ავსტრალიის ღია პირველობა: ჰიუიტი ფერერმა გააცილა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის მორიგ სათამაშო დღეს ბევრი საინტერესო მატჩი იყო, მთავარი ყურადღება მაინც დავიდ ფერერისა და ლეიტონ ჰიუიტის შეხვედრისკენ იყო მიმართული. ვეტერან ავსტრალიელს დიდი ხნის წინათ ჰქონდა გამოცხადებული, რომ ავსტრალიის 2016 წლის ჩემპიონატი ბოლო ტურნირი იქნებოდა მის კარიერაში.

შესაბამისად, ნებისმიერი მატჩი მელბურნში ჰიუიტისთვის, შესაძლოა, უკანასკნელი ყოფილიყო პროფესიულ დონეზე. ლეიტონმა პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა, გუშინ კი, მეორე წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავდა ფერერის სახით. და სწორედ, ესპანელმა გაუშვა პენსიაში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

პირველივე წუთებიდან ჩოგბურთელებმა დიდი ბრძოლა გააჩაღეს.
ჰიუიტს შეეძლო 4:0 წაეყვანა ანგარიში, მაგრამ ფერერმა გაუძლო ავსტრალიელის შეტევებს და ოთხი გეიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო. სწორედ ამ მომენტში, ჰიუიტმა თამაშს მკვეთრად მოუკლო და ფერერსაც მხოლოდ ეს უნდოდა - მან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და პირველი სეტი 6:2 მოიგო. ანგარიში არ ასახავდა კორტზე მიმდინარე მოვლენებს: დავიდს ძალიან გაუჭირდა ლეიტონის წინააღმდეგობის გატეხვა.

მეორე პარტიის დებიუტიც თანაბარი გამოვიდა, რის შემდეგაც, ფერერმა ისევ შეასრულა ბრეიკი. გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელიც 15 წუთი გრძელდებოდა. ჰიუიტს შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. ავსტრალიელისთვის ფსიქოლოგიურად რთული იყო ასეთი დრამატული გეიმის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება, ამიტომაც ფერერმა სეტზე იოლად ჩააწოდა.

მესამე სეტში ფერერმა ნაადრევი ბრეიკის შესრულება შეძლო. თითქოს ლეიტონს ამ სეტში განადგურება ელოდა, მაგრამ ავსტრალიელი თამაშში დაბრუნდა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ბრეიკ-პოინტის შანსი მაინც ვერ მიიღო - 6:2, 6:4, 6:4 ფერერის სასარგებლოდ.

მატჩის შემდეგ ჰიუიტმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა: "გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. ვამაყობ იმით, რომ ბოლომდე დავიხარჯე საჩოგბურთო კორტზე. გასახდელში არაფერს ვტოვებდი. ბედნიერი ვიყავი ამ შესაძლებლობით - მეთამაშა ამდენი წლის განმავლობაში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! აქ თამაში დიდი პატივი იყო ჩემთვის".

ჰიუიტს ახალი საქმე აქვს. ის დევისის თასზე ავსტრალიის ნაკრების კაპიტნის პოსტს ჩაიბარებს.

ლეიტონ ჰიუიტი
დაიბადა: 24 თებერვალი, 1981
სიმაღლე: 1.78 მ
კარიერის დასაწყისი: 1998
კარიერის დასასრული: 2016
ჰონორარი კარიერაში: $ 20 717 156
კარიერა: 616 მოგება/262 წაგება

ATP-ის ტიტულები: 30
რეიტინგი: 1 (19 ნოემბერი, 2001)
დიდი სლემი:
ავსტრალიის ღია - ფინალი (2005)
როლან გაროსი - 1/4 ფინალი (2001, 2004)
უიმბლდონი - მოგება (2002)
აშშ-ის ღია - მოგება (2001)
დევისის თასის გამარჯვებული: 1999, 2003

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული