ირაკლი რევიშვილმა მოცურავეთა ბელორუსის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბრესტში, მოცურავეთა ბელორუსის ღია პირველობაზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას.

უკვე ვწერდით, რომ ასპარეზობის პირველ დღეს თეიმურაზ კობახიძემ 200 მეტრზე თავისუფალი ყაიდით სალიცენზიო B ნორმატივი შეასრულა (1.51,45) და საქართველოს რიოს საგზური მოუპოვა.

- ქართველმა მოცურავემ, თეიმურაზ კობახიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!

21 აპრილს ირაკლი რევიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 400 მეტრი თავისუფალი ყაიდით 4 წუთსა და 5,27 წამში დაფარა და ფინალში იასპარეზა. იქ კი ამ დისტანციის გაცურვას 3 წუთი და 56.05 წამი მოანდომა, რაც B ნორმატივს (3.58,51) 2,45 წამით აღემატება,
დაამყარა საქართველოს რეკორდი და ბელორუსის ღია პირველობის ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილებზე მასპინძლები - ვლადიმირ სერგეევი (4.03,31) და ალექსანდრ გულეცკი (4.05,63) გავიდნენ.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში 900 მოცურავე უნდა გამოვიდეს. ლიცენზიას იღებს ქვეყანა, რომლის სპორტსმენებმაც სალიცენზიო A ნორმატივი შეასრულეს. თუ ამ კვოტას ისინი ვერ აითვისებენ სალიცენზიო პერიოდში, რომელიც 2016 წლის 3 ივლისამდე გაგრძელდება, მაშინ ვაკანტური ადგილები გადანაწილდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც 3 ივლისამდე ოლიმპიური შესარჩევი დროის ნორმატივი შეასრულეს (როგორც კობახიძემ და რევიშვილმა), ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სპორტსმენები ყაზანის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს ცურვაში ოლიმპიური საგზური ექნება, მაგრამ რიოში ვინ გაემგზავრება, ეს 3 ივლისის შემდეგ გაირკვევა. უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ისევ ბრესტის ჩემპიონატს დავუბრუნდეთ: მერი მუმლაძემ 200 მეტრი ბრასით 2.39,00-ში გაცურა, რაც საქართველოს რეკორდია (წინა მიღწევა ტატიანა იაჩევსკაიას ეკუთვნოდა - 2.40,37. 1983 წ.).

მერიმ, რომელიც ფინალში ყველაზე უმცროსი იყო (2001 წელსაა დაბადებული), მეოთხე ადგილი დაიკავა. გიორგი ბიგანიშვილმა 50 მეტრი თავისუფალი ყაიდით 2 კვირის წინ ჰოლანდიაში 24.17 წამში დაფარა.

ბელორუსის პირველობაზე შედეგი გააუმჯობესა - დისტანცია 23.96 წამში გაცურა და საქართველოს რეკორდის (23.85, დავით სიხარულიძე, პრაღა 2013) მოსახსნელად 0,11 წამი დააკლდა. 50 მეტრი თავისუფალი ყაიდით საბა მდივანმა 25.21 წამში დაფარა და საკუთარი მიღწევა 0.2 წამით გააუმჯობესა.

გუშინვე ჯუდერ ბიჭიკაშვილმა 50 მეტრი თავისუფალი ყაიდით 25,55 წამში, ხოლო რუსუდან გოგინაშვილმა 200 მეტრი ბრასით 2 წუთსა და 47,35 წამში გაცურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეიგი ცურვაში მედლის არანაირი შანსი არ გვაქვს ოლიმპიადაზე?!
0
რას ამბობ.უფრო ფეხბურთში გავხდებიტ მსოფლიო ჩემპიონები.ქვეყანას 2 ნორმალური აუზი არ აქვს,ავსტრალიელებს და ამერიკელებს კატერით თუ გაასწრებ,თორე შანსი არაა.
nugzari
21:13 22-04-2016
0

სიახლეები პოპულარული