თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა. ძალოსნობის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდოები სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს და ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანელ ლიდია ვალენტინს, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

"2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ჩვენი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის დასახელება ჩვენთვის, ყველასთვის უდიდესი
სიხარულია. მინდა, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს მივულოცო ეს ძალიან საპატიო ტიტული.

ასევე, მთელი სულითა და გულით ვულოცავ ესპანეთის წარმომადგენელს, ქალბატონ ლიდია ვალენტინს ამ ძალიან საპატიო ტიტულის უკვე ზედიზედ მეორედ მინიჭებას. ასევე, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ესპანელ ხალხს და ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის - 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა.

პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს - “ასევე ქართულ ლეგენდა კახი კახიაშვილს, ლაშა ტალახაძის მთავარ მწვრთნელს, გამოჩენილ, საამაყო ქართველ სპორტსმენ გიორგი ასანიძეს და მთელ საქართველოს”.

მთავრობის მეთაურმა ლაშა ტალახაძეს ოჯახის შექმნაც მიულოცა და უსურვა, ახლად შექმნილმა ოჯახმა საქართველოს კიდევ არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი შემატოს.

პრემიერ-მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ქვეყანას არაერთი დიდი სიხარული აჩუქეს.

“მინდა, დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო თითოეული თქვენგანის ღვაწლის წინაშე და მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი სიამაყე, არაერთი მომავალი თაობის შთაგონების წყარო და მომავალშიც იქნებით”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტომაშ აიანი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული