თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ეხმაურება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებას, ფოთში 21-23 ოქტომბერს საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის თაობაზე.
- "მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!"
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას 17 ოქტომბერს ეცნობა უარის პასუხი ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მერიის განმარტებით, უარის მიზეზი გახდა
"IV კვარტლიდან საჭირო გახდა თანხების მობილიზება III კვარტალში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუშვებელია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ბიუჯეტის პროგრამებში ცვლილების განხორციელება, რის გამოც ვერ მოხდა IV კვარტალში "სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის შევსება, შესაბამისად ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას აღნიშნულ ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე თანხების უქონლობის გამო ეთქვა უარი, რაც ბატონ დავით ქაცარავას ოქტომბრის დასაწყისში, სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის დროსაც განემარტა და შედგა მოლაპარაკება შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას დაუფინანსდა: 25-26 მაისს საქართველოს ჩემპიონატზე კანოე-კაიაკში თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა; 25-29 მაისს საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე და ფოთის საერთაშორისო რეგატაზე ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა; 24-26 ივნისს ნაკრები გუნდის მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო რეგატაში კანოე-კაიაკში; 23-25 სექტემბერს ქ. ფოთში ნაკრები გუნდის მონაწილეობა საქართველოს ღია პირველობაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში.
ამასთან, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მერიას სპორტის მიმართულებით შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, მიუხედავად ამისა, ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, 2016 წელს დაფინანსდა თბილისის 33 სპორტული ფედერაცია, საქართველოს 17 ეროვნული ფედერაცია, ასევე დაფინანსდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები, კავშირები და კლუბები.
სულ 9 თვის განმავლობაში დაფინანსდა 200-მდე სპორტული ღონისძიება:
განხორციელდა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამები თბილისში მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთათვის და 18 წლამდე წარმატებული სპორტსმენი ბავშვებისთვის; 2016 წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია 400 მწვრთნელ-მასწავლებელს და 250 წარმატებულ სპორტსმენს.; 2016 წლის ბიუჯეტით პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 950 000 ლარი.
"აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, თბილისში პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის, თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უნზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვითარდება პარასპორტის 9 სახეობა", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, 2016 წელს დამონტაჟდა თბილისის ათი რაიონის 24 ცენტრალურ სკვერში, გარე-გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები; 2016 წელს ქალაქ თბილისში მუხიანის IV მ/რ-ში მიმდინარეობს 3 სარაგბო მოედნის მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით (საჭირო შენობა-ნაგებობებით), რომელიც 2017 წელს დასრულდება; სოფ. გლდანში გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზი; ვაზისუბნის დასახლების მე4 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება რაგბის სტადიონის მშენებლობა; მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 2 საცურაო აუზს, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს. ობიექტის რეაბილიტაცია დასრულდება 2017 წელს; გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სპორტული წრეები.
"მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დავით ქაცარავას ამ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა სხვა მიზნები ამოძრავებდეს, თბილისის მერია კვლავ გააგრძელებს სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების ხელშეწყობას", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქაცარავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ 22 სექტემბერს წერილი შეიტანა ქ.თბილისის მერიაში, საქართველოს თასზე 21-23 ოქტომბერს ქ. ფოთში ჩასატარებელ თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით და 2 350 ლარი მოითხოვა, რასთან დაკავშირებით ფედერაციამ მერიისგან უარი მიიღო.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით