უკრაინელი ტიტულს ვერ შეწვდა

AutoSharing Option
გასულ კვირას, პროფესიულ კრივში რამდენიმე საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა. სან ანტონიოში 33 წლის მექსიკელმა ორლანდო სალიდომ მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 26 წლის უკრაინელ ვასილი ლომაჩენკოს. ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება პროფესიულ რინგზე თავის რიგით მეორე შეხვედრაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სალიდო ვერ ჩაეტია 57.1-კილოგრამამადე წონაში და ამის გამო ტიტული ბრძოლამდე დაკარგა. რაც შეეხება ბრძოლას, ის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საეჭვოდ მოჩანდა რეფერის მუშაობა, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა სალიდოს ხშირ დაარტყმებს წელსქვემოთ. ბოლო რაუნდში ლომაჩენკოს კარგი კომბინაცია გამოუვიდა,
მაგრამ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო.

მსაჯების ჩანაწერები ასეთი იყო: 116:112 და 115:113 სალიდოს სასარგებლოდ, 115:113 ლომაჩენკოს სასარგებლოდ. WBO-ის ტიტული ვაკანტური დარჩა.
* * *
იმავე სან ანტონიოში საშუალო წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა, 28 წლის მექსიკელმა ხულიო სეზარ ჩავეს-უმცროსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა 31 წლის ამერიკელი ბრაიან ვეროი. ბრძოლის პირველი ნახევარი მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მხოლოდ ჩავესი ჩანდა რინგზე. მას მსაჯებმა გამარჯვება მიანიჭეს: 117:110, 117:110, 114:113.
* * *
გერმანიაში გაიმართა პროფესიული კრივის საღამო, რომლის მთავარ ბრძოლაში მეორე საშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, რუსული წარმოშობის 32 წლის გერმანელი რობერტ შტიგლიცი ხვდებოდა ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, სომხური წარმოშობის 33 წლის გერმანელს არტურ აბრაჰამს. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო.

ბრძოლის დასაწყისში შტიგლიცი უფრო აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ ბევრი იყო კლინჩი და პაუზა და ამან ცუდად იმოქმედა შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე. ბრძოლის მეორე ნახევარში აბრაჰამი გააქტიურდა, მაგრამ შესამჩნევი უპირატესობა არ მიუღია, თუმცა მე-12 რაუნდში მან შტიგლიცი ნოკდაუნში გაგზავნა, ოღონდ ბრძოლის ღირსეულად დასრულება ვერ შეძლო. მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილება მიიღეს: 113:112 შტიგლიცის სასარგებლოდ, 115:110 და 114:111 აბრაჰამის სასარგებლოდ.

* * *
შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში ბრძოლა გამართეს მჩატე წონაში WBO-ის ჩემპიონმა, 30 წლის რიკი ბარნსმა და პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა, 26 წლის ამერიკელმა ტერენს კროუფორდმა. ადრეული რაუნდები თანაბარი იყო, მაგრამ შემდეგ, კროუფორდმა უპირატესობა მოიპოვა და სამივე მსაჯმა მას უპირატესობა მიანიჭა: 117:111, 115:112 და 115:112.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი მეგონა, გლაზგო ყოფილა.
olega
00:48 03-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული