სებასტიან ფეტელის მოგება ჰეთ თრიქით

AutoSharing Option
ზაფხულის პაუზის შემდეგ სინგაპურში გუნდები დაუბრუნდნენ მანქანების კონფიგურაციას უფრო მეტი მოჭიდების ძალით, რაც დაეტყო ძალთა თანაფარდობას.

შაბათს სებასტიან ფეტელმა დამაჯერებლად მოიპოვა პოული (მან ბოლო ცდაზე უარიც კი განაცხადა). ყველაზე ახლოს გერმანელთან ნიკო როსბერგი იყო, მეორე რიგიდან იწყებდნენ რბოლას გროსჟანი და უებერი, მესამედან - ჰემილტონი და მასა. გენერალურ კლასიფიკაციაში ფეტელის უახლოესი მდევარი ფერნანდო ალონსო მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზე იდგა.

"პირელიმ" სინგაპურში Medium-სა და SuperSoft-ის ტიპის საბურავები ჩაიტანა. ამჯერად ყველა გადაურჩა ჯარიმას და სასტარტო ბილიკზე განლაგება შეესაბამებოდა საკვალიფიკაციოს ოქმს. მხოლოდ ადრიან სუტილმა აირჩია
პირველ მონაკვეთზე Medium-ი. დანარჩენებმა SuperSoft-ით აიღეს სტარტი.

კვალიფიკაციის შემდეგ შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ სებასტიან ფეტელის კონკურენტებს გერმანელის გასწრების ერთადერთი შანსი სტარტზე ჰქონდათ და ნიკო როსბერგმა თითქმის მიაღწია მიზანს: პირველ მოსახვევში ის ფეტელის გვერდით იდგა, მაგრამ შეცდა. "მერსედესი" ტრასიდან გადავიდა, სებასტიანი კი პირველ ადგილზე დარჩა.

მესამე ადგილი ბრწყინვალე ბრძოლაში მოიპოვა ალონსომ, რომელმაც გარე მოსახვევით რამდენიმე მეტოქეს გაუსწრო. ჩააგდო სტარტი ლუის ჰემილტონმა - ის მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. კარგი სტარტი გამოუვიდა ნიკო ჰიულკენბერგს, რომელმაც ორი ადგილი მოიგო და თანაგუნდელს გაუსწრო. სრული ჩავარდნა ჰქონდა დანიელ რიკარდოს - "ტორო როსოს" პილოტი ძალიან ჩამორჩა ლიდერებს ნელი სტარტის გამო.

პირველ წრეებზე ყველაზე გასაოცარი იყო ფეტელის ტემპი. რა თქმა უნდა, ყველა მზად იყო იმისთვის, რომ "რედ ბულის" პილოტი სწრაფი იქნებოდა, მაგრამ თითო წრეზე ორწამიანი უპირატესობა ძალიან დიდი იყო! საჭირო კომფორტული უპირატესობის მიღების შემდეგ გერმანელი დამშვიდდა - აღარ იყო საჭირო რისკზე წასვლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რბოლა არ გვანებივრებდა გასწრებების დიდი რაოდენობით, თუმცა ეს არ ეხება კიმი რაიკონენს, რომელმაც მტკივანი ზურგის მიუხედავად, ჩამოიტოვა უკან დი რესტა და გუტიერესი. ამის შემდეგ ფინელი პირველი შევიდა ბოქსებში. ეს საკმაოდ ადრე - ცხრა წრის შემდეგ მოხდა. ბევრს შეეშინდა კიდეც - ბოქსებში ეს შესვლა ჯანმრთელობის მდგომარებას ხომ არ უკავშირდებოდა, მაგრამ არა. უბრალოდ, ეს იყო კარგი ტაქტიკური ჩანაფიქრი, რამაც, საბოლოოდ, კიმის ჰიულკენბერგისა და პერესის წყვილის გასწრების საშუალება მისცა.

გერმანელმა და მექსიკელმა საინტერესო ორთაბრძოლა შემოგვთავაზეს, როცა მათ წინ აღმოჩნდა მალდონადო გაცვეთილი საბურავებით. საქმე მცირე კონტაქტამდეც მივიდა, რის შემდეგაც ჰიულკენბერგი ტრასიდან გადავიდა, შენელდა და "მაკლარენის" წინ გაშვება მოუწია.

