რუსი სპორტსმენები მორიგი მასშტაბური დოპინგ-სკანდალის ცენტრში მოექცნენ

AutoSharing Option
რუსული სპორტის რეპუტაციას მორიგი სერიოზული დარტყმა მიაყენეს. 12 მაისს, გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით - "რუსული წყარო ამხელს სახელმწიფო დოპინგ-პროგრამას, რომელიც სოჭში ოქროს გარანტია იყო".

ამ მასალაში "ანტისადოპინგო ცენტრის" ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი 2014 წლის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღების შესახებ სენსაციურ აღიარებას აკეთებს. გთავაზობთ ამ სკანდალური სტატიის მთავარ ეპიზოდებს.

- როდჩენკოვმა შეიმუშავა აკრძალული პრეპარატების სამკომპონენტიანი კოქტეილი - მეთენოლონი, ტრენბოლონი და ოქსანდროლონი. ამ კოქტეილით ის ამარაგებდა ათობით რუს სპორტსმენს ლონდონისა და სოჭის ოლიმპიადების წინ. პრეპარატების
სწრაფად ასამოქმედებლად და მათი აღმოსაჩენი დროის შესამცირებლად, ის წამალს ალკოჰოლში ურევდა: ვისკიში (Chivas) მამაკაცებისთვის და ვერმუტში (Martini) ქალებისთვის.

- ღამით რუსი ანტისადოპინგო ექსპერტები და სერვისსამსახურის თანამშრომლები ოლიმპიადის მონაწილეების მიერ ჩაბარებულ შარდის ანალიზს საიდუმლოდ ცვლიდნენ სუფთა სინჯებზე, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე მოიმარაგეს. ამასთან, ისინი უპრობლემოდ ხსნიდნენ ყველა საერთაშორისო ტურნირისთვის დაცულ სტანდარტულ კოლბებს.

- დაცული სინჯების გახსნაში სპეციალიზდებოდნენ სპეცსამსახურები, რომლებიც როდჩენკოვის ლაბორატორიაში პირველად 2013 წლის შემოდგომაზე გამოჩნდნენ. ლაბორატორიის ანონიმური თანამშრომელი ადასტურებს ექიმის სიტყვებს:

"ცხადი იყო, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს დაცული სინჯების გახსნა უნდა ესწავლათ. ოლიმპიურ ლაბორატორიებში გამკაცრებული დაცვის მიუხედავად, მოტყუების ხერხი ნაპოვნი იქნა.

ყოველ საღამოს, სპორტული ჩინოვნიკი სამინისტროდან როდჩენკოვს უგზავნიდა იმ სპორტსმენთა სიას, რომელთა ანალიზებიც უნდა გაყალბებულიყო. იმისთვის, რომ შვიდნიშნა ნომრით კოდირებული ანონიმური სინჯები არ არეოდათ, სპორტსმენები ფოტოებს უღებდნენ საკუთარ სინჯებს კოდთან ერთად და სურათებს სამინისტროში აგზავნიდნენ. როდჩენკოვი კოლეგას სინჯებს კედელში არსებული ხვრელით აწვდიდა, რომელსაც დღის განმავლობაში ფიცრით ამოქოლავდნენ ხოლმე.

- ჰერმეტიზებული სინჯები უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელს დროებით მეზობელ შენობაში მიჰქონდა, რამდენიმე საათში კი უკან აბრუნებდა გახსნილი თავსახურებით. მასვე გაზიანი სასმლის ან ბავშვის კვების ბოთლებით სუფთა სინჯები მოჰქონდა, რომლებიც ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე იყო აღებული - სანამ დოპინგის მიღებას დაიწყებდნენ. "ხალხი ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებას აღნიშნავდა, ჩვენ კი ღამით შარდის სინჯებს ვცვლიდით. მზად ვიყავით ამისთვის. გვქონდა გამოცდილება და ცოდნა. ლაბორატორია შესაბამისად იყო აღჭურვილი. ყველაფერი შვეიცარიული საათივით მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, როგორ არის მოწყობილი ოლიმპიური სპორტი?" - ამბობს როდჩენკოვი.

