თარაშ კანდელაკი კრივში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონია

AutoSharing Option
თარაშ კანდელაკი ამ დღეებში ახალქალაქში გამართულ საქართველოს კრივის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თავისზე ორი-სამი წლით უფროსებთან პაექრობაში დაეუფლა ოქროს მედალს. მანამდე ორჯერ გახდა ჭაბუკებში ქვეყნის ჩემპიონი.

"ვერ ვიტყვი, რომ წარმატება იოლად მოვიდა. თანაც, ახალგაზრდებს შორის და 81 კგ-შიც პირველად ვიასპარეზე", - გვითხრა თარაშმა.

გამარჯვებულმა ისიც გვითხრა, რომ ოთხ წელიწადში დაახლოებით 30 კგ მოიმატა. შარშანწინ ჭაბუკებში ჩემპიონი 60 კგ-ში გახდა, შარშან - 75-ში. როგორც ვხედავთ, ადაპტაციის ეტაპებს ეს ნიჭიერი ახალგაზრდა წარმატებით ძლევს.

"ქვეყნის ჩემპიონატების რეგიონებში ჩატარება ურიგო ნამდვილად არაა, მაგრამ ადგილის შერჩევა
დროის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ახალქალაქში ზამთარში ძალიან ცივა, ქვეყნის ჩემპიონატი წელიწადის ამ დროს სხვაგან უნდა გამართულიყო. არაერთმა მოკრივემ გაციების გამო ან კარგად ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, ანდა სულაც ვერ გავიდა რინგზე", - გვითხრა გიორგი კანდელაკმა.

მსოფლიოს ჩემპიონი შვილის წარმატებებით, ბუნებრივია, უკმაყოფილო ვერ იქნება, მაგრამ მაინც კრიტიკულია.

"თარაშის გამარჯვებები მახარებს, თუმცა შექებაზე მეტად ყოველთვის შეცდომებზე ვუთითებ. ამჟამად მისი ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება დამაკმაყოფილებელია, რის ხარჯზე იგებს კიდეც, მაგრამ ფიზიკური მომზადების ხარისხით ვარ ჯერჯერობით ძალიან უკმაყოფილო.

ვფიქრობ, რომ ნაკრებშიც არავის აწყენდა გაცილებით უფრო გაძლიერებული ვარჯიშები. წარმატებები უდიდესი შრომის ფასად მოდის. ხანდახან შინ მისულს სპორტულების გახდის ძალა აღარ მქონდა, ისე ვიხარჯებოდი ვარჯიშებზე. სამწუხაროდ, დღეს ასეთ მონდომებას ნაკლებად ვხედავ. სპორტსმენი თავისი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულით არა უნდა კმაყოფილდებოდეს. მთავარია, შენი სამშობლოს სახელი უცხოეთში გაიტანო", - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ათ წელიწადზე მეტია, გიორგი კანდელაკი საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტია და მოკრივეებს გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ სწორედ პროფესიულ რინგზე გადასვლას ურჩევს. აღმოჩნდა, რომ შვილის კარიერაც მომავალში ამ მიმართულებით გაგრძელდება.

"სამოყვარულო კრივი პოპულარობით ადრეც ჩამოუვარდებოდა პროფესიულს, ბოლო რამდენიმე წელიწადში კი სულაც ჩამორჩა. თარაშსაც წელიწად-ნახევრის ან ორი წლის შემდეგ გადავიყვან პროფესიულ რინგზე. მინდა, რომ სწორედ იქ მიაღწიოს წარმატებებს", - გეგმავს გიორგი კანდელაკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული