მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები მედლებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ლაიპციგში 19 ივლისს დაიწყო მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ცხრა წარმომადგენელი მოსინჯავს ძალებს.

გუშინ საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავე ვაჟებიც გავიდნენ. სანდრო ბაზაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგით მეთოთხმეტეა, საკვალიფიკაციო ეტაპისგან თავისუფალი იყო.

ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელმაც ხუთიდან ოთხი მეტოქე დაამარცხა - აიდებ კლერკი (ირლანდია, 5:0), იუსუფ ალშალმანი (საერთაშორისო ფედერაცია, 5:4), იან ლიუ (ჩინეთი, 5:2), იულიან თეოდოსიუ (რუმინეთი, 5:4) და მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა დათმო ამერიკელ ჯეფ სპირთან - 4:5, თუმცა პლეი ოფში მაღალი რეიტინგით გავიდა, იქ კი მეორედ დაამარცხა იან
ლიუ, ამჯერად - 15:10 და 64 საუკეთესოში მოხვდა.

ბექა ბაზაძე შვიდკაციან ჯგუფში იბრძოდა, სადაც ოთხი გამარჯვება მოიპოვა: ევანგელოსს ბუკასს (საბერძნეთი, 5:1), კირილ კირპიჩოუს (ბელარუსი, 5:3), ივან სტეფანო ლუკჩეტსა (არგენტინა, 5:4) და რუანგრიტ ჰაეკერს (ტაივანი, 5:1) აჯობა, ხოლო ორი შეხვედრა წააგო, პლეი ოფში კი კარისონ პანგმუუნი (ტაივანი) დაჯაბნა - 15:8.

საბა სულამანიძემ კლასიფიკაციაში მხოლოდ ორ მეტოქეს მოუგო - სორავიტ კისირიბუნსა (ტაივანი, 5:0) და ალი ალჰუსეინს (საუდის არაბეთი, 5:2), მაგრამ პლეი ოფში მაინც მოხვდა, იქ კი ამერიკელ ჯეფ სპირთან ვერაფერს გახდა (3:15) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

21 ივლისს პლეი ოფში მედლებისთვის პაექრობები გაგრძელდება: სანდრო ბაზაძე ძიან ჟანის
(ჩინეთი) შეხვდება, ბექა ბაზაძე კი რუმინელ ტიბერიუ დოლნიჩეანუსთან გაარკვევს ურთიერთობას.

წარმატების შემთხვევაში ძმები მომდევნო წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მიხეილ მარდალეიშვილს ფრანგი ბოლად აპიტი ერგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული