ტურ დე ფრანსი 2013: გაქცევა პორტუგალიურად

AutoSharing Option
საიუბილეო ტურ დე ფრანსის მესამე კვირა კლასიკური ეტაპით დაიწყო, რომლის ფინიში გაპში იყო დაგეგმილი.

ეს ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელიც ხშირად მასპინძლობს ფრანგული ველომარათონის ეტაპებს. მრბოლელთა უმრავლესობისთვის კარგად არის ცნობილი ეს მარშრუტი, მათ შორის, ბოლო მთიდან მოყოლებული ძალიან სახიფათო დაღმართი, რომელზეც ბევრი დროის მოგებაც შეიძლება და წაგებაც.

ეტაპზე გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებს შორის დიდი ბრძოლა მოსალოდნელი არ იყო. ისინი აუცილებლად შეინახავდნენ თავს დროზე განცალკევებითი სამთო რბოლისა და სამი ურთულესი ეტაპისთვის, რომელიც უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება.

ამიტომაც მე-16 ეტაპზე ყველა ვარაუდობდა გაქცეულ
მრბოლელთა წარმატებას. ლიდერთა ჯგუფი საკმაოდ მალე ჩამოყალიბდა და მასში 26 სპორტსმენი გაერთიანდა. პელოტონმაც მშვიდად გაუშვა წინ ეს ჯგუფი და დროში სხვაობა ძალიან სწრაფად იზრდებოდა.

გაქცეულთა ჯგუფი არ დაშლილა ბოლო აღმართამდე, ამის შემდეგ კი დაიწყო შეტევები. პირველები იერიშზე ფრანგები - ბლელ კადრი და ჟან-მარკ მარინო გადავიდნენ, მაგრამ ისინი განწირულები ჩანდნენ. უფრო საინტერესო და მძლავრი შეტევა გამოუვიდა პორტუგალიელ რუი კოშტას, რომელსაც აქამდეც ჰქონდა მოგებული ტურ დე ფრანსის ეტაპი. წლევანდელი "შვეიცარიის ტურის" გამარჯვებულმა პირველმა დაიპყრო ბოლო მთა, რის შემდეგაც, დაშვებისას მისთვის მხოლოდ წაქცევას ან რაიმე ტექნიკურ პრობლემას შეეძლო ხელი შეეშალა.

საბოლოოდ, ფინიშზე კოშტამ 40 წამზე მეტი მოუგო თავის უახლოეს კონკურენტებს. მეორე და მესამე ადგილებზე ფრანგი მრბოლელები - კრისტოფ რიბლონი და არნოლდ ჟენასონი გავიდნენ, თუმცა ეს ვერ იქნება შვება ფრანგული პუბლიკისთვის, რადგან საქმე იქითკენ მიდის, რომ პირველად 1999 წლის შემდეგ, წლევანდელ რიგით მეასე ტურ დე ფრანსს არც ერთი ფრანგი გამარჯვებული არ ეყოლება.

რაც შეეხება გენერალურ კლასიფიკაციას, აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. ბოლო მთაზე რამდენჯერმე შეუტია ალბერტო კონტადორმა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ კრისტოფერ ფრუმს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თავი აღარ მოუკლავს. ბოლო აღმართზე დაშვებისას კონტადორი დაეცა, ფრუმი კი ტრასიდან გადავიდა, თუმცა ორივემ მშვიდობიანად დაასრულა ეტაპი.

ტურ დე ფრანსზე დროზე განცალკევებითი რბოლაა, თანაც მთაში და ბევრ რამეს სწორედ ეს ეტაპი განსაზღვრავს.

XVI ეტაპი
ვუისონი-გაპი. 169 კმ
1. რუი კოშტა (პორ, Movsitar) - 3:52.45; 2. კრისტოფ რიბლონი (საფ, Ag2r La Mondiale) - +0.42; 3. არნოლდ ჟენასონი (საფ, FDJ) - იგივე დრო; 4. ჟერომ კოპელი (საფ, Cofidis) - იგივე დრო; 5. ანდრეას კლიოდენი (გერ, RadioShack-Leopard) - იგივე დრო; 6. ტომ დუმოლენი (ჰოლ, Argos-Shimano) - +1.00...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 65:15.36; 2. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +4.14; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +4.25; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +4.28; 5. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +5.47; 6. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +5.54...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული