U15. ევროშესარჩევი. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს 14-ბურთიანი სხვაობით სძლია

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

28 მარტს წყალბურთში 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მატჩები გაიმართა.

საქართველო D ჯგუფის შეხვდრებს მასპინძლობს, რომელშიც ბულგარეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი და ლიეტუვა თამაშობენ.

28 მარტს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდა და ანგარიშით 18:4 დაამარცხა. ერთი კვირის წინ ძმები ჩაჩავების თასზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 17:6 აჯობა ბულგარელ თანატოლებს. ჩვენებს არც შესარჩევი ტურნირის სტარტზე გასჭირვებიათ მათი დამარცხება. მას შემდეგ, რაც პირველ პერიოდის მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა კოზაშვილმა, მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და საბოლოოდ 14
-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

საქართველო - ბულგარეთი 18:4 (4:1, 7:3, 2:0, 5:0)
საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (2), ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (კ, 5), ვასაძე (1), გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (5), ცქიტიშვილი (1), ნ. ტყეშელაშვილი.
ბულგარეთი: ველკოვი, ხრისტოვი, ხიტევი, გოჩევი, ნიკოლოვი, სალპაროვი, რამადანი, გეორგიევი (2), ბანჩევალოვი, იორდანოვი (2), სტოიანოვი, რადნევი.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, თბილისური ბატალიების პირველ მატჩში სერბეთმა აზერბაიჯანს 29-ბურთიანი სხვაობით აჯობა - 30:1 (10:1, 7:0, 7:0, 6:0). გავრილოვიჩმა და ბრეშანსკიმ 7-7 ბურთი გაიტანეს.

მეორე შეხვედრაში სლოვაკებმა ლიეტუვას სძლიეს - 9:6 (3:3, 2:2, 1:0, 3:1). ბალტიისპირელთაგან 4 ბურთით გერციცკასი გამოირჩა, ხოლო სლოვაკმა რესოვსკიმ 3 გოლი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ინიციატივით, წლეულს პირველად, 15 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

16 გუნდის მონაწილეობით ფინალურ ეტაპს 21-28 ივლისს ბულგარული ბურგასი უმასპინძლებს.

გადამწყვეტ რაუნდში მოსახვედრი საგზურები 22-მა გუნდმა შესარჩევ ტურნირებში უნდა მოიპოვოს. თუმცა ერთი ადგილი ბულგარელებს, როგორც მასპინძლებს, უკვე დაბევებული აქვთ. დანარჩენი გუნდები ჯგუფებში წილისყრით ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელორუსი
B ჯგუფი: სლოვენია, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, უკრაინა, მალტა
C ჯგუფი: მონტენეგრო, უნგრეთი, რუსეთი, თურქეთი, მოლდოვა.
D ჯგუფი: საქართველო, ბულგარეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, ლიეტუვა

ზედა სამი ჯგუფიდან ფინალში 4-4, ხოლო D ჯგუფიდან სამი გუნდი (მეოთხე ბულგარეთია) გავა.

ტურნირზე დღეს ითამაშებენ: აზერბაიჯანი - სლოვაკეთი, ბულგარეთი - სერბეთი, საქართველო - ლიეტუვა (19:00).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული