საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო

AutoSharing Option
15 ივლისიდან ბარსელონა წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

16 საუკეთესოს შორის საქართველოს ნაკრებიცაა, რომელიც მონდომებით ემზადება გადამწყვეტი რაუნდისთვის.

მთავარი მწვრთნელის, რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ბოლო რეპეტიცია დიღმის ოლიმპიურ საცურაო აუზში გაიარეს, სადაც წყალბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თბილისის თასზე, რომელშიც მასპინძლებთან ერთად ყაზახები, სლოვაკები და თურქები მონაწილეობდნენ.

ყაზახეთის გარდა, თასის ამ გათამაშებას სამივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრებების მომზადების დონის გასათვალისწინებლად. ჩომახიძემ ამ ტურნირში 15 წყალბურთელი გამოსცადა. ასპარეზობის პირველ დღეს ქართველები აზიელებს დაუპირისპირდნენ.

საქართველო-ყაზახეთი 10:7
5:1, 2:2,
1:3, 2:1

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე- 1, ცრეპულია- 3, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა- 2, ჯახაია, ბაღათურია, რურუა- 3, გეგელაშვილი, მაგრაქველიძე- 1, მესხი, რაზმაძე, მწვრთნელი ჩომახიძე

ყაზახეთი: ლიპინი, ნედვედევი- 1, ახმეტოვი, პილიპენკო, აუბაკიროვი, შნიდერ- 2, შაკენოვი- 3, გოდვანიუკი, უკუხანოვი, რუდაი-1, მანაფოვი, ვერდეში, შლენონოვი, მწვრთნელი კნეზევიჩი.

თასის გათამაშებამდე საქართველოს წყალბურთელებმა ხუთდღიანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს სლოვაკეთში. იქვე მასპინძელთა გუნდთან ორი ამხანაგური შეხვედრაც გამართეს - თითო მოიგეს და წააგეს.

მსგავსი შედეგი ჰქონდათ ჰოლანდიაშიც. ევროპული ტურნეს შემდეგ ჩვენებს, ფაქტობრივად, არც დაუსვენიათ, ისე ჩაებნენ დედაქალაქის ტურნირში. ყაზახებთან პაექრობისას პირველი წუთებიდანვე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. ამიტომაც საწყის რვაწუთიან მონაკვეთში მასპინძელთა ხუთ გოლს სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.

მეორე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიილია. დიდი შესვენების შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ იგდეს აზიელებმა. ერთი პერიოდი 3:1 მოიგეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრაში გარდატეხა მაინც ვერ შეიტანეს და 7:10 დამარცხდნენ. ამავე დღეს თურქებმა სლოვაკებთან წააგეს - 5:11.

მეორე ტურში ქართველ წყალბურთელებს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდათ - სლოვაკეთის ნაკრები. ამიტომაც ეს პაექრობა ტურნირის ყველაზე დაძაბული მატჩი აღმოჩნდა.

საქართველო-სლოვაკეთი 8:7
3:3, 1:0, 0:2, 4:2

საქართველო: შუბლაძე, ქათარაძე, ცრეპულია- 1, იმნაიშვილი- 1, ბითაძე, ელაჩა, შუშიაშვილი- 1, ბაღათურია, რურუა- 2, ჩიქვინიძე- 1, მაგრაქველიძე- 2, მესხი, რაზმაძე, მთავარი მწყრთნელი ჩომახიძე.

სლოვაკეთი: ჰოტელიცა, ვიდუმანსკი- 1, ტატოვიჩი, გარაი- 1, დურიკ- 2, პ. ტკაჩი, ჰარტონოვიჩი, ჰ. ტკაჩი- 1, ურადნიკი, კოლარიკი- 1, ბალაზი, ლასიაკი.

რევაზ ჩომახიძემ ამ მატჩისთვის ცვლილებები შეიტანა შემადგენლობაში. მას გუნდში 15 წყალბურთელი ჰყავს, შაბათს კი ბარსელონაში 13 მოთამაშე უნდა წაიყვანოს. ამიტომ პასუხსაგებ შეხვედრებში მოინდომა მათი გამოცდა: ჯახაიას ნაცვლად შუშიაშვილი გამოიყვანა, გეგელაშვილი კი ჩიქვინიძემ შეცვალა.

ანგარიში მე-2 წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი კოლარიკმა გამოიჩინა. მალევე ტკაჩმა სხვაობა ორამდე აიყვანა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობის ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს - ჯერ იმნაიშვილმა, შემდეგ მაგრაქველიძემ (2) წინ გაიყვანეს თავიანთი გუნდი - 3:2.

საბოლოოდ, პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი ფრედ - 3:3 დამთავრდა. მეორე რაუნდში მხოლოდ ცრეპულიამ იყოჩაღა - 4:3. განსაკუთრებით დაძაბული მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა: საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე სტუმრები იგებდნენ შეხვედრას - 7:6. დარჩენილ დროში მაგრაქველიძემ და გუნდის კაპიტანმა რურუამ გამარჯვება მოუტანეს საქართველოს ნაკრებს - 8:7. მეორე ტურის მე-2 შეხვედრაში ყაზახეთმა თურქეთს 5:4 აჯობა.

გუშინ დასკვნითი ტურის პაექრობები გაიმართა, რომელსაც, ფაქტობრივად, მეორე-მეასამეადგილოსნების ვინაობა უნდა გაერკვია.

საქართველო-თურქეთი 19:5
7:2, 5:0, 2:0, 5:3

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე- 2, ცრეპულია- 3, იმნაიშვილი- 2, ბითაძე- 1, ელაჩა- 2, ჯახაია- 2, ბაღათურია- 3, რურუა, გეგელაშვილი- 2, მაგრაქველიძე- 2, მესხი, რაზმაძე, მწვრთნელი ჩომახიძე.

თურქეთი: კილი, პილეი, სანემოღლუ, აქარი, ბიიკი, დიზენლი, ერგინი, ტურამი, სონმეზი- 1, ოზბეკი- 2, იილმაზი- 2, გურდემლი, ოზდემირი, მთავარი მწვრთნელი დემი.

ქართველმა წყალბურთელებმა პირველსავე რვაწუთიან მონაკვეთში მეტოქეს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურეს, საბოლოოდ დიდი ანგარიშით - 19:5 გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. მეორე ადგილზე გავიდნენ სლოვაკები, რომლებმაც ყაზახებს სძლიეს - 11:10.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ზურაბ რურუა აღიარეს, მეკარედ - ყაზახი ლიპილინი, მცველად - საქართველოს ნაკრების წევრი მარკო ელაჩა, საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი და 8 ბურთით ბომბარდირი გახდა სლოვაკი პუზიკი. გამარჯვებულები და პრიზიორები თბილისის მერმა კახი კალაძემ დააჯილდოვა.

- კარგი შეჯიბრება იყო, სერიოზული მეტოქეებიც გვყავდა, რომ ძალების გამოცდა შეგვძლებოდა, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ. - სერბეთისა და თურქეთის ნაკრები გუნდებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეები არიან. ამიტომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ორთაბრძოლები.

გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამჯერად მე უფრო ჩემი მოთამაშეების ფიზიკური კონდიციები და სათამაშო ტაქტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები მაინტერესებდა. საბოლოოდ ტურნირის შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრას მოვასწრებთ. გუნდის საბოლოო შემადგენლობას 11 ივლისს დავასახელებთ, 14 ივლისს კი ესპანეთს მივაშურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული