ლერი ხაბელოვი: მოვდივართ, მოგვიხარია...

AutoSharing Option
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]
რიო დე ჟანეიროში დამთავრდა XXXI ოლიმპიური თამაშები. მსოფლიოს ამ უდიდესმა სპორტულმა დღესასწაულმა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს, ბუნებრივია, დიდი სიხარული მოუტანა. განსაკუთრებით, იმ ქვეყნების მცხოვრებლებს, რომელთა წარმომადგენლები შინ ჩემპიონებად და პრიზიორებად ბრუნდებიან. ცხადია, 200-ზე მეტი ქვეყნიდან ოლიმპიურ მედალს ყველა ვერ დაიმსახურებდა, მაგრამ მათ შორის, ვინც ეს მოახერხა, საქართველო ამჯერადაც ღირსეულადაა წარმოდგენილი.

რიოში ოლიმპიადის ფარდის დაშვებისთანავე ვესაუბრეთ 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ამ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელს,  ლერი ხაბელოვს.

- ბატონო ლერი, ყველაფრის დაწვრილებით
განსჯა-შეფასების დრო წინ არის, მაგრამ აქვე გკითხავთ, როგორია თქვენი საერთო შთაბეჭდილება, საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის თქვენეული შეფასება?

- შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, რომელიც აისახა დევიზში - "რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში!" რეალობადაა ქცეული. ყველაფრის ამოსავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის!

- მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობითაც გადააჭარბეთ ლონდონში გამართულ ოლიმპიადას...
- ესეც თავისთავად მიღწევაა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ხარისხის გაუმჯობესება - ოქროს მედლები მაქვს მხედველობაში. მიღწეული სრულიად საქართველოს გამარჯვებაა!

- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მეტი ქართველი გვეხილა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამას თამაშების წინ გვარებით, საჯაროდ არ ვაკონკრეტებდით და ეს გასაგებია. სპორტია, ოლიმპიური თამაშებია, ყველაფერია მოსალოდნელი. მთავარია, რომ მისაღწევს, შესაძლებლობების გათვალისწინებით, საერთო ჯამში, მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, იყო მეტის შანსი, მაგრამ იმედგაცრუებაზე ახლა არა, მიზეზების ცივ გონებაზე ანალიზის შემდეგ ვილაპარაკოთ. ბევრი რამ გვაქვს კრიტიკულად გასაანალიზებელი. ჩვენმა ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ვინც ქართული სპორტის სამსახურში ვდგავართ, ვალდებულები ვართ, გულწრფელები ვიყოთ ყველაფერში.

- გენო პეტრიაშვილზე მაინც გკითხავთ...
- ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა. გენოს უკეთ უნდა ეჭიდავა. მესამე ადგილისთვის ბრძოლას რომ სპორტსმენი ნახევარ წუთში ასეთი უპირატესობით მოიგებს, მას მეტი მოეთხოვება.

- სადაც მედალი მოვიპოვეთ, გასაგებია. სპორტის სხვა სახეობებში ჩვენი ოლიმპიელების შედეგებზე რას იტყვით?
- მხოლოდ კარგს ვიტყვი, მათ მიმართ ქებას და თბილ სიტყვებს არ დავიშურებ. ჩინებულად დაიწყო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, შთამბეჭდავად კარგად, შეიძლება თამამად ითქვას, ძალიან კარგად იასპარეზა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კანოეში ზაზა ნადირაძე ნამდვილი აღმოჩენა იყო. შესაძლებლობის მაქსიმუმით დაამთავრა გამოსვლა ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ. ამ სპორტსმენებმა გრანდებთან ჭიდილში გამოიჩინეს თავი, ეს უკვე დიდი საქმეა, სტიმულის მიმცემია ახალგაზრდებისთვის.

სხვებმაც ყველაფერი გააკეთეს და მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ასე რომ, მადლობას ყველა იმსახურებს.

- ნადირაძე ახსენეთ, როგორც აღმოჩენა. ამაში ყველა დაგეთანხმებათ. ამბობენ, თითქოს ამ ბიჭის მზადებას ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული პრობლემები ახლდა...
- ვინ რას გულისხმობს, ვერ გეტყვით. ჩვენი მხრიდან ყურადღება ამ ნიჭიერ სპორტსმენს, როცა მისი შესაძლებლობები აშკარად გამოიკვეთა, ნამდვილად არ დაჰკლებია. მას ბრწყინვალე მომავალი წინ აქვს და კვლავაც ყველაფერს ვიღონებთ, ბოლომდე გამოავლინოს თავი სპორტულ სარბიელზე.

- რაკი კმაყოფილებას გამოთქვამთ და რიოში ჩვენი ოლიმპიელების გამოსვლას დადებითად აფასებთ, საინტერესოა, თქვენგანვე მოვისმინო, თუ რამ განაპირობა წინსვლა?
- თავის ქებაში რომ არავინ ჩაგვითვალოს, გეტყვით მოკლედ: ეს იყო ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფედერაციების, მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესკომპანიების, შეთანხმებულად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ერთი მიზნით მოქმედების შედეგი. იმედი უნდა გაგვემართლებინა. დაწვრილებით ყველაფერზე, სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, სხვა დროს ვილაპარაკებთ.

- როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, კმაყოფილი დარჩით ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზაციით?
- ასეთი გრანდიოზული და ავტორიტეტული ასპარეზობის მასპინძლობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. პატარ-პატარა პრობლემები თავს ყოველთვის იჩენს ხოლმე, განსაკუთრებით, პირველ დღეებში. სპორტული თვალსაზრისით, ამ თამაშებზე სერიოზული შეფერხება არ ყოფილა. ოლიმპიადაზე, მთლიანობაში რომ ყველაფერი კარგად იყოს, თითოეულ დელეგაციაში უნდა სუფევდეს იდეალური წესრიგი და საერთო ინტერესებისადმი გულისხმიერება. ეს ვალდებულებაა, რომლის განუხრელად შესრულება ყველას ევალება.

- როგორი მდგომარეობა იყო ჩვენს დელეგაციაში?
- შემიძლია გითხრათ, იდიალური. ყველამ იცოდა თავისი საქმე და ზედმიწევნით კარგადაც ართმევდა თავს მოვალეობას. ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით და თათბირებზე ვაჯამებდით დღის შედეგებს, როგორც სპორტული, ისე ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით, ვადგენით მომდევნო დღის სამუშაო გეგმას.

- ბუნებრივია, საქართველოში მოუთმენლად მოელიან ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნებას. თბილისში როდის ჩაფრინდებით?
- თბილისის აეროპორტში ვიქნებით 25 აგვისტოს, გამთენიისას.

- "მოვდივართ, მოგვიხარია"... გახსოვთ, ალბათ, ეს სიტყვები ერთი ცნობილი ქართული სიმღერიდან. შეგიძლიათ მიმართოთ ახლა ამავე სიტყვებით საქართველოს რიოდან?
- აუცილებლად. ეს მართლაც ასეა. ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე, ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნების წინ ხმამაღლა ვამბობ: დიახ, მოვდივართ, მოგვიხარია! გჯეროდეთ ყველას, რომ წინ გველის ახალ-ახალი წარმატებები. ყველგან გამარჯვებით გვევლოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
არ ვიცი რა სწორ მიდგომებზეა საუბარი, მე სპორტის მოყვარული ვარ და სპეციალისტი. ეთიოპია, კენია და ა.შ. ქვეყნების სპორტსმენები ტრადიციულად საშუალო და გრძელ დისტანციებზე სირბილს იგებენ, იამაიკა სპრინტს. ეს ყველაფერთან ერთად მათი სპორტსმენების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, თორემ მაშინ მათ აშშ, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები მოუგებდნენ. რაც შეეხება სლოვენიას, დანიას და ა.შ. არა მგონია ჩვენ სახელმწიფოს დღეს ჰქონდეს იმის საშუალება , რომ მათი თანაბარი სახსრები ჩადოს სპორტში. მე თუ მკითხავთ თანხები უპირველესად ბავშვთა სპორტსკოლებში უნდა ჩაიდოს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ბავშვთა მწვრთნელები უნდა მოვიწვიოთ და გავზარდოთ მომავალი ჩემპიონები თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით და არ მოვინდომოთ საოცარი შედეგები დღესვე და ყველაფერში.
კოტეს
23 აგვისტო 2016 11:55
0
ცურვა არასდროს ყოფილა ჩვენთვის მაღალი შედეგების მომტანი და არც კრივში გვყოლია ოლიმპიური ჩემპიონი ასე რო კრივის დაბალ დონეს თავისი ობიექტური მიზეზებიც ახლავს დიდი კონკურენციაც არის მსოფლიოში დიდი მაფიაც ტრიალებს მანდ და დიდი ფულიც.სახელმწიფო იმას აკეთებს რისი საშუალებაც დღეს არის და ვისაც უფრო მეტი უნდა იმას კიდე რეალობასთან შეგუებას ვურჩევ რადგან თუ რეალობას მოწყდები იმასაც დაკარგავ რაც გაქ.
qutaiseli
23 აგვისტო 2016 11:25
0
რეალურად არ გვაქვს. სადაც წარმატებები ყველგან ინდივიდუალურად ბიჭების თავდადების ხარჯზე. სახელმწიფო უფრო მეტს უნდა აკეთებდეს სპორტის განვითარებაზე. არცერთი მოკრივე რომ არ გვყავდა, მძლეოსნობაში, ცურვაში გვიჭირს ეს სერიოზული პრობლემაა. ეს სახეობები რომ არ არის განვითარებული იმიტომაც ვართ მნეტწილად ღიპიანი ერი
ოლიმპიადაზე
23 აგვისტო 2016 10:33
0
ეგეთი წარმატებული არცერტი ოლიმპიადა არ ყოფილა შედეგების მხცრივ და მაგარი დაუნახავი და უმადური უნდა იყო ადამიანი ეგ რო ვერ აღიქვა რა ქვეყნები ჩამორჩა საქართველოს ამას ვინ ვერ არიქვამს ის სპორტის გარტყმაში არუნდა იყოს და კიდე ხაბელოვი რა შუაშია თუ ძიუდისტი და მოჭიდავე ზოგადად სპორტცმენი თავისთავს არხედავს.რა ხაბელოივი გინდათ ხო გავიდეს ხალიჩაზე ამათ მაგივრად ისე დიდი ეჭვი მაქ დღესაც აჯობებდა ბარეორს.ასე რო გვერდზე ყურებას და სხვის დადანაშაულებაზე ადვილი არაფელია როცა გადაბრალების რეჟიმში გადადიხარ ესეიგი შენი სისუსტის და უუნარობის დაფარვას ცდილობ და მეტი არაფელი.წარმატებას ვუსურვებ ქართველ ოლიმპიელებს და მჯერა რო მომავალსი უფრო მეტი ოქრო იქნება.
quTaiseli
23 აგვისტო 2016 10:19
0
ეკონომიკა და მოსახლეობის ოდენობა პირდაპირ კავშირში არაა სპორტულ შედეგთან. კენია, ეთიოპია, ბოტსვანა, იამაიკა არა მგონია ჩვენზე დალხენილი ქვეყნები იყვნენ
ხორვატიას, სლოვენიას დანიას მოსახლეობა ჩვენზე მეტი არა ყავს; შედეგით ყველა გვჯობია
მთავარია საქმისადმი სწორი მიდგომა; ამ შემთხვევაში ძიუდოში, კრივში, მშვილდოსნობაში... შედეგი უკეთესი იქნებოდა
kotes
23 აგვისტო 2016 10:19
0
ზოგადად გეთანხმებით მაგრამ ხალასი ნიჭი რას ნიშნავს?
Walkabout
23 აგვისტო 2016 10:13
0
რა არ მოგწონთ ვერ გავიგე? ეს 3,5 მილიონი მოსახლეობის მყოლი, ეკონომიკურად არცთუ ისე ძლიერი ქვეყნის შედეგებია. გადახედეთ ქვეყნების საერთო ჩათვლის სიას. კარგით რა, სამართალი აღარ არის? მეტი რომ გვინდა კარგია, მაგრამ რეალობას კი ნუ მოვწყდებით.
kote
23 აგვისტო 2016 09:58
0
უმაღლეს შედეგებს რომ მიაღწიოს სპორტსმენმა, ამას საფუძველი პატარაობიდანვე უნდა ჩაეყაროს.საჭიროა ტალანტების მოძიება, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზები, ინვენტარი და უმაღლესი კატეგორის მწვრთნელები,შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია სათანადო კვება და ფსიქოლოგიური მომზადება. ამ ღარიბ ქვეყანაში, როდესაც ასეთი უმუშევრობაა და ადამიანს ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ოჯახი შეინახოს, ჩვენი ოლიმპიელების მიღწევები მართლაც გმირობის
ტოლფასია. სანამ თითოეული ადამიანის, თითოეული ოჯახის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება, უფრო მეტი უკეთესი შედეგები არც იქნება.რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულებს და პრიზიორებს ვულოცავ მიღწეულ წარმატებებს და მომავალ ოლიმპიელებს ვუსურვებ მონდომებას და თავდაუზოგავ შრომას დასახული დიდი მიზნის მისაღწევად!


Nანა
23 აგვისტო 2016 09:47
0
რა უმადურები ვართ. ძიუდოისტებმა მართლა გაგვიცრუეს იმედები, მაგრამ წარუმატებელი ნამდვილად არ იყო ეს ოლიმპიადა. ან კიდე რა შუაშია კრივთან ხაბელოვი? მე არავის დამცველი არ ვარ მაგრამ დაუნახაობაც არ შეიძლება. პ.ს. გაუმარჯოს საქართველოს!!!
ქართველი
23 აგვისტო 2016 09:18
0
რა უხარია ამ კაცს ვერ გამიგია, მძლეოსნობაში და სხვა სახეობებში მედლებს არავინ გთხოვთ, ერთი ჭიდაობა შეგვეძლო და რა გააკეთეს? ძიუდოისტებს თავი დავანებოთ, თავისუფალში ვინც მედლები აიღეს იმათ გარდა უსუსტესები იყვნენ ყველა, ბერძნულ-რომაულში კი მგონი მოჭიდავეები არ იყვნენ საერთოდ(შმაგის არ ეხება ეს), ფეოლას პონტში შეკრიბა მგონი დარჩიამ გუნდი,კრივი რომ საერთოდ მოკლეს საქართველოში ეს კიდე ცალკე საკითხია, ეს კიდე მოდის და მოიმღერის
kote
22 აგვისტო 2016 22:38
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული