მაგალითად, მე-19 საუკუნის შუახანებში ინგლისის გუნდები თამაშის დაწყებამდე ერთობლივად თანხმდებოდნენ ხოლმე მოთამაშეთა რაოდენობაზე და მატჩის ხანგრძლივობაზე. იმ დროს ფეხბურთში განუხრელად იცავდნენ ჟენტლმენური ქცევის წესებს და მიდგომებს. სადაო მომენტები ერთად წყდებოდა ხოლმე, ყოველი მოთამაშე კი, სანამ მინდორზე გავიდოდა, ვალდებული იყო თამაშის წესები ზეპირად სცოდნოდა.
მაგრამ ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: "ითონისა" და "მანჩესტერის" სტუდენტური გუნდები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ მატჩებზე ე.წ. "შუამავლების" დასწრება დაშვებულიყო, რომლებიც მეტოქეთა კართან
თანდათანობით, რაც დრო გადიოდა, "შუამავლების" გარდა, მატჩების დროს დაიწყეს "რეფერების" - მსაჯების არჩევაც, რომლებიც სათამაშო მინდვრის გარეთ იდგნენ და გადაწყვეტილება გამოჰქონდათ ისეთ შემთხვევებში, როცა "შუამავლები" პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებდნენ. 1881 წელს რეფერებს დააკისრეს ახალი მოვალეობა - თვითონ გადაეწყვიტათ, გატანილი იყო თუ არა გოლი.
მაგრამ მსგავსი სიახლეები პრაქტიკაში ძნელად ხორციელდებოდა: ბევრი საფეხბურთო კლუბი პროტესტს აცხადებდა და თვლიდა, რომ მსაჯები ზედმეტად დიდ გავლენას ახდენდნენ მატჩების შედეგებზე, თანაც ამ დროს არბიტრი ძველებურად მინდვრის გარეთ იდგა და გვერდითი ხაზიდან აკვირდებოდა მატჩის მსვლელობას.
მინდორზე მსაჯები პირველად 1891 წლიდან გამოჩნდნენ. სწორედ იმ დროს მიეცათ მათ სასტვენებით სარგებლობის უფლებაც, რომლის დახმარებით ისინი თამაშს მართავდნენ. მაგრამ იყო შეზღუდვებიც: მაშინ, როცა გოლის გატანილად ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას მსაჯი ერთპიროვნულად იღებდა, მოთამაშის დასჯა რაიმე დარღვევისათვის მას მხოლოდ იმ შემთხვევებში შეეძლო, თუ ამის თაობაზე თვით ფეხბურთელები მიმართავდნენ.
მთავარი მსაჯის უფლებამოსილება მხოლოდ 1896 წელს გაფართოვდა, ე.წ. "შუამავლები" კი გვერდით მსაჯებად იქცნენ. ერთადერთი, რაც მათ იმ პერიოდში მოეთხოვებოდათ, ის იყო, რომ ბურთის მინდვრის გარეთ გასვლა (ანუ გვერდითი ხაზის გადაკვეთა) დაეფიქსირებინათ.
პროფესიული ფეხბურთის განვითარების კვალობაზე, მატჩის მსაჯებისათვის ნელ-ნელა თანხის გადახდაც დაიწყეს - მცირე ჰონორარების სახით, თანაც ერთი პირობით: ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდნენ მსაჯს, თუ მატჩი მისი საცხოვრებელი სახლიდან 30 მილზე (ანუ დაახლოებით 50 კმ-ზე) მეტი დაშორებით იმართებოდა.
"გადმო ჩვენთან, 10 ფუნტს და უფასო ლუდს მიიღებ" - როგორი ხელფასები ჰქონდათ პირველ პროფესიონალ ფეხბურთელებს
სხვათა შორის, საფეხბურთო მსაჯის სასტვენის გამოყენება საინტერესო ისტორიასთან არის დაკავშირებული. მანამდე არბიტრები გუნდის წევრებს ან პირადად მიმართავდნენ, ან ზანზალაკით (პატარა ზარით) სარგებლობდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მატჩის დროს მსაჯი თურმე პოლიციელი აღმოჩნდა და როცა მინდორზე მოთამაშეებს შორის ჩხუბი დაიწყო, მას დიდხანს არ უფიქრია - ჯიბიდან პოლიციელის სასტვენი ამოიღო და მთელი ძალით ჩაბერა.
გაოცებულმა ფეხბურთელებმა ჩხუბი იმავ წუთს შეწყვიტეს. ჰოდა, ფეხბურთის ჩინოვნიკებმაც გადაწყვიტეს, რომ სასტვენით მატჩის მართვა უფრო იოლი იქნებოდა. მე-19 საუკუნიდან უკვე დიდი დრო გავიდა, მაგრამ სასტვენი ჯერ-ჯერობით შეუცვლელი რჩება.
ავტორი: სიმონ კილაძე
ისტორიაში პირველი ყვითელი ბარათი ქართველმა მიიღო - როგორ გაჩნდა ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათები