თავდაპირველად ჩემპიონატში ახალგაზრდები ჩაებნენ და გოგოებმა ისროლეს, ჩვენგან კი სტარტზე ქუთაისური დუეტი გავიდა: 20-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ლიზი კილაძე. სამწუხაროდ, ფინალში ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა.
ძალზე დასანანია, რომ კილაძეს იქამდე ერთადერთი ქულა დააკლდა - საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 374 ქულით დაასრულა, რაც მე-10 შედეგი აღმოჩნდა, ფინალურ ოქტეტში გამსვლელი კი 375 ქულა გამოდგა. არადა, კილაძის პირად რეკორდს - 386-ს თავი
ზოგადად, ჩვენებურმა შესარჩევში პირველი ნახევარი უფრო ცუდად ჩაატარა - 93 და 92 ქულა დააგროვა, მერე კი 94 და 95 აჩვენა. შესაძლოა, ეს გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორის გამოც მოხდა და ასე ზედმეტი ნერვიულობით დაემართა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ორ სერიაში ხუციბერიძემაც ზუსტად ასეთივე ქულები დააგროვა - 93 და 92, თუმცა ყველაზე მეტად მესამე ჩააგდო - 91, გამოსვლა კი 95 ქულით დაასრულა. შედეგად, პირადი რეკორდი ვერც მან გაიმეორა და 370 ქულა დააგროვა, რაც 25-ე შედეგი აღმოჩნდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის უდავო ლიდერად ჩეხი დენისა ბეზდეჩა იქცა, ვინც 385 ქულა დააგროვა (96, 97, 97, 95) და გვარიანად ჩამოიტოვა უახლოესი მდევრები, მეორეზე გასული ფრანგი მატილდე ლამოლე და მესამეადგილოსანი უნგრელი ვერონიკა მაჟორი, რომლებმაც 380 დააგროვეს. ფინალში გავიდნენ იტალიელი რებეკა ლესტი (379), უკრაინელი პოლინა კონარიევა, რუმინელი როქსანა დელია ბონტე, გერმანელი ჯესიკა შრადერი (ყველა - 376) და ზემოხსენებული სლოვაკი ერნცოვა 375-ით.
ფინალში ის მოხდა, რის გამოც ახალ წესებს მუდამ აკრიტიკებს ჩვენი ლეგენდარული მსროლელი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე - რაკი წინასწარი შედეგები გაუქმდა, იმხელა უპირატესობის და ისეთი შედეგის მქონე ბეზდეჩა ბრინჯაოს ძლივს დაეპატრონა. ჩემპიონი უნგრელი მაჟორი გახდა 235.9 ქულით, რაც ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის რეკორდი გახდა. მეორეზე უკრაინელი გავიდა 235.0-ით, ბეზდეჩამ კი 214.3 ქულით დაასრულა გამოსვლა. გუნდურ ჩათვლაში 1118 ქულით ფრანგულმა სამეულმა გაიმაჯვა (ლამოლე, კამილე იედრძეჟევსკი, კატელინე ნიკოლასი). თუმცა ფრანგებმა ოქროს მედალი გადათამაშების შემდეგ მიიღეს, რადგან დამატებით სერიაში 29:16 აჯობეს გერმანულ ტრიოს (შრადერი, მირლამ პიჩაჟეკი, ლეა კლესატელი). ბრინჯაოს მედალს 1116 ქულით უდავიდარაბოდ და გადასროლის გარეშე ჩეხები დაეუფლნენ (ბეზდეჩა, ანა დედოვა, ალზბეტა დედოვა).
დღეს ტურნირში ჩვენი ბიჭების სამეული ჩაებმება და, ამდენად, გუნდური ჩათვლაც გვექნება საქომაგო. სტარტზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შარშანწინდელი გუნდური პირველობის ბრინჯაოსმედალოსნები, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანი და აკაკი მოსულიშვილი დადგებიან, რომლებსაც ამჯერად თავის კარიერაში პირველად ივა ჭანკოტაძე შეუამხანაგდება. უდავოა, რომ ამ სამეულიდან ყველაზე გამოცდილი მაჭავარიანია, ვისაც პირადი რეკორდიც თვალსაჩინო აქვს - 583 ქულა. ერთი სიტყვით, წარმატების მოლოდინი პირადშიც უნდა გვქონდეს და გუნდურშიც.
დღესვე გაიმართება შერეულ წყვილთა შეჯიბრება ახალგაზრდებში, ხოლო რაც შეეხებათ უფროსებს, ისინი საქმეში ხვალიდან ჩაებმებიან: ჯერ ლევან ქადაგიძე გამოვა ვაჟთა შორის, ნინო სალუქვაძე კი 11-ში გამოვა. ზეგვე ჩატარდება შერეულ წყვილთა სროლები უფროსებში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"