ის კრივმა გადაარჩინა - ვინ არის კლიჩკოს დამმარცხებელი

AutoSharing Option
ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ სუპერმძიმე კატეგორიას ახალი მეფე ჰყავს ბრიტანელი ენტონი ჯოშუას სახით. ისევე, როგორც ბევრ ძველ ლეგენდას, ჯოშუასაც ჰქონდა პრობლემები კანონთან...

ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჯოშუა კრივზე არც ფიქრობდა. მაღალ კლასებში გიგანტი ენტონი ფეხბურთით იყო დაკავებული. ჰიპერაქტიური და ფიზიკურად ძლიერი ჯოშუა მუდმივად უსიამოვნებებში ეხვეოდა.

სხვა სკოლის თანატოლებთან მატჩის დროს, ენტონიმ ნერვები ვერ მოთოკა, მოწინააღმდეგეს კისერში სწვდა და შორს მოისროლა. ჯოშუა მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს - პოლიციამ ოფიციალური გაფრთხილება გამოიტანა.

ბიჭის სხეულში დაბუდებული დემონი მაინც არ წყნარდებოდა. ენტონი
რეგულარულად ჩხუბობდა ქუჩაში, რის გამოც, ერთხელ, რედინგში პოლიციამ დააკავა. ჯოშუას 10 წელი ციხე ელოდა და იქიდან მხოლოდ წელს გამოვიდოდა. არასრულწლოვანი დამნაშავე ციხეს გადაურჩა, მაგრამ მთელი წელი ელექტრონული სამაჯურით დადიოდა. ოჯახი მიხვდა, რომ ენტონი უნდა გადაერჩინათ, სანამ რაიმე ახალ თავგადასავალში არ მოხვდებოდა. საქმეში ბიძაშვილი ჩაერთო და გზააბნეული ბიჭი კრივზე მიიყვანა.

იმ დღემ სამუდამოდ შეცვალა თინეიჯერის ცხოვრება. თავდაპირველად, ენტონი, უბრალოდ, ვარჯიშობდა, მაგრამ, როგორც კი ხელთათმანები ჩაიცვა - მისი გაჩერება შეუძლებელი იყო. "კრივმა მართლაც გადაარჩინა ის ციხეს. ენტონი კრივის დარბაზში მოვიდა და თან მხრებზე აწვა საზოგადოებრივი წესრიგის მხეცურად დარღვევის ბრალდება", - იხსენებს ყოფილი მოკრივე ოლივერ სპენსერი.

სამი წლის შემდეგ ჯოშუა პირველ სერიოზულ წარმატებამდე მივიდა: მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოყვარულებს შორის. ენტონის პრომოუტერების რიგი დაუდგა, რომლებსაც სურდათ, პერსპექტიული მებრძოლი პროფესიონალებში გადაეყვანათ. მაგრამ ჯოშუას წინ ელოდა ლონდონის ოლიმპიადა.

"მშვიდად ვთქვი უარი შეთავაზებულ 50 ათას ფუნტზე. სპორტში ფულის გამო არ მივსულვარ. მედლების მოგება მინდა", - ახსნა ენტონიმ.

2010 წელს, მიზანდასახული სპორტსმენი ქვეყნის ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ისევ აურია. ჯოშუა ტრასაზე "მერსედესით" მიქროდა და რადარზე დაფიქსირდა. მანქანის დათვალიერების შემდეგ პოლიციელებმა მარიხუანა იპოვეს. ენტონის ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების შენახვაში მისი რეალიზების მიზნით და შოკისმომგვრელი ციფრი გამოაცხადეს: ასეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 14 წელი პატიმრობა. ჯოშუამ ბრალი აღიარა, პირობითი სასჯელი (12 თვე) და 100 საათი გამოსასწორებელი სამუშაოები მიიღო.

მოკრივე ნაკრებს დროებით ჩამოაშორეს. ოლიმპიადამდე წელიწად-ნახევარი იყო დარჩენილი და ენტონი სწორად იყენებდა ამ დროს: აიღო ვერცხლი მსოფლიოს ჩემპონატზე. ეროვნულ გუნდში დაიჯერეს ჯოშუას გამოსწორება, მებრძოლმა სრულად გადახედა თავის შეხედულებებს ცხოვრებაზე:

"ვუთხარი მეგობრებს: "ბიჭებო, ჩემი გზა - ეს კრივია. ეს ის არის, რაც მინდა ვაკეთო". ამის შემდეგ შევწყვიტე გართობა, სმა და მოწევა. ყველაფერი ან არაფერი. სასამართლოდან სპორტულ გამარჯვებებამდე. ნეგატიურიდან პოზიტიურამდე".

მოკრივის პრომოუტერმა ედი ჰირნმა მხარი დაუჭირა თავის კლიენტს მარიხუანასთან დაკავშირებით ისტორიაში: "მისთვის ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ის არის ცუდი ბიჭი, რომელიც ცდილობს, იყოს კარგი. კრივმა იხსნა მისი ცხოვრება. ასწავლა დისციპლინა".

ჯოშუამ ოლიმპიური ოქროს მედლით გადაუხადა მადლობა ყველას, ვისაც მისი სჯეროდა და პროფესიონალებში გადავიდა. ახალ დონეზე გამოსვლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ჯოშუა დღემდე დაუმარცხებელია.

ენტონის წარმატების საიდუმლო სამ დამოუკიდებელ შემადგენელშია: სისწრაფე, აზროვნება და ძალა. სისწრაფე ჯერ კიდევ სკოლაში გაჩნდა. ბიჭი დაუჯერებელ რეკორდებს ამყარებდა, როცა 100 მეტრს 11 წამზე ნაკლებ დროში გარბოდა. ეს ძალიან ეხმარებოდა საფეხბურთო მოედანზე, რადგან ჯოშუა ყველას დიდი მანძილით უსწრებდა.

ფეხბურთთან კავშირი დღემდე დარჩა: ენტონი მეგობრობს "უოტფორდის" კაპიტანთან, ტროი დინისთან, იუვენტუსელებთან - პაულო დიბალასთან და მირალემ პიანიჩთან, "ბარსელონას" ექსფეხბურთელ ერიკ აბიდალთან, მის ბრძოლებს ესწრებოდა თვით ჟოზე მოურინიო. გარდა ამისა, მოკრივე სისწრაფეზე მუშაობდა ჩოგბურთში მეცადინეობებისას: ჯოშუა რეგულარულად ესწრება უიმბლდონს, რათა ენდი მარეისთვის დაეჭირა მხარი.

კუნთები ჯოშუამ მშობლიურ უოტფორდში დაიბერა. სპორტში წასვლამდე ქვებსა და აგურებს ეზიდებოდა. "მინდოდა მშენებელი გამოვსულიყავი, ვვითარდებოდი ამ მიმართულებით, ვოცნებობდი საკუთარი კომპანიის შექმნაზე", - აღნიშნავს ჯოშუა. ხოლო თავისი ცხოვრების წესის შეცვლას ენტონი უნდა უმადლოდეს ლეგენდარულ ლენოქს ლუისს. ყოფილ მოკრივესთან შეხვედრის შემდეგ, ჯოშუამ ჭადრაკის სიყვარული გადაიღო: "ჭადრაკში ყველაფერი ისეა, როგორც რინგზე: ორი სვლით წინ უნდა იხედო".

"უემბლის" 90-ათასიან პუბლიკაში არ ყოფილა ჯოშუას ყველაზე ახლობელი ადამიანი - დედა იეტა, რომელთანაც ჯოშუა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ, ენტონი ხვდებოდა ცეკვის მასწავლებელ ნიკოლ ოსბორნს, მაგრამ გასულ წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს:

ჯოშუამ თავისი ყოფილი სამოქალაქო მეუღლისთვის და პატარა ვაჟისთვის ბინა იყიდა ლონდონში 500 ათას ფუნტად, თავად კი დედასთან გადავიდა. "მამაჩემი მოვა, მაგრამ დედას არ მივცემ უფლებას. ჩხუბი - საუკეთესო მოვლენა არ არის შვილზე დასაკვირვებლად", - განაცხადა მოკრივემ.

დედა ყოველთვის იყო ენტონის გვერდით. "ერთმა მწვრთნელმა ერთხელ თქვა: "თქვენი ბიჭი ჩემპიონი გახდება". მაშინ გავიფიქრე, რომ მან გააფრინა", - იხსენებს იეტა. მაგრამ წინასწარმეტყველება ახდა. კლიჩკომდე ჯოშუამ 18 მეტოქე გაუშვა ნოკაუტში და მხოლოდ თანამემამულე დილიან უაიტმა და ამერიკელმა დომინიკ ბრიზილმა გაძლეს სამ რაუნდზე მეტხანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლიჩკოსთან მეექვსე რაუნდში ძალიან მაგრად გადარჩა წაგებას ჯოშუა, რადგან კლიჩკომ ნოკდაუნში ჩააგდო ჯოშუა და ზუსტად მაგ დროს კლიჩკომ უდიდესი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა რომ ბოლომდე არ ურტყა ჯოშუას და საბოლოოდ მე 11 რაუნდში წააგო ჯოშუასთან, სხვათა შორის ყველა პროფესიონალი მოკრივე და ანალიტიკოსები მაგას ლაპარაკობენ.
ხვიჩა
11:45 04-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული