თუმცა უკმაყოფილო არც რუსი სპორტსმენი დარჩენილა, რადგან მისთვის გამარჯვებაზე მეტად მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იმ დღეს მას ნათლობა ჰქონდა - ქართული საფარიკაო ოჯახის ნამდვილი წევრი გახდა, ამიერიდან საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სახელით იასპარეზებს, დებიუტი კი 25 იანვარს ნიუ-იორკში ექნება მსოფლიოს თასის ეტაპზე, სადაც თეოდორა კახიანთან ერთად ცნობილ მოხმალავეებს გაუწევს მეტოქეობას.
თუ როგორ მოხვდა 23 წლის სანკტპეტერბურგელი დარია ანტონოვა
- ნევისპირა ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, - გვითხრა დარიამ მორიგი ვარჯიშის შემდეგ. - დედას ძალიან უნდოდა, ბალერინა ან მუსიკოსი გამოვსულიყავი, ამიტომ პატარაობიდან საბალეტო და სამუსიკო სკოლებში დავყავდი.
2004 წელს ტელევიზიით ათენის ოლიმპიურ თამაშებს ვადევნებდი თვალს. რატომღაც მომინდა, სპორტში მევარჯიშა. წყალხტომა მომეწონა. დედამ რომ შეხედა, კოშკურიდან ისარივით როგორ ეშვებოდნენ წყალში, შეეშინდა - ოღონდ ეს სახეობა არა და სხვა რაც გინდა, ამოირჩიეო, თან სპორტის სახეობების სია დამიდო წინ.
12 წლის ვიყავი და სპორტში ვერ ვერკვეოდი. რატომღაც ფარიკაობას დავადე ხელი. დღეში ორჯერადი ვარჯიშის შემდეგ საღამოობით მუსიკაზე გავრბოდი. შინ დაღლილ-დაქანცული ვბრუნდებოდი, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, რომ დედას ფარიკაობაზე სიარული არ აეკრძალა.
- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?
- მალევე: ერთი თვის შემდეგ თანატოლებს შორის ქალაქის პირველობა მოვიგე. 2006 წელს ვროცლავში სადებიუტო საერთაშორისო ტურნირზე გავიმარჯვე და მერე რუსეთის კადეტთა ნაკრებშიც მოვხვდი. 2010 წელს ევროპის გუნდურ პირველობაზე ხმალში მეორე ადგილი დავიკავე - ფინალი უნგრელებთან დავთმეთ. პირად პირველობაში მე-5 ადგილზე გავედი. იმავე წელს რუსეთის ჩემპიონატი თანაგუნდელთან ერთი ჩხვლეტით წავაგე და სინგაპურში პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვეღარ გავემგზავრე. ძალიან დამწყდა გული, რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი.
2013 წელს კიევში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის ეტაპი მოვიგე - ფინალში მასპინძელ ალინა კომაშჩუკს ვძლიე, მომდევნო წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იუნიორთა ევროპის პირველობაზე გუნდურში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.
- ასეთი წარმატებული ახალგაზრდა რუსი სპორტსმენი საქართველოში როგორ აღმოჩნდით?
- მოგეხსენებათ, ცხოვრება სავსეა ზიგზაგებით. 2014 წელს გავთხოვდი. შვილის შეძენის შემდეგ რუსეთის ნაკრებში დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა - მწვრთნელები ბავშვიანი სპორტსმენის აყვანაზე თავს იკავებდნენ. ჩემი პირველი მწვრთნელი კი მარწმუნებდა, რომ ფარიკაობისთვის თავი არ დამენებებინა, უანგაროდ მავარჯიშებდა. შარშანწინ საკუთარი სახსრებით გავემგზავრე გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე. იქ შევხვდი სანდრო ბაზაძეს, რომელსაც კადეტთა ტურნირებიდან ვიცნობდი. ისიც გვაახლოებდა, რომ მე, სანდრო და ბექა ბაზაძე 29 ივლისს ვართ დაბადებულები და შესაძლებლობის შემთხვევაში ერთმანეთს ვულოცავდით დაბადების დღეებს.
სანდროს ვუამბე ჩემი თავგადასავალი. არაფერი უთქვამს. შარშან თებერვალში "მოსკოვის ხმალზე" რომ შევხვდით ერთმანეთს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს სახელით გამოსვლა რომ შემომთავაზა, არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი თანხმობა. შარშანვე მივიღე საქართველოს მოქალაქეობა. ზაფხულში სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი როგორც კი დავამთავრე, მაშინვე ჩავალაგე ბარგი და თბილისში ჩამოვედი, აქ განვაგრძე ვარჯიში. ახლა მხოლოდ საახალწლოდ ვიყავი შინ წასული - ჩემები მოვინახულე, შვილი მომენატრა ძალიან.
- 25 იანვარს ნიუ-იორკში მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოხვალთ. ეს რომ გაიგეთ, რა ინატრეთ?
- (ეცინება) მესმის თქვენი, თუმცა, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ წარმატებით ფარიკაობა შემიძლია და მერე სხვებსაც ვაჩვენო, რომ უსამართლოდ მაქციეს ზურგი. თუმცა ბოღმას არ ვინახავ გულში, რადგან ასეთი ადამიანი გამარჯვებას ვერ მიაღწევს.
მე და თეოდორა კახიანი კარგა ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. მიხარია, რომ ამერიკაში მასთან ერთად მომიწევს გამოსვლა. რაც მთავარია, ჩვენს ორეულს ნიჭიერი გოგონა ლიკა ჯიჯიეშვილი დაემატება და, არ არის გამორიცხული, ჩვენგან კარგი გუნდი შეიკრას. მთავარია, ერთმანეთს შევეჩვიოთ, გუნდური პრინციპი გავითავისოთ. ამას კი საერთაშორისო ტურნირებზე ერთად გამოსვლით შევძლებთ.
ვფიქრობ, რომ წლეულს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, საქართველოს მოხმალავე ქალთა ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"