- ოლიმპიადის ბოლოსთვის, დაახლოებით ასამდე შარდის ანალიზი იყო გაყალბებული და ვერავინ ამხილეს აკრძალული პრეპარატის მიღებაში.

- რუსების მიერ 2014 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების მესამედი იმ სპორტსმენებს ეკუთვნით, რომლებიც მონაწილეობდნენ ექიმ როდჩენკოვის სადოპინგო პროგრამაში. ამ მომენტისთვის, სტატიაში მოყვანილია ალექსანდრ ზუბკოვის (ორი ოქრო ბობსლეიში), მოთხილამურე ალექსანდრ ლეგკოვისა (ოქრო და ვერცხლი) და სკელოტონისტ ალექსანდრ ტრეტიაკოვის (ოქრო) გვარები.

- რუსეთის ჰოკეის ქალთა ნაკრები სრული შემადგენლობით იღებდა დოპინგს. გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

- როდჩენკოვმა "ნიუ იორკ თაიმსს" გადასცა ელექტრომიმოწერა სადოპინგო მაქინაციების დეტალებით, აგრეთვე, ცხრილი, რომელიც სოჭის თამაშების წინ სპორტის სამინისტროს მიაწოდა. ცხრილში ჩამოთვლილი იყო ათლეტთა სია, რომლებიც ამ პროგრამას ექვემდებარებოდნენ.

- მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც როდჩენკოვი დადანაშაულებულია სპორტსმენებისთვის ფულის გამოძალვაში (ერთადერთი ბრალდება, რომელსაც ის უარყოფს), დადებითი შედეგის ტესტების დამალვაში და ასობით დოპინგ-სინჯის განადგურებაში, ექიმმა თანამდებობა დატოვა და უსაფრთხოების მოსაზრებით, ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

და სულ მალე, თებერვალში, ორი კვირის ინტერვალით რუსეთში მოულოდნელად დაიღუპა როდჩენკოვის ორი ახლო კოლეგა - ვიაჩესლავ სინევი (3 თებერვალი) და ნიკიტა კამაევი (14 თებერვალი). პირველი რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე იყო, მეორე კი ამავე ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

- როდჩენკოვის ლოს ანჯელესში გადაფრენა უზრუნველყო ამერიკელმა რეჟისორმა ბრაიან ფოგელმა, რომელიც დოპინგზე ფილმს იღებს. სურათი სექტემბერში გამოვა ეკრანებზე.

- 2011 წელს როდჩენკოვი დაადანაშაულეს აკრძალული პრეპარატების წარმოებასა და გავრცელებაში. მის მიერ შექმნილი პრეპარატი ზრდიდა ადამიანის ორგანიზმის ამტანობასა და მუშაობის უნარს. ექიმი დაპატიმრებას ელოდა, მაგრამ გამოძიება მოულოდნელად შეწყდა (ამასთან, ციხეში მოხვდა მისი და - მსგავსი ბრალდებებით). როდჩენკოვს ეჭვი აქვს: ბრალდება მოიხსნა იმის გამო, რომ ის სოჭის ოლიმპიადისთვის სჭირდებოდათ.

- რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო ყველაფერს უარყოფს. "ოლიმპიური თამაშების ორგანიზების სისტემა აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, - განაცხადა მუტკომ. - ყველაფერი მიმდინარეობდა საერთაშორისო ექსპერტების კონტროლით - სინჯების აღებით დაწყებული, მათი ანალიზით დამთავრებული".

სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთმა 13 ოქრო, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაო მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში. ოლიმპიადის შემდეგ როდჩენკოვს პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადასცა მეგობრობის ორდენი.

ყველა დროის უდიდესი სპორტული თაღლითობა
მომდევნო დღეს გერმანულმა ტელეკომპანია ARD-მ გამოაქვეყნა როდჩენკოვის სპეციალური განცხადება. ის მზად არის, სოჭის ოლიმპიადის დროს გაყალბებულ დოპინგ-სინჯებზე სრული დამამტკიცებელი საბუთები წარუდგინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს.

"გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულებისა და ინფორმაციის გაზიარებას სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის დროს რუსული სადოპინგო პროგრამისა და სახელმწიფოს მიერ სანქცირებული დოპინგ-სინჯების გაყალბების შესახებ. გთხოვთ, ჩაატაროთ იმ სინჯების კვალიფიციური შემოწმება, რომლებიც ახლა ლოზანაში ინახება. გთავაზობთ დახმარებას ამ შემოწმებაში და საზოგადოებამდე სიმართლის მიტანაში.

მე, ექიმმა როდჩენკოვი და სხვა ადამიანები, რომელთა სახელებს არ ვახმოვანებ, დავეხმარეთ The New York Times-ს და პირველებმა მივიტანეთ პუბლიკამდე მტკიცებულებები და სქემის დეტალები, რომელიც რუსეთის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში იყო შემუშავებული. ამ სქემის წყალობით, "ბინძური" დოპინგ-სინჯები, რომლებიც სტეროიდებს შეიცავდა, უშუალოდ ოლიმპიადის მსვლელობისას იცვლებოდა სუფთა სინჯებით. ეს საშუალებას აძლევდა სპორტსმენებს, თავიდან აეცილებინათ სასჯელი.

შესაძლოა, ეს იყოს ყველა დროის უდიდესი სპორტული თაღლითობა. ფაქტია, რომ რუსეთში შემუშავებული სქემა შეიძლება ნებისმიერმა ორგანიზატორმა ქვეყანამ გამოიყენოს. უფრო მეტიც, ჩვენ მიერ აღმოჩენილი მონაცემები მკაფიოდ მიანიშნებს, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მთელი სისტემა არ მუშაობს. ეს ჩრდილს აყენებს ყველა ოლიმპიადის შედეგებს ამ ანტისადოპინგო სააგენტოს შექმნიდან დღემდე; აგრეთვე - მომავალ ოლიმპიადებს, მათ შორის, რიო-დე-ჟანეიროს თამაშებს. ეს სისტემა შეკეთებას არ ექვემდებარება.

რუსეთის შემთხვევაში, სუფთა დოპინგ-სინჯები ლოზანას ლაბორატორიაში იგზავნებოდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდების თანახმად. მხოლოდ მე, დოქტორმა როდჩენკოვმა შემიძლია გავარკვიო - რომელი სინჯი იქნა გაყალბებული. და მხოლოდ მე და რეჟისორი ბრაიან ფოგელი ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც ამ ფაქტებს ადასტურებს. ამიტომაც სინჯები ხელმეორედ უნდა შემოწმდეს ჩემი თანდასწრებით", - დაწერა როდჩენკოვმა წერილში, რომელიც ARD-მ გამოაქვეყნა.

მუტკო გამოძიებას ითხოვს
გრიგორი როდჩენკოვის მიერ წამოყენებული ბრალდებები უნდა გამოიძიონ, ხოლო დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ.

"ბრალდებები სოჭის ოლიმპიადაზე... გული მწყდება სპორტსმენების გამო. მათ ეს ე. წ. კოქტეილი არ სჭირდებათ. ამ ყველაფერში კარგად უნდა გავერკვეთ. ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ და თუ იქ მართლაც იყო რაიმე მანიპულაცია, მაშინ ვინ აკეთებდა ამას? თავად როდჩენკოვი თუ ვინმე სხვა? დაე, ეს ადამიანები მკაცრად დაისაჯონ, თუნდაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოუწიოთ მათი გადაცემა", - განაცხადა მუტკომ.

* * *
ამასობაში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს "ნიუ იორკ თაიმში" გამოქვეყნებული ფაქტების გამოძიება მოსთხოვა:

"ეს მტკიცებულება ძალიან დეტალური და საგანგაშოა. ვთხოვთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ამ გამოძიების შედეგების საფუძველზე, ჩვენი ორგანიზაცია ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დოპინგის მიმართ საკუთარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ერთგული იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა სისაძაგლე რუსებისგან როგორ მოდის, ყველგან და ყველაფერში ან მაქინატორობენ ან ქრთამავენ ყველას და ყველაფერს, რა ბედნიერებაა, რომ ეგენი ჩვენგან შორს არიან, ყველანაირი ცუდი ქართველებმა რუსებისაგან ისწავლეს, გინებით დაწყებული ქრთამის მიცემით დამთავრებული, შორს ჩვენგან
ააა
12:51 16-05-2016
0

სიახლეები პოპულარული