საერთოდ, ყველა ელოდა, რომ რაღაც მიზეზით ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდოდა - მის გარეშე რბოლა ძალიან მოსაწყენი იყო და მაყურებლის იმედები გაამართლა დანიელ რიკარდომ, რომელმაც მანქანა დაამტვრია.

აქ დაიწყო ტაქტიკური თამაშები: ორი "რედ ბული" და ორი "მერსედესი" არ შევიდა მეორედ ბოქსებში, იმ დროს, როცა დანარჩენებმა მექანიკოსების მონახულება გადაწყვიტეს.

ფეტელის უპირატესობისგან არაფერი დარჩა და მაყურებელმა ისევ იხილა გერმანელის ბრწყინვალე შედეგები. სებას რადიოთი შეატყობინეს, რომ ისევ შეიძლებოდა შეტევა. ფეტელმაც მაშინვე მოუმატა და ისევ დიდი მანძილით დაშორდა ყველას, რის შემდეგაც მშვიდად შეასრულა მეორე პიტსტოპი.

რბოლის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო იყო: უებერი, ორივე "მერსედესი" და მასა ახალი საბურავების მიღების შემდეგ გამოეკიდნენ იმათ, ვინც ფინიშამდე ძველი საბურავებით მიღწევა გადაწყვიტა - ალონსოს, ბატონს, რაიკონენს, პერესსა და ორ "ზაუბერს". ფერნანდო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, რადგან ბატონისა და რაიკონენის წყვილს 15 წამს უგებდა. თავად კიმი შესანიშნავად გამოიყურებოდა: მან ძალიან ლამაზად გაუსწრო ბატონს და მე-13 ადგილიდან სტარტის შემდეგ პოდიუმი მოიპოვა.

გუტიერესი უბრძოლველად დანებდა: მისი საბურავები ყველაზე ადრე გაცვდა და მას მესამე პიტსტოპზე მოუწია შესვლა. ასევე, ყველა მდევარი გაატარეს პერესმა და ჰიულკენბერგმა, რომლებიც პირველი ათეულის ბოლოში აღმოჩნდნენ. საერთოდ, ნიკი მე-11 ადგილზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას "ლოტუსი" დაეხმარა: ტექნიკური პრობლემები შეექმნა გროსჟანის ბოლიდს და ფრანგის შესანიშნავი რბოლა დასასრულს მიუახლოვდა.

მესამე გავარდნილი პილოტი გახდა დი რესტა: ის ჰიულკენბერგის დაწევას ცდილობდა და ბარიერს შეეჯახა.

ბრძოლა მართლაც საინტერესოდ მიდიოდა. "პირელიმ" სიჩქარეში ისეთი სხვაობა უზრუნველყო, რომ ნელი სინგაპურიც კი ხელს არ უშლიდა გასწრებებს. ამასობაში უებერის მანქანაზე პრობლემები შეექმნა გადაცემათა კოლოფს: მარკმა სიჩქარე დაკარგა და ორივე "მერსედესი" გაატარა. როსბერგმა და ჰემილტონმა კი ალონსომდე და რაიკონენამდე მიღწევა ვერ შეძლეს.

უებერისთვის სამწუხაროდ, მისმა ბოლიდმა ფინიშამდე ერთი წრით ადრე იმდენად დაკარგა სიჩქარე, რომ მას ფელიპე მასამაც გაუსწრო, შემდეგ კი "რედ ბული" საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან. ასე რომ, ავსტრალიელი ბრძოლას ჩამოშორდა, ფელიპე მეექვსე ადგილზე გავიდა, ბატონმა კი შეძლო პერესის, ჰიულკენბერგისა და სუტილის შეჩერება.

მოკლედ, რბოლის მეორე ნაწილი ძალიან საინტერესო იყო, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ უსაფრთხოების მანქანას. თუმცა ამ საინტერესო მოვლენებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გამარჯვებასთან ბრძოლას - აქ ფეტელი უკონკურენციო იყო.

სებასტიანმა კარიერაში 33-ე გამარჯვებას მიაღწია, ამ სეზონში ზედიზედ მესამედ მოიგო (სულ - მეშვიდედ!) და ასევე ზედიზედ მესამედ იმარჯვა სინგაპურში. გარდა ამისა, გერმანელმა მეექვსე ჰეთ თრიქი (პოული, მოგება, საუკეთესო წრე ერთ გრანპრიზე) შეასრულა კარიერაში - ამ მაჩვენებლით მან ალონსოს გაუსწრო.

რაც შეეხება ჩემპიონობისთვის ბრძოლას, აქ თითქმის ყველაფერი დასრულებულია - პირველობის ფინიშამდე ექვსი ეტაპით ადრე ალონსოზე 60-ქულიანი უპირატესობა თითქმის უნაღდებს ფეტელს ზედიზედ მეოთხე ტიტულს.

სინგაპურის გრანპრი. XIII ეტაპი
სინგაპური (61 წრე, 309.316 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:59.13,132 (2 პიტსტოპი)
2(7). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +32,627 (2)
3(13). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +43,920 (2)
4(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +51,155 (2)
5(5). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +53,159 (2)
6(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.03,877 (3)
7(8). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.23,354 (2)
8(14). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +1.23,820 (2)
9(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +1.24,261 (2)
10(15). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.24,668 (3)
11(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.28,479 (3)
12(10). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.37,894 (2)
13(16). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.45,161 (3)
14(12). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.53,512 (3)
15(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (2)
16(20). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 1 წრე (3)
17(22). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 1 წრე (3)
18(21). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (4)
19(19). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
20(17). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 7 წრე (2)
21(3). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 23 წრე
22(9). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 37 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 377; 2. ფერარი - 274; 3. მერსედესი - 267; 4. ლოტუსი - 206; 5. მაკლარენი - 76; 6. ფორს ინდია - 62; 7. ტორო როსო - 31; 8. ზაუბერი - 19; 9. უილიამსი - 1.

ნიუ ჯერსისთვის ადგილი შეინახეს
სინგაპურის სარბოლო უქმეების დროს გუნდებმა 2014 წლის სეზონის კალენდრის სამუშაო ვერსია მიიღეს, რომელიც ამ კვირას უნდა დაამტკიცოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭომ. კალენდრის ახალ ვარიანტში დააბრუნეს ნიუ ჯერსის ეტაპი, რომელიც არ იყო შესული წინა ვერსიაში. გარდა ამისა, კორეისა და ჩინეთის ეტაპებმა ადგილები გაცვალეს.

ნიუ ჯერსიში აშშ-ის გრანპრის თარიღია - პირველი ივნისი და თუ მას დაამტკიცებენ, ისტორიაში პირველად გაიმართება სამი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი ეტაპი - მონაკო, ნიუ ჯერსი და კანადა, რაც სერიოზულად გაართულებს გუნდების მუშაობას.

კალენდრის ამ ვერსიით, 2014 წელს გაიმართება 22 გრანპრი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რბოლების რაოდენობა ნაკლები იყოს - ივლისში ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2014 წელს 20 გრანპრი გაიმართება.

16 მარტი. ავსტრალია
23 მარტი. მალაიზია
6 აპრილი. კორეა*
13 აპრილი. ჩინეთი
27 აპრილი. ბაჰრეინი
11 მაისი. ესპანეთი
25 მაისი. მონაკო
1 ივნისი. ნიუ ჯერსი
8 ივნისი. კანადა
22 ივნისი. ავსტრია
6 ივლისი. ბრიტანეთი
20 ივლისი. გერმანია
27 ივლისი. უნგრეთი
24 აგვისტო. ბელგია
7 სექტემბერი. იტალია
21 სექტემბერი. სინგაპური
5 ოქტომბერი. იაპონია
19 ოქტომბერი. რუსეთი
26 ოქტომბერი. აბუ დაბი
9 ნოემბერი. მექსიკა*
16 ნოემბერი. აშშ
30 ნოემბერი. ბრაზილია
* - ეტაპი დამტკიცებული იქნება კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული