მაიამის "მასტერსი": კარლამ ვინუსი გააჩერა

AutoSharing Option
მაიამიში, ქალების ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. კვლავ დაამტკიცა თავისი ბრწყინვალე სათამაშო ფორმა ანდრეა პეტკოვიჩმა. გერმანელმა ფლორიდაში ჩასვლამდე წელს 13 მატჩი ჩაატარა და ექვსი წააგო, მაგრამ მაიამიში ნახევარფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია.

პეტროვიჩს მეტოქედ ბოლო დროს აღზევებული ჩეხი კაროლინა პლიშკოვა ჰყავდა. გერმანელს შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა - 4:1 დაწინაურდა, მაგრამ კინაღამ გააფუჭა კარგად დაწყებული საქმე. პლიშკოვამ ანგარიში გაათანაბრა - 4:4 და მეცხრე გეიმში მიღებაზე სამი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა. თუმცა ანდრეამ სამივე საფრთხე მოიგერია და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით სოლიდური უპირატესობა
მოიპოვა - 6:4, 3:0. ამის შემდეგ გერმანელს უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია და მაიამის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

* * *
მეორე ნახევარფინალში ნამდვილი თრილერი გაითამაშეს კარლა სუარეს ნავარომ და ვინუს უილიამსმა. ამერიკელმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა და 27 წუთში პირველი სეტის მოგებას ზეიმობდა - 6:0. ვინუსმა პარტიაში 18 "ვინერსი" შეასრულა, იმ დროს, როცა ესპანელმა აქტიური მოქმედებით მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

წესით, სუარეს ნავაროს ფსიქოლოგიური შოკი უნდა მიეღო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. კარლამ თითქმის იგივე ანგარიშით აიღო რევანში (6:1) და შემდეგ იყო დაძაბული მესამე სეტი, რომელშიც პირენეელი ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, ორივეჯერ ანგარიში გაათანაბრა და ბოლოს, 5:5-ზე ზედიზედ ორი გეიმის მოგებით პირველად გავიდა ასეთი დონის ტურნირის ნახევარფინალში.

სუარეს ნავაროს ანდრეა პეტკოვიჩთან ნახევარფინალში სერიოზული მოტივაცია ექნება. თუ ის შეძლებს ფინალის საგზურის მოპოვებას, კარიერიაში პირველად შეაბიჯებს WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში. ესპანელსა და გერმანელს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში თანაბარია - 2:2.

ქალები
1/4 ფინალი
კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ვინუს უილიამსი (აშშ, 16) 0:6, 6:1, 7:5; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული