მხარდაჭერა და დახმარება, როგორც ჩემი ოჯახის წევრების, ისე მეგობრების, უდიდესი იყო. მშობლებს ძალიან ცოტა მატჩი აქვთ გამოტოვებული ჩემი მონაწილეობით. მადლობა მინდა ვუთხრა მათ და ჩემს მეგობარ ჯემას, რომელიც მუდამ გვერდში მედგა.
ამასთან ერთად, ნამდვილად გამიმართლა, რომ კარიერის განმავლობაში უდიდეს მწვრთნელებს და მოთამაშეებს შევხვდი. მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს.
ძალიან მადლიერი ვარ ქომაგების, როგორც ახალზელანდიელების, ასევე უცხოელების, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ჩვენ ვთამაშობთ რაგბის ისე, რომ თქვენ იამაყოთ. იმედი მაქვს, ეს შევძელით.
აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი კომპანია Christchurch Helicopters-ის საქმიანობაში. იქ შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ და მიხარია, რომ მათთან განვაგრძობ საქმიანობას. ავიაციით დიდი ხანია გატაცებული ვარ და მინდა ამ მიმართულებით განვვითარდე. მოუთმენლად ველი, როდის ავიღებ კომერციული ავიაციის მფრინავის მოწმობას.
განვაგრძობ საქმიანობას საქველმოქმედო ფონდში, რომელიც დენ კარტერთან და ალი ვილიამსთან ერთად დავაარსეთ. ამ ფონდის მიზანია დავეხმაროთ ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენებს.
როგორც არასდროს, ისე ვღელავ. ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ინტერესით ველოდები მომავალს. რას მომიტანს ის?" - თქვა რიჩი მაქოუმ.
ცხადია, გამოსათხოვარი სიტყვით პრესკონფერენციაზე ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენიც გამოვიდა:
"ახალი ზელანდიის ნაკრების ყველა მოთამაშის სახელით, მინდა მივულოცო რიჩის ის წარმატება, რასაც მან თავის ღირსეული კარიერის განმავლობაში მიაღწია. ვუსურვებთ მას კიდევ უფრო ბრწყინვალე და წარმატებულ მომავალს.
ვფიქრობ, ის ისტორიაში შევა არა მარტო როგორც ახალი ზელანდიის, არამედ როგორც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე. თავად განსაჯეთ, როგორი ფიზიკური და მორალური გამძლეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ეროვნულ გუნდში 148 მატჩი გამართოს. ამასთან ერთად, არ მახსოვს, რომ რომელიმე ამ შეხვედრაში მას ცუდად ეთამაშოს, თავი დაეზოგოს და სამაგალითო არ ყოფილიყო თანაგუნდელებისთვის.
მისი ლიდერობის ნიჭი გამორჩეულია თანამედროვე რაგბიში. ის ყველა ჩვენგანის შთაგონების წყარო იყო. რიჩი მაქოუ კიდევ დიდხანს ემახსოვრება რაგბის ქომაგს მთელ მსოფლიოში".
თუ რა დონის მორაგბესთან და პიროვნებასთან მოგვიწევს დამშვიდობება, მისი კარიერის საკვანძო ფაქტებშიც კარგად ჩანს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
* რიჩი მაქოუ 1980 წლის 31 დეკემბერს დაიბადა ქალაქ ომარუში. მისი ოჯახი ერთი ხანობა ჩრდილოეთ ოტაგოს ამ პატარა დასახლებაში ცხოვრობდა, იქამდე, სანამ დანიდინში გადაბარგდებოდა, სადაც რიჩი ვაჟთა სკოლაში მიაბარეს.
* 1999 წელს რიჩი კრაისთჩერჩში გადავიდა სარაგბო კარიერის გასაგრძელებლად. ის იქ ლინკოლნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და იმავე წელს ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.
* 2000 წელს რიჩიმ ახალი ზელანდიის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.
* 2001 წელს მაქოუს დებიუტი შედგა "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ზე 12-ის გათამაშებაზე. ის 2015 წლის სეზონის ჩათვლით, ამ კლუბის ერთგული დარჩა და მისი კვართი 145 მატჩში მოირგო.
* 2001 წლის 17 ნოემბერს რიჩი მაქოუმ პირველად მოირგო "ოლ ბლექსის" ფორმა დუბლინში, "ლენსდაუნ როუდზე" ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. ის ამ შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. მისი ბოლო მატჩი ეროვნულ გუნდში ლონდონში, "თვიქნემზე" მსოფლიოს თასის ფინალური შეხვედრა იყო ავსტრალიის ნაკრებთან.
* რიჩი მაქოუმ ახალი ზელანდიის ნაკრებში 148 მატჩი გამართა, რაც მსოფლიოს რეკორდია. მისი მონაწილეობით გუნდმა 148 თამაშიდან 131-ში გაიმარჯვა. ესეც რეკორდია.
* მაქოუ პირველი ახალზელანდიელი მორაგბეა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 100 და მეტი კეპი მოიხვეჭა. მისი მე-100 ტესტი 2011 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებთან მატჩი იყო.
* რიჩი ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2004 წლის 20 ნოემბერს, უელსის ნაკრებთან მატჩში გახდა. მისი კაპიტნობით "ოლ ბლექსმა" 110 მატჩი გამართა. ეს მსოფლიოს რეკორდია.
* რიჩი მაქოუს წინამძღოლობით, "ოლ ბლექსმა" ათჯერ მოიგო ბლედისლოუს თასი, ოთხჯერ გაიმარჯვა სამი ერის გათამაშებაში, ორჯერ კი - ოთხი ერის. ის მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელია.
* შინაურ კედლებში რიჩის ნაკრებთან ერთად 61 მატჩი აქვს გამართული და მხოლოდ ორ მატჩში დამარცხდა.
* მაქოუმ ეროვნულ გუნდში 27 ლელო გაიტანა (135 ქულა).
* ის სამჯერ: 2006, 2009 და 2010 წლებში მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
* რიჩი ოთხჯერ - 2003, 2006, 2009 და 2012 წლებში ახალი ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. 2010 და 2011 წლებში კი ის ამ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
* მაქოუმ ეროვნულ გუნდში 18 სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ყველაზე მეტჯერ, 37 მატჩში ის ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
* რიჩი მაქოუს ავტობიოგრაფიული წიგნი 2012 წელს გამოვიდა და უმალვე ბესტსელერი გახდა. ეს წიგნი 120 ათას ცალზე მეტი გაიყიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:22 20-11-2015
რიჩი მაქოუ დიდი რაგბიდან დიდ ავიაციაში წავიდა - რჩეული კადრები [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ღირსეული ადამიანის სიტყვებია
0
0
უძლიერეს მორაგბეს წარმატებებს ვუსურვებ !
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული