ზე რაგბის გათამაშების მე-15 ტურში სამივე დივიზიონის ლიდერმა მოიგო. ესენია: "ვორათაზი", "ჰარიკენზი" და "სტორმერზი". რაც დრო გადის, ისინი მით უფრო დამაჯერებლად ირჯებიან და, როგორც ჩანს, გათამაშების საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ ტრიოში უნდა ვეძებოთ.
ავსტრალიის კონფერენციის ლიდერმა, სიდნეის "ვორათაზმა" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლა და 32:22 დაამარცხა.
სიდნეელების უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ "ჯვაროსნები" საბრძოლო შემადგენლობით ასპარეზობდნენ, საგრძნობი იყო. მწყობრში გახლდათ სტუმართა ლიდერი რიჩი მაქოა, ისევ შუამარბის
მასპინძელთა შორის გამორჩეული გახლდათ ფიჯელი გარემარბი ტაკელე ნაიარავორო, რომელმაც ორი ლელო მიითვალა. მისებრ შესანიშნავად გაისარჯა მგეზავი ბერნარდ ფოლი, რომელმაც 17 ქულას მოუყარა თავი (ერთი ლელო, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო).
ამდენად, "ვორათაზი" 58 ქულით არა მარტო ავსტრალიის კონფერენციას, არამედ მთლიანად გათამაშებას ლიდერობს.
ამავე კონფერენციის ორივე აუტსაიდერმა საშინაო მატჩები წააგო. ბრისბენის "რედსმა" ვერაფერი გააწყო დურბანის "ნატალ შარქსთან" - 14:21. პერთის "ფორსმა" კი დანიდინის "ჰაილენდერზთან" დათმო შეხვედრა - 3:23.
ავსტრალია
რედსი-ნატალ შარქსი 14:21, ვორათაზი-კრუსეიდერზი 32:22, ფორსი-ჰაილენდერზი 3:23
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორათაზი - 41 ქულა, 2. ბრამბიზი - 38, 3. მელბურნ რებლზი - 30, 4. რედსი - 17, 5. ფორსი - 15.
XVI ტური
ბრამბიზი-ბლუ ბულზი, ფორსი-რედსი
ახალი ზელანდიის კონფერენციაში დედაქალაქური, ველინგთონის "ჰარიკენზი" ლიდერობს. ეს გუნდი სტუმრად ეთამაშა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის, ოქლენდის "ბლუზს" და 29:5 მოუგო.
ველინგთონელები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ამჯერადაც, მეტოქეს, რომელიც სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, 63-ე წუთამდე 24:0-ს უგებდნენ. სულ "ჰარიკენზმა" მატჩში ოთხი ლელო მიითვალა და ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა აქტივში.
კონფერენციის მეორეადგილოსანმა ჰემილთონის "ჩიფსმა" შინ დაამარცხა სამხრეთაფრიკული პრეტორიის "ბლუ ბულზი" - 34:20.
მასპინძელთაგან შესანიშნავად ითამაშა ცხრა ნომერმა ავგუსტინ პულუმ, რომელმაც საკმაოდ მრისხანე მეტოქეს ორი ლელო გაუტანა.
პრეტორიელებმა ამ მარცხით სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ლიდერობა დაკარგეს და ახლა 35 ქულით მესამე ადგილზე არიან.
ახალი ზელანდია
ჩიფსი-ბლუ ბულზი 34:20, ბლუზი-ჰარიკენზი 5:29
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარიკენზი - 57 ქულა, 2. ჩიფსი - 44, 3. ჰაილენდერზი - 42, 4. კრუსეიდერზი - 31, 5. ბლუზი - 20.
XVI ტური
კრუსეიდერზი-ჰარიკენზი, ჰაილენდერზი-ჩიფსი
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში სატურნირო ცხრილს სათავეში კეიპთაუნის "სტორმერზი" მოექცა, რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში სძლია ავსტრალიურ "მელბურნ რებლზს" - 31:25.
მასპინძელთა შორის გამოირჩნენ გარემარბი დილან ლიდსი, რომელმაც ორი ლელო გაიტანა და მგეზავი დემეტრი კატრაკილისი. ეს უკანასკნელი მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად ირჯება და გამორიცხული არ არის, "ბოკეს" შემადგენლობაშიც ამოჰყოს თავი. მის ანგარიშზე ამ მატჩში ორი გარდასახვა და ოთხი საჯარიმოა (16 ქულა).
სტორმერზელებს კვალში უდგას იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი, ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" - 40:17. "ლომების" მგეზავმა ელტონ თომას იანტისმა ოთხ-ოთხი საჯარიმო და გარდასახვა მიითვალა (20 ქულა).
სამხრეთი აფრიკა
ჩიტაზი-ლაიონზი 17:40, სტორმერზი-მელბურნ რებლზი 31:25
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 38 ქულა, 2. ლაიონზი - 36, 3. ბლუ ბულზი - 35, 4. ნატალ შარქსი - 25, 5. ჩიტაზი - 20.
XVI ტური
ნატალ შარქსი-მელბურნ რებლზი, სტორმერზი-ჩიტაზი, ლაიონზი-ვორათაზი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"