ლეგენდები პოდიუმს დაუბრუნდნენ, ფერსტაპენი შეუჩერებელია... ბრწყინვალე რბოლა მონრეალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფორმულა 1-ში რიგით მე-9 გრან-პრი კანადაში გაიმართა. მორიგი გამარჯვება მოიპოვა მაქს ფერსტაპენმა და სხვა მრბოლელებს უკვე კომფორტული 46 ქულით (თანაგუნდელ პერესს) გადაასწრო. უფრო ვრცლად მოგვიანებით.

დავიწყოთ კვალიფიკაციით

Sportall.Ge

კანადაში კვალიფიკაცია მაქს ფერსტაპენმა ("რედ ბული") მოიპოვა, ნიდერლანდელმა მრბოლელმა საუკეთესო შედეგი, 1.21.299 დააფიქსირა და კარიერაში მე-15 პოული დაისაკუთრა.

მეორე ადგილზე კარლოს საინსი ("ფერარი") გავიდა. ესპანელმა სწრაფი წრე 1.21.944 დროში გაიარა და მე-2 ადგილს დასჯერდა.

აი, მესამე პოზიციაზე გამსვლელი მრბოლელის ეს შედეგი კი ყველასთვის სასიხარული იყო, "ალპინის" მრბოლელმა, 40 წლის ფერნანდო ალონსომ (2-გზის მსოფლიო
ჩემპიონი), კანადაში ვარჯიშებზე ბრწყინვალედ იარა, კვალიფიკაციაზე 1.22.096 დროში დააფიქსირა და მე-3 ადგილზე გავიდა... ალბათ, ყველამ ვიცით ფრანგული გუნდის შესაძლებლობები და ამიტომაც მსგავსი პატარ-პატარა წარმატება ლეგენდარული მრბოლელებისგან გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ასტონ მარტინის" წარმომადგენელ სებასტიან ფეტელზე. თავის მხრივ, 4-გზის მსოფლიოს გერმანელმა ჩემპიონმა დასავლურ ვოიაჟზე თავი ვერ გამოიჩინა და რბოლა მე-16 პოზიციიდან დაიწყო.

რაც შეეხება ხუთეულს, მეოთხე ადგილზე ლუის ჰამილტონი ("მერსედესი", 1.22.891) გავიდა, ხუთეული კი კევინ მაგნუსენმა ("ჰაასი", 1.22.960) შეავსო.

Sportall.Ge

რბოლა

სტარტზე ფერსტაპენი შესანიშნავად დაიძრა, მოპოვებული სივრცე აითვისა და უკან ბრძოლაში მყოფ ალონსოს, საინსს, ჰამილტონსა და მაგნუსენს ("ჰაასი") საგრძნობლად გადაასწრო.

მე-8 წრეზე "რედ ბულის" მეორე წარმომადგენელს, სერხიო პერესს, ძრავასთან პრობლემები შეექმნა, რის გამოც რბოლა ნაადრევად დაასრულა. მე-20 წრეზე სერხიოს გზას გაუდგა მიკ შუმახერიც ("ჰაასი"). აღსანიშნავია, რომ შუმახერიც და მაგნუსენიც კვალიფიკაციაზე მესამე სეგმენტში გადავიდნენ და რბოლაც მე-5-მე-6 ადგილიდან დაიწყეს, თუმცა ისევ არ გაუმართლათ... აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ფერსტაპენმა რადიოში საკუთარ გუნდს განუცხადა, რომ ბოლიდზე მოჭიდებას კარგავდა, რის გამოც გადაადგილების ტემპი ოდნავ დააგდო. დაახლოებით 10 წამიდან საინსმა დრო 6 წამამდე შეამცირა, თუმცა აქ ყველაფერი არ დამთავრებულა...

ალბათ, რბოლის მშვენება 44-ე წრე იყო, როდესაც პიტ-სტოპიდან გამომავალ ფერსტაპენს გვერდით ლუის ჰამილტონი ამოუდგა და მინი-დაპირისპირებაში ის დიდი ბრძოლა გაგვახსენეს, რაც მსოფლიო ჩემპიონებს გასულ სეზონში ჰქონდათ. რა თქმა უნდა, საბურავისა და მანქანის უპირატესობით ბრიტანელი განწირული იყო. რამდენიმე მოსახვევის გავლის შემდეგ DRS-ის დეტექციის წერტილში "ჰონდას" ძრავამ "მერსედესის" ძრავა დაჯაბნა და "სუპერმაქსი" მე-2 ადგილზე გადავიდა. მოწინავე პოზიციაზე კარლოსი გაიჭრა, 47-ე წრისთვის ესპანელი ნიდერლანდელს 7.6 წამს უგებდა, რა დროსაც "ალფატაურის" იაპონელი მრბოლელი იუკი ცუნოდა პიტ-სტოპიდან გამოსვლისას გაუხურებელი საბურავის გამო ტრასას ვერ მოეჭიდა და ბარიერს დაეჯახა. ბოლიდებს წინ უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგათ. აი, აქ გაჩნდა შანსი და აქედან დაიწყო ყველაფერი... დღის გმირს კი ბოლო ლუკმად შემოგინახავთ...

Sportall.Ge

"ფერარის" ესპანელი მრბოლელი კარლოს საინსი პიტ-სტოპზე საბურავის გამოსაცვლელად შევიდა, რის გამოც მაქსთან პირველი ადგილი დაკარგა. 54-ე წრეზე ბოლიდები ერთმანეთის უკან დადგნენ და რამდენიმე წამის შემდეგ ელვისებური სისწრაფით გაცვივდნენ. გამარჯვების შესაძლებლობა მაქსს, კარლოსსა და ლუისს ჰქონდათ. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, "რედ ბულისა" და "ფერარის" ბოლიდები ერთმანეთს "სლიფ სტრიმზე" ეჯიბრებოდნენ, ლუისი კი კომფორტულ სიტუაციაში იყო, რადგან უკნიდან თანაგუნდელი ჯორჯ რასელი მის პოზიციას "ალპინისგან" იცავდა. თუ ნიდერლანდურ-ესპანური დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართებოდა, მაშინ 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს დუელი სამეულის აურზაურად შეეძლო გარდაექმნა, თუმცა ყველაფერი სხვანაირად განვითარდა...

ფერსტაპენმა საინსთან დაახლოებით 1-წამიანი უპირატესობა დაიკავა, პირველსა და მეორე სექტორში უკეთესი შედეგები დააფიქსირა და DRS-ის დეტექციის ადგილზე იტალიურ ბოლიდს 0.5 წამზე ახლოს არ უშვებდა. მთელი დარჩენილი დრო კარლოსი მაქსს უტევდა, თუმცა ვერა და ვერ გადაასწრო... აღსანიშნავია, რომ რბოლის მიწურულს ესპანელს კარგი შანსი მიეცა, მანამ, სანამ ფრთის გახსნის შესაძლებლობა მიეცემოდა, სხვაობა 0.5 წამამდე ჩამოიყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სწორ გზაზე გადასწრების შანსს მიიღებდა, თუმცა ერთ-ერთ მოსახვევში შეცდომა დაუშვა და სხვაობა ისევ 1 წამამდე აიყვანა.

ასე და ამგვარად, ნიდერლანდელმა კანადის გრან-პრი მოიგო. მე-2 პოზიციაზე საინსი გავიდა, სამეული კი ლუის ჰამილტონმა შეავსო.

Sportall.Ge

დღის გმირი

ჩემპიონობის ერთ-ერთმა კანდიდატმა შარლ ლეკლერმა რბოლა ბოლო, მე-20 ადგილიდან დაიწყო. მიზეზი ბოლიდში შეტანილი გარკვეული ცვლილებები იყო.

"მონეგასკმა" კანადის გრან-პრი მაღალ დონეზე ჩაატარა და მე-5 პოზიციაც დაიკავა... ვინ იცის, კარლოსის ადგილზე შარლი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა. ყველამ კარგად იცის, რომ ესპანელ მრბოლელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რადგან მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მას შეუძლია, ამას დამატებული უიღბლობები და უპატიებელი შეცდომები...

რაც შეეხება შარლს, კანადაში მშვენივრად ატარა და ალბათ, პროგრამა-მაქსიმუმიც შეასრულა (თუ ფანტაზიებში არ წავალთ და არ ვიტყვით, რომ რბოლა უნდა მოეგო).

სატურნირო მდგომარეობა

1. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 175 ქულა

2. სერხიო პერესი ("რედ ბული") - 129 ქულა

3. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 126 ქულა

4. ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 111 ქულა

5. კარლოს საინსი ("ფერარი") - 102 ქულა

6. ლუის ჰამილტონი ("მერსედესი") - 77 ქულა

7. ლანდო ნორისი ("მაკლარენი") - 50 ქულა

მომდევნო გრან-პრი 3 ივლისს ბრიტანეთში გაიმართება.





მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი რბოლაც იყო და კარგადაც იყო დაწერილი, მადლობა
ავტორს
13:32 20-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული