პარადოქსია, რომ ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს ღია სასროლეთი, არ გვაქვს 50-მეტრიანი ტირი, არაა ბაზები, მაგრამ მაინც გვყავს ისეთი ლეგენდარული სპორტსმენი, როგორიც თავად ნინოა და თან მოდის ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა. შედეგად, გვყავს ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი პირად პირველობაში - ნინო ხუციბერიძე, გუნდურში ახალგაზრდებში ევროპის მესამეპრიზიორი ნაკრები (ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, ვლადიმერ მაიოროვი).
პარადოქსია, რომ ამ პირობებში გაიზარდნენ მაჭავარიანის და ლიზი კილაძის
პარადოქსია, რომ მას შვეიცარიელებმა უახლესი ფირმის იარაღი აჩუქეს, მაგრამ გაუმართავი კანონმდებლობის გამო ვერ შემოაქვთ საზღვარზე...
საოცარია, ასეთ პირობებში სად და როგორ გაიზარდა ეს თაობა, რომელიც უკვე ამ ოლიმპიურ ციკლშივე დადებს შედეგებს, ხოლო მომავალში, ვინძლო, თავად სალუქვაძესაც ბევრად არ ჩამორჩნენ.
ოლიმპიადის გარდა, ნინო სალუქვაძესთან სამომავლო გეგმებზე, პერსპექტივაზეც გვინდოდა საუბარი, მაგრამ ამდენი პრობლემის, ამდენი პარადოქსის შემდეგ როგორ გინდა, დადებითი ტონი შეინარჩუნო. ამიტომ ინტერვიუც პრობლემური გამოგვივიდა.
- რიოს ოლიმპიადის შეფასებით დავიწყოთ, ხართ კმაყოფილი თქვენი და ცოტნეს გამოსვლით?
- ცოტნეს გამოსვლით დავიწყებ, რომლისგანაც სასწაულს არ ველოდით, თუმცა, როცა ლიცენზია მოიპოვა, ყველა მეკითხებოდა, რა მოხდება, რას იზამს, იქნებ მოიგოსო! რა მოგება, საგზური რომ აიღო, ესეც გმირობა იყო, ისეთ ხალხს წაჰგლიჯა ლიცენზია. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები დარჩნენ უსაგზუროდ, ამან კი ბოლო სალიცენზიო ტურნირში, ბოლო ცდაზე მოიპოვა.
ოლიმპიადა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა, მაგრამ თვითონ არ ნერვიულობდა, წყნარად იყო. ცხადია, განცდა ჰქონდა, მაგრამ - ზომიერად, თორემ ვერ დავიჯერებ, ვინმეს განცდა არ ჰქონდეს. პირიქით - ზომიერი ნერვიულობა საჭიროც კია, რადგან კონცენტრაციაში გიწყობს ხელს. მან კარგი ხასიათი გამოავლინა, მებრძოლია და მონაცემები აქვს. მოგეხსენებათ, სპორტულ პისტოლეტში 50-მეტრიანი სასროლეთი არა გვაქვს და ვერ ემზადებოდა. ამ დისტანციაში მან ოლიმპიადის წინ მხოლოდ სამჯერ ივარჯიშა ბაქოში, სადაც შეკრებაზე წავედით და ასევე სამჯერ - საკუთრივ ბრაზილიაში, ადგილზე ჩასვლის შემდეგ. სულ ექვსი ვარჯიშით გავიდა მეთხუთმეტე ადგილზე.
ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, სხვას არასოდეს არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ პნევმატურ იარაღს რაღაც პრობლემა ჰქონდა, რომელიც დროულად ვერ გავარკვიეთ. ის ახალი იარაღია, ელექტრონული სასხლეტით - მართლა ძალიან კარგია, მაგრამ იქ რომ ჩავედით, არ ისროდა. ფირმის წარმომადგენელთა ჩამოსვლამდე ვიღაც დაგვეხმარა, მაგრამ, მე მგონი, მას ჰქონდა ხარვეზი, რომელიც დროულად ვერ გავიგეთ. იქ იმ ხელოსნებმა ვითომ კი შეაკეთეს, მაგრამ საბოლოოდ თბილისში აღმოვაჩინეთ, რაც სჭირდა.
ღია სასროლეთი აქ არ გაგვაჩნია და მხოლოდ შეკრებებზე ვემზადებით უცხოეთში, მაგრამ მთელი წელიწადი ხომ ვერ წახვალ საზღვარგარეთ? ეს შეუძლებელია. არადა, ყოველდღიური ვარჯიში გჭირდება, რადგან ჩვენთან ხელის მდგრადობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თან სად ღია სასროლეთზე ვარჯიშს რომ ეჩვევი და - სად დახურულ ტირში, ხელოვნურ განათებაზე!
ბაქოში კი გავიარეთ შეკრება და შემდეგ ჩავედით ბრაზილიაში, სადაც ერთი კვირა ვივარჯიშეთ. სპორტულში მრგვალ სამიზნეზე კარგად დავიწყე, მაგრამ ნახევარი სერია არაფერს ნიშნავს. ეგ კი არა, ამ ახალი წესებით საკვალიფიკაციო ეტაპის ქულებიც იკარგება, რაც დამტკიცდა, რომ არაობიექტურია და ცვლიან, მაგრამ მეც და სხვებიც კი დავზარალდით.
სპორტულში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მე და ბერძენ ანა კორაკაკის, ვინც საბოლოოდ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მეორე შედეგი გვქონდა, ორივეს 584-584 ქულა. ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჯინჯინ ჭანი მთელი 8 ქულით გვისწრებდა, მაგრამ საერთოდ ვერ აიღო მედალი, მეოთხეზე დარჩა. მის ადგილას მე ინფარქტი მომივიდოდა და, ალბათ, მოვუბრუნდებოდი იმ მსაჯებს და იმ საერთაშორისო ფედერაციას, რომელმაც ეს იდიოტური წესები მოიგონა. ფინალში მორტყმად ითვლება 20.2 და იმის ზევით, 10.1 ნულად გეთვლება. 7-იანს გაარტყამ, 9-იანს თუ 10.1-ს, მაინც ყველა ნულად გეთვლება. საერთოდ რომ არ ისროლო, ისიც ნულად გეთვლება და 10.1-ც.
ფინალში პირველ სერიაში ხუთივე ტყვია 10-იანში მოვარტყი, მაგრამ აქედან სამი 10.2-ზე ნაკლები იყო და არც ერთი არ ჩამეთვალა. ამან დამანგრია და მომშალა. ბოლო 10 გასროლიდანაც სამი 10.1 იყო, რაც არ ჩამეთვალა და დავრჩი მეექვსე ადგილზე. ამ დროს ფინალში კორაკაკიმ ერთი გასროლა საერთოდ ვერ მოასწრო, ერთიც 7-იანში მოარტყა, ერთი კი სულაც - სხვის ფარში, მაგრამ მაინც იმან მოიგო. გეკითხებით - ეს სადაური ლოგიკაა?
ამ წესების წინააღმდეგ მეოთხე წელიწადია, ვიბრძვით. მარტო მე კი არა, სხვა ქვეყნების სპორტსმენები, მწვრთნელები, სპეციალისტები. საერთაშორისო ფედერაციას წერილს წერილზე ვუგზავნით, მერე მათ ინტერნეტით გამოკითხვაც ჩაატარეს და ძალიან ბევრი პროტესტია დაწერილი. ამბობენ, წესები შეიცვლებაო, მაგრამ როგორ შეცვლიან, ჯერ არ ვიცით.
- ალბათ, ამ წესებთან დაკავშირებით ოლიმპიადის დღეებშიც გექნებოდათ საერთაშორისო ფედერაციასთან საუბარი. რითი ამართლებენ ამას?
- მარტო ოლიმპიადაზე კი არა, სულ მაქვს ამაზე საუბარი მათთან. მიკვირს, ამ წესებს როგორ დაეთანხმა ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი გარი ანდერსონი - ეს ფინალები ხომ მათი მოგონილია? კარგი, პრეზიდენტი ოლეგარიო ვასკესი არაა სპეციალისტი, მაგრამ ანდერსონი და გენერალური მდივანი ფრანც შრაიბერი, რომლის მამაც მსროლელი იყო, ხომ არიან სპეციალისტები და მიკვირს, როგორ დაეთანხმნენ ამას.
როგორც გითხარით, საუბარი კი მიდის ცვლილებებზე, მაგრამ ისიც გავიგე, რომ თითქოს ფინალში განულების წესი მაინც დარჩებაო, ოღონდ უფრო ობიექტურიც იქნება, რადგან გამოვარდნის პრინციპით წარიმართებაო. ერთი სიტყვით, დაზუსტებით არ ვიცი, ვნახოთ...
მსოფლიოს ფედერაციას ოლიმპიადაში შერეული წყვილების შეტანაც უნდა. მოგეხსენებათ, ტყვიის სროლაში ოლიმპიადაზე მედლების 10 კომპლექტი თამაშდება - 6 ვაჟებში, 4 ქალებში. ახლა უნდათ, ვაჟებს თოფსა და პისტოლეტში თითო დისციპლინა მოაკლონ და ქალებს გაუთანაბრონ, სანაცვლოდ კი ეს შერეული წყვილი დაამატონ, მაგრამ ოლიმპიადაზე მხოლოდ ქალებში თუ გყავს მონაწილე ან - პირიქით, მაშინ როგორ უნდა გამოიყვანონ ეს წყვილი?
ზაფხულში ბაქოში მსოფლიოს თასზე საცდელად თოფს და პისტოლეტს ერთად ასროლინებდნენ, მაგრამ გუნდები ვერ შეკრიბეს და საბოლოოდ რაღაც სისულელე გამოუვიდათ.
- ნინო, როცა საქართველოში ამდენი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა, მოდის მედლები ახალგაზრდებიდან პირადში თუ გუნდურში, თქვენ გარდა სხვამაც მოიპოვა ლიცენზია, სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებას თუ ელოდებით, ხომ არ ყოფილა ხელმძღვანელთაგან ამაზე ლაპარაკი?
- ახალგაზრდები რომ წამოსულიყვნენ და ეს შედეგები გაჩენილიყო, ამას შევალიე 10 წელიწადი, მაგრამ ინტერესს ვერ ვხედავ, რომ ქვეყანაში ეს სახეობა ვინმეს აინტერესებს. არადა, ეს მარტო სპორტის სახეობა არაა, ეს სტრატეგიული დარგია.
სათავეში მოსული ყველა მთავრობა იძახის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გავზარდოთო, მაგრამ ასეთი მიდგომით როგორ უნდა გაზარდონ? გააკეთონ 10-მეტრიანი პნევმატურის ტირები, სადაც ხალხი მივა და თავისით, ნებაყოფლობით გაივლის მომზადებას, საჭიროებისას ელემენტარული ჩვევები მაინც ეცოდინება. მაგალითად, უსაფრთხოება, ერთმანეთი რომ არ დახოცონ, სროლის ელემენტარული ტექნიკა ისწავლონ და სხვა. თან ამათში ვიღაც გამოჩნდება ისეთი, სპორტს რომ გამოადგება.
უპირველესად, ეს თავდაცვის სამინისტროს საფიქრალია, მაგრამ რომ მივწერეთ წერილი, დღეს ამისთვის მზად არ ვართო, გვიპასუხეს. აბა, როდის იქნებიან მზად - როცა ყველაფერს დავკარგავთ, მაშინ? სომხეთი და აზერბაიჯანი თუ არიან მზად, შენ რატომ არა ხარ? ან სად ვცხოვრობთ, გარშემო ვინ გვემეზობლება, ხომ ვიცით?
სულ საშიშროებაში ვართ, რომ ვიღაცა დაგვარტყამს და ვიღაცა შემოგვესევა. თუ მართლა გვინდა თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, ეს უნდა გააკეთონ.
შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს სახლში იარაღი. ქალაქზე არაფერს ვამბობ და ყველა სოფელში, ყველა ქალაქში არის 10, 25, 50 და 300-მეტრიანი ტირები, სადაც დადიან, თავისთვის ვარჯიშობენ, ერთობიან, მაგრამ ეს, სინამდვილეში, გართობა აღარ გამოდის.
შვეიცარია ნახევარ საათში შეკრებს თავის ჯარს მოსახლეობაში. ამ დროს ის ნეიტრალურია, მთელი მსოფლიო მას იცავს და ის თუ მიხვდა ამდენს, სომხეთი თუ მიხვდა, აზერბაიჯანი, რუსეთში მიხვდნენ, ჩვენ რატომ ვერ ვხვდებით?
სპორტის ეს სახეობა ყველგანაა განვითარებული. კი, ძვირი სპორტია, მაგრამ გრძელვადიანია - ერთს რომ მოამზადებ, მერე გყავს ის სპორტსმენი. აგერ, ლამის 40 წელია, სახეობაში ვარ, ბევრგან კი ერთი, მაქსიმუმ ორი ციკლი გაიარონ და მერე ახალი უნდა მოამზადოს სახელმწიფომ.
- ამდენი წელიწადი გპირდებიან ბაზას და რეალურად თუ დაადგა ამას საშველი?
- როგორც იქნა, სპორტის ახლანდელმა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადმოგვცა ჩემივე ტირის გვერდით მდებარე ავტოშემკეთებელი სახელოსნოების ფართი.
როგორც იქნა, მათ დაუმთავრდათ ხელშეკრულება და გავიდნენ, თორემ სახელმწიფომ ერთი წლის წინ მოსთხოვა იქაურობის დაცლა. იმედია, უზურფუქტით გადმოგვეცემა და ლიცენზიებისთვის მიღებული პრემიით გავარემონტებ, გავაფართოებ და 10-მეტრიანი ტირისთვის 5 ფარის ნაცვლად 12 მექნება. იქ უკვე შეჯიბრებებსაც თავისუფლად ჩავატარებთ, მაგრამ ისევ პრობლემაა ღია სასროლეთი და 50-მეტრიანი დისტანცია. გვპირდებიან, რომ "ოლიმპიურ ქალაქში" ზის პროგრამაში ტირის გაკეთება და ჩამონათვალში მართლაც არისო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"