"ვიცოდი, რომ მოვიგებდიო" - რას ჰყვება მარიამ ბოლქვაძის დედა სენსაციური გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
21 წლის მარიამ ბოლქვაძისთვის ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. მან პირველ წრეში მასპინძელი ქვეყნის მოთამაშე ბერნარდა პერა დაამარცხა.

თუ რა გზა გაიარა ქართველმა სპორტსმენმა აქამდე და როდიდან დაუკავშირა საკუთარი მომავალი ჩოგბურთს, ამის შესახებ Sportall.ge-ს სპორტსმენის დედა დალი ბოლქვაძე ესაუბრა.

- გუშინდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ რა გითხრათ? ემოციებს გაგიზიარებდათ... შემდეგ თამაშებზე რა მოლოდინები აქვს?
- მომავალ თამაშებზე მარი არასდროს საუბრობს და არც ვეკითხებით არაფერს. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ასე მითხრა, ვიცოდი, რომ მოვიგებდიო.

- რა ასაკში მიიყვანეთ მარიამი ჩოგბურთზე და ვისი ინიციატივით?
- ჩვენი
სურვილი რომ ყოფილიყო, მარიამს უფრო ადრე, 5-6 წლის ასაკში შევიყვანდით სპორტის ამ სახეობაზე. მარიამმა გვიან დაიწყო სიარული ჩოგბურთზე, 8 წლის იყო, როცა მივიყვანეთ.

თვითონ მოინდომა ჩოგბურთელობა და თავიდან ბათუმში ერთი წელი "მარინას" კორტებზე იარა ჟორა დიქტობულოსთან. შემდეგ ოჯახით საცხოვრებლად თბილისში გადავედით, რადგან უფროსი შვილი სტუდენტი გახდა და მარიამმაც ვარჯიში დედაქალაქში გააგრძელა ვიქტორ ბაკშთან, რომელიც იყო მისი ტრენერი 14 წლამდე. ისე კი, ჩვენ, მშობლები არცერთი შვილის პროფესიულ არჩევანში არ ჩავრეულვართ.

- როდის მოვიდა მარიამის პირველი პროფესიული წარმატება?
- როცა თბილისში ვარჯიში დაიწყო, თანატოლები მასზე ბევრად წინ იყვნენ, მაგრამ მწვრთნელმა გარანტიები მოგვცა, რომ მალე მიაღწევდა წარმატებას, რადგან ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აღმოაჩნდა. უკვე 12 წლის ასაკში სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა მოთამაშეებს. 13 წლის იყო, საქართველოს ღია პირველობაზე პირველი ჩოგანი რომ გახდა თავის ასაკობრივ კატეგორიაში.

- სხვა პროფესიის დაუფლებაზეც ხომ არ უფიქრია, ბავშვობაში რაზე ოცნებობდა?
- ყველას აქვს ბავშვობაში სურვილები, ვინ უნდა გამოვიდეს, თუმცა მერე ცვლიან არჩევანს. პატარაობისას ხშირად აღნიშნავდა, რომ სტომატოლოგი უნდოდა გამხდარიყო. ახლა იმდენად არის ჩოგბურთზე შეყვარებული, რომ სხვა არაფერზე ფიქრობს.

Sportall.Ge

- სად ვარჯიშობს მარიამი, გარდა ჩოგბურთისა, კიდევ რით არის დაკავებული?
- დიდ ბრიტანეთში ვარჯიშობს, იქ ჰყავს პერსონალური მწვრთნელი. ისე კი, საქართველოში ცხოვრობს. მხოლოდ ჩოგბურთით არის დაკავებული, მთელ ძალას და ენერგიას მასზე ხარჯავს. უნივერსიტეტში არ სწავლობს, რადგან თვლის, რომ მისი პროფესიონალური მიღწევებისთვის ასე უკეთესია.

- რა გრძნობა გეუფლებათ, როცა თქვენი შვილი ასპარეზობს?
- მამა უფრო გვიან ჩაერთო ამ პროცესში, მე კი ბავშვობიდან მივყვები მარიამს კვალდაკვალ, იმიტომ, რომ სულ ერთად დავდიოდით ტურნირებზე, რადგან არასდროს არ გვყავდა თავისუფალი მწვრთნელი და არც გვქონდა იმდენი საშუალება, რომ სულ მწვრთნელთან ერთად ევლო. ამიტომ შეჩვეული ვარ მისი თამაშის ყურებას. როგორც სპორტსმენის დედა, მეც ვღელავ და ვნერვიულობ და ვგულშემატკივრობ მთელი გულით.

- თავისუფალ დროს რას აკეთებს?
- ჩემს შვილს თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, იშვიათად აქვს, მაგრამ როგორც კი გამოუჩნდება, კლასელების და მეგობრების ნახვას მაინც ახერხებს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

- როგორი მოსწავლე იყო?
- ათოსანი იყო სკოლაში, სანამ ჩოგბურთს აირჩევდა პროფესიად. თუ ცუდ ნიშანს მიიღებდა, ვეუბნებოდით, რომ ჩოგბურთზე აღარ გავუშვებდით. მისთვის სასჯელი იყო,  ჩოგბურთზე რომ არ გაგვეშვა, იმდენად იყო შეყვარებული მასზე.

ინფორმაციისთვის, ქართველი ჩოგბურთელი კარიერის მანძილზე პირველად ასპარეზობს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში. წარმატებული პირველი თამაშის შემდეგ, მეორე წრეში მარიამი მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

altUS OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო! [VIDEO]

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 4 /
მარიამ,გილოცავ მარიამობის დღესასწაულს,წარმატებას გისურვებ სპორტსა და ცხოვრებაში.
zas.
28 აგვისტო 2019 12:23
0
Geo ნაწილობრივ გეთანხმებით-ქართველიბი რითი ვართ ვინმეზე ნაკლები,ჩვენ ხომ უწინ ლეილა მესხი გვყავდა! მაგრამ დღეს საღამოს კაროლინა პლიშკოვასთან მარიამის მოგება დიდი სენსაცია რომ იქნება რად უნდა ლაპარაკი! მადლობა მარიამის მშობლებს ასეთი კარგი შვილი რომ აღუზარდეს საქართველოს!
....
28 აგვისტო 2019 02:16
0
ახლა ბებიამისთან და მამიდამისთან აიღეთ ინტერვიუები და ჩაძირეთ ბავშვი!
zurab
27 აგვისტო 2019 23:16
13
რატომაა სენსაცია, ეს ვერ გავიგე? თუ მოიგო Uს ოფენი, აი ეს იქნება სენსაცია..)
კარგი მომავალი აქვს...
წარმატებები მარიამს)
Geo
27 აგვისტო 2019 16:32
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული