გასული წლის დეკემბერში, ნიუ იორკის პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა კრიმინალთან ერთად, არალეგალური ფსონებით იყო დაკავებული.
საქმემ უფრო მასშატაბური ხასიათი შეიძლება მიიღოს, თუ დამტკიცდება, რომ იატაკქვეშა ბუკმეიკერთა კლიენტები ცნობილი ამერიკელები იყვნენ.
ძალისმიერი ორგანოების კარგად დაგეგმილმა ერთობლივმა ოპერაციამ მიიღო სახელწოდება - "ანკესი ზვიგენისთვის". შედეგი კი აღმოჩნდა ე. წ. გენუური ოჯახის ანუ მაფიის დაპატიმრებული 13 წევრი.
სინდიკატის
დაკავებულებს შორის, ამერიკული პოლიცია გამოარჩევს ვინსენტ "ვინი" ტალერსიოს - ძველ ბრუკლინელ ბუკმეიკერს, რომლის კლიენტები იყვნენ ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენლები, - წერს Radar Online.
გამოცემის ინფორმაციით, ვინის სამსახურით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან "ნათლიმამას" ვარსკვლავი ჯეიმს ქაანი, მოკრივე და მსახიობი ტონი დანცი, რომელსაც ვიცნობთ სერიალებით