[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] უჟმურად დაიწყო, ასეც გრძელდება...

AutoSharing Option
თანამედროვეობის რიგით 31-ე ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა, რომლის მასპინძლობის პატივიც პირველად ხვდა წილად სამხრეთ ამერიკას, კერძოდ კი, ბრაზილიას და მოსახლეობით მის 6,5-მილიონიან ქალაქს, ექვსი დღეღა დარჩა ფინიშამდე.

კატეგორიებად სტუმრებს არ დავყოფ და, ალბათ, გამოვხატავ საერთო შთაბეჭდილებას, თუ ვიტყვი, რომ ეს თამაშები უჟმურად დაიწყო, ასეც გაგრძელდა და ყველაფრიდან ჩანს, რომ ბოლომდეც ასე მივა - აწი რაღა უნდა შეიცვალოს.

როგორც ხდება ხოლმე, ვინც ოლიმპიადა უკვე მოითავა, შინ ბრუნდება, პრობლემებს თავს აღწევს. თუმცა, ვისაც ჩემპიონი ჰყავს, არავინ უშლის, დარჩეს და საზეიმო დახურვაც დააგემოვნოს.

განსაკუთრებით
საშიში იყო მწერი ზიკა და კრიმინალი, მაგრამ კოღო, მგონი, დაამარცხეს, ყოველ შემთხვევაში, არანაირი პანიკა არ იგრძნობა, პირიქით, უამრავი ხალხი დადის მოკლესახელოიანი პერანგებით და შორტებით. აი, კრიმინალი კი...

რაგინდ ფრთხილადაც უნდა იყო, ისეთ შარში შეიძლება გაეხვიო, რასაც ვერც წარმოიდგენდი. საოცრადაა დახვეწილი თაღლითობა და არა მხოლოდ ქუჩაში. ხელს არც იქ აკლებენ, სადაც ცხოვრობ, გემსახურებიან, სადაც წესით,  უნდა ზრუნავდნენ შენზე. კი ბატონო, "ზრუნავენ".

აი, ამის კიდევ ერთი მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან: სასტუმროს რესტორანში შეიძლება იკვებო, ფული კი შემდეგ გადაიხადო. ერთ დღეს, ოთახის კარის ქვეშ ანგარიში შემომიცურეს. ჩავეჭერი მენეჯერს. გაოცდა, ტაქსისთან დაკავშირებით რომ "გადამაგდეს" - მიცნო და თაღლითობის ახალი ვარიანტის გათამაშება ვეღარ გარისკეს. სულ "ნოუ პრობლემ", "ნოუ პრობლემ" იძახა, სანამ არ გავშორდი.

სქემა ასეთია: შეგაწერენ სადილის ან ვახშმის ფულს და ვერაფრით უმტკიცებ, რომ არ გიჭამია. ჭკუანასწავლმა მერე შეიძლება მოითხოვო გადახდის ქვითარი, მაგრამ პირველ შემთხვევაზე ნადირობენ. სტუმარს სად სცალია, ამტკიცოს ან რით დაამტკიცებს სიმართლეს.

შიშის დიდი თვალები
ვერ გეტყვით, ოლიმპიადამდე კრიმინალის რა დონე იყო რიოში (არსებობა კი მთელმა მსოფლიომ იცოდა), მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ გრანდიოზულ და ავტორიტეტულ ღონისძიებას როცა მასპინძლობ, თუნდაც ერთი შემთხვევა იყოს, ისიც კი საგანგაშოა. არადა, დღე არ გავა ისე, ვინმე არ გაძარცვონ და არ სცემონ.

მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ჩვენც ვიცოდით. ვიცოდით, ცოტა ხნით ადრე ოლიმპიადამდე რიოში ესპანელი მოფარიკავეები რომ გაძარცვეს, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილიც ხომ წერდა: ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადად ვარ მსხვერპლი, როცა სამ კაცს თავს დაგვესხნენ, წაგვაქციეს და ყელსაბამები თუ სხვა ძვირფასი ნივთები წაგვართვესო.

ყოველდღიურად შიშის განცდა და უსიამოვნო წინათგრძნობა, გინდა-არ გინდა, აუფერულებს საერთო შთაბეჭდილებებს. ამდენ ოლიმპიურ თამაშებზე ვყოფილვარ აკრედიტებული და ასეთი უსიამოვნო შეგრძნებით არსად გამივლია ქუჩაში. ერთხელ იყო მხოლოდ, 1992 წელს, ბარსელონაში, შინ დაბრუნებისას (ქალაქის ერთ-ერთ უბანში ვეტერანი კალათბურთელის, ზაზა ღონღაძის ბინაში ვცხოვრობდი), გვიან ღამით წინ სამი ახალგაზრდა გადამიდგა და მაიძულეს, ხმამაღლა მეთქვა, ინგლისურად და ჩემს მშობლიურ ენაზე, რომ კატალონია ესპანეთი არ არის. ეს იყო და ეს. სხვა რამ არსაიდან და არაფერი მახსენდება.

ფართოთვალება შიშისთვის სულაც არ არის გამოსალოცი, როცა მასპინძლები თავის დაზღვევის მიზნით გაფრთხილებენ - რა ვქნათ, არ დაგავიწყდეთ, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ყველაფერია მოსალოდნელიო.

არა, სიძუნწე არაფერ შუაშია...
კი მქონდა ჩანიშნული ერთი საჩოთირო სიტყვა საერთო ფონის და ვითარების მოკლედ შესაფასებლად - "სიძუნწე", მაგრამ მივხვდი, რომ ეს არაფერ შუაშია. უჭირს, მართლაც ძალიან უჭირს ქვეყანას ეკონომიკურად. მძაფრია სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. გაუარესება კი ისეთ დროს დაიწყო, ეტყობა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეცვლა აღარაფრის შეეძლო. ხოლო სოკ-ის მხრიდან შეფუცხუნებებმა და საპასუხოდ ბრაზილიის მთავრობის დაპირებებმა, საბოლოოდ იმ შედეგზე მეტი ვერ გამოიღო, რითაც დახვდა რიო ოლიმპიადას და სტუმრებს.

სამწუხაროდ, ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ოლიმპიური თამაშების დელეგაციების წევრები, სტუმრები და ტურისტები, რომლებმაც თამაშების სანახავად რიოში მოიყარეს თავი. უსაშველოდ აიწია ფასებმა, უფრო საკვებსა და სასმელზე. არნახულად დაიფასა თავი მანამდე გაუფასურებულმა ბრაზილიურმა რეალმა ამერიკულ დოლართან შედარებით.

გვესმის, ხარჯების შემცირებით იყო, ალბათ, გადაწყვეტილება მიღებული, რომ ოლიმპიადის პერიოდში საქალაქო ტრანსპორტით უფასო სარგებლობა (მათ შორის,  მედიის წარმომადგენლებს) დაუწესეს დღეში მხოლოდ ორჯერ. არადა, მუდამ ულიმიტო იყო ყველა თამაშებზე. ეტყობა, ამას სერიოზული უსიამოვნება მოჰყვა და იგივენაირი სამგზავრო ბარათები დაარიგეს დამატებით კიდევ ორი უფასო მგზავრობისთვის.

თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად ახსნაც მოიძებნა - ბარათს ზოგჯერ სალარო ვერ აღიქვამს და თადარიგში მეორე გექნებათო...

ტრანსპორტს არა უშავს...
ოლიმპიური თამაშების დონის და ხარისხის განსაზღვრა, მისი საერთო ფონის შექმნა, დიდწილად დამოკიდებულია ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე. პრობლემები მხოლოდ მოწვეული მძღოლების გამო თუ იქმნება, რადგან მათ უცხო ქვეყანასა და გარემოში უწევთ მუშაობა, თორემ საცობების და კომფორტული ავტობუსების პრობლემა ყოველთვის და ყველგან გვარდება.

რიოში ყურადღებას იქცევს ახალი ველოგზები და მიწისზედა მეტროს ხაზები. ჩინებულია - მეტროს ლითონის ბორბლების ნაცვლად საბურავებზე შემდგარი ვაგონ-ავტობუსები პირდაპირ ქუჩაში მოძრაობენ მანქანების გვერდიგვერდ, მაგრამ ცალკე გამოყოფილ ზოლში, როგორც, მაგალითად, ჩვენთან ტროტუარია ოდნავ ამაღლებული და გამოყოფილი მანქანების სავალი ნაწილიდან. გაჩერებებზე კი გადახურული ბაქნებია მოწყობილი. ბუნებრივია, მუშაობს მიწისქვეშა მეტროც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული