ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation
22 იანვარს, ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.
ქართველმა წყალბურთელებმა ჩვენი სამხრეთ-დასავლელი მეზობელი 6 ბურთის სხვაობით დაამარცხეს - 12:6. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3-3 გოლი მიხეილ ბაღათურიამ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, დუბლი შეასრულა ხვიჩა ჯახაიამ, ხოლო 1-1 გოლი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს.
ჩვენი ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება.
მე-9-მე-10 ადგილებისთვის მატჩს საქართველოს წყალბურთელთა გუნდი 24 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
როგორც უნდა დასრულდეს ის შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.