ეს 26 წლის სპორტსმენი გორიდანაა. ვიდრე 2011 წელს ამერიკაში გადავიდოდა საცხოვრებლად და საასპარეზოდ, გორში თავისუფალი ჭიდაობის სექციაში ნუგზარ სხირელთან ვარჯიშობდა. მაყაშვილი მუდამ აქტიურად და რაც მთავარია, წარმატებით იყენებს ჭიდაობის ხერხებს შერეული ორთაბრძოლებისას. იგი 66 კგ-ში მეტსახელ "ბზიკით" (Hoornet) ასპარეზობს.
აქამდე ჩატარებული 10 პაექრობიდან 9 მოგებული აქვს,
ერთადერთი შეხვედრა ალექსანდრ ბეზერასთან 2014 წლის აგვისტოში დათმო, მაგრამ ორ თვეში მატჩ-რევანშისას ისიც დაამარცხა.
პასაიში UFC-ს პირველივე ბრძოლაში მაყაშვილის მოწინააღმდეგე მარკ ედივა იყო. ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, ჭიდაობის ილეთებით მეტოქეს, ძირითადად, პარტერში გადასვლას აიძულებდა და იქ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ ამყოფებდა. სამი მსაჯიდან ორმა ქულები ლევანის სასარგებლოდ დათვალა, ხოლო ერთმა რეფერიმ ფრე დააფიქსირა და შესაბამისად, გამარჯვებულადაც მაყაშვილი დასახელდა.
"UFC-ში ასპარეზობა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. მიხარია, რომ აქ მოვხვდი და თანაც, გამოსვლა გამარჯვებით დავიწყე. ფილიპინებში საბრძოლველად ჩამოსულს ცოტა ადაპტაცია გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა", - უთხრა ჟურნალისტებს ლევან მაყაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"