ლევან მაყაშვილი - პირველი ქართველი მებრძოლი UFC-ში, გასაოცარი სტატისტიკით [GIF]

AutoSharing Option
დღეს შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ორგანიზაცია UFC-ში ოთხი ქართველი მებრძოლია: მჩატე წონაში - მერაბ დვალიშვილი, ნახევრად მსუბუქ წონაში - გიგა ჭიკაძე და ნახევრად მძიმეში - რომან დოლიძე და ქალებში - ლიანა ჯოჯუა. საქართველოში სპორტის გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამივე მებრძოლი კარგად ნაცნობია. თუმცა ბევრისთვის უცნობია პირველი ქართველი, რომელმაც დანარჩენ ქართველებს UFC-ში მოხვედრა შთააგონა და დაანახა, რომ შეუძლებელი არაფერია.

შერეულ ორთაბრძოლებში ლევანის დებიუტი 2011 წელს საქართველოში შედგა. მან თანამემამულე გიორგი ტურაშვილი სულ რაღაც 51 წამში დაანოკაუტა. დებიუტიდან უკვე 2 წელიწადში მაყაშვილმა აშშ-ში იჩხუბა.

ორგანიზაცია Ring of Combat-ის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ, ლევანმა ტომ ინგლიში ყრუდ რომ დაანოკაუტა.

ამერიკაში გამგზავრებიდან 1 წლის შემდეგ მაყაშვილი ადგილობრივი ორგანიზაციის, Cage Fury Fighting Championships-ის ტიტულზე ალექსანდრ ბეზერას დაუპირისპირდა და მსაჯების სადავო გადაწყვეტილებით დამარცხდა. თუმცა რევანშში 25 წლის ქართველმა 5 რაუნდის განმავლობაში მოწინააღმდეგის სრული დეკლასი მოახდინა და ტიტულთან ერთად UFC-ის ბილეთიც მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანი UFC-ში მოკლე ვადით აღმოჩნდა და 3 ბრძოლის შემდეგ პრომოუშენმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, საკმაოდ საყურადღებო ფაქტებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, რაც ქართველი მებრძოლის მაღალ დონეზე მეტყველებს. მაყაშვილმა პირველ მატჩში, მსაჯების გაყოფილი ხმების გადაწყვეტილებით, მარკ ედივას სძლია, შემდეგ სადავო გადაწყვეტილებით დამარცხდა ჰარკან დიაზთან, ხოლო მესამე მატჩში დეიმონ ჯექსონთან ფრედ დაასრულა. საინტერესოა, რატომ არ განვითარდა ქართველის კარიერა UFC-ში ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო და შესაძლოა, აგრესიული სტილით ბრძოლას არ რისკავდა.

მიუხედავად სამი ჩატარებული ბრძოლისა, თვალშისაცემია ლევანის დარტყმების სიზუსტე, რომელიც 55%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. მაგალითად, ნახევრად მსუბუქი წონის ამომავალ ვარსკვლავ ზაბიტ მოგამედშარიპოვის იმავე კომპონენტის მაჩვენებელი 53%-ს შეადგენს. პიოტრ იანი, რომელიც შემდეგ თვეში ჟოზე ალდოსთან ტიტულზე იბრძოლებს, 46%-ის სიზუსტით ურტყამს, ნურმაგომედოვი - 50%, გიგა ჭიკაძე - 44%. ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება. ფაქტი ისაა, რომ ლევანის სიზუსტე ნამდილად შთამბეჭდავია და მის დგომში მუშაობის მაღალ დონეს ასახავს.

ბოლო ბრძოლა 2020 წლის 21 თებერვალს რუსეთში მაგომედრასულ ხასბულაევის წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა. ახლა ლევანი 31 წლის არის და გამორიცხული არ არის, რომ ის UFC-ში კიდევ ერთხელ ვიხილოთ. მის ანგარიშზე 16 მოგება და 3 წაგებაა. ამჟამად ის საქართველოში იმყოფება და ინტენსიურად ვარჯიშობს. შეგიძლიათ მის ვარჯიშებს თვალი მაყაშვილის "ფეისბუქზე" ან "ინსტაგრამზე" ადევნოთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Თენგიზ ᲗედორაᲫე აკრიფეᲗ და რამე სტატია მიუᲫᲦვენიᲗ , პრაიმᲨიც იყო და UFC,
სტატიის ავტორს
11:42 17-06-2020
1

სიახლეები პოპულარული