ფოტო: facebook.com/pg/georgianaquaticsportsnationalfederation/
დღეს, 20 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 მატჩს გამართავს და რუსეთის გუნდს დაუპირისპირდება.
ჯგუფში ჩატარებული 3 შეხვედრიდან ქართველმა წყალბურთელებმა 1 მოიგეს და 2-ში დამარცხდნენ. პირველ მატჩში საფრანგეთი 9:7 დავამარცხეთ, მეორე თამაშში საბერძნეთთან 10:17 დავმარცხდით და ბოლო დაპირისპირება იტალიასთან დავთმეთ - 6:18.
1 მოგება საკმარისი გახლდათ 12 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად, ხოლო დღევანდელი მატჩი გადაწყვეტს, საქართველოს ნაკრები მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებს თუ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.
რუსეთის გუნდის ძლევის შემთხვევაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ისტორიაში პირველად,
ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავა, მარცხის შემთხვევაში კი, მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა. აქამდე მე-13 ადგილზე მაღალი პოზიცია არ გვქონია.
რუსეთის ნაკრებთან მატჩი დღეს, 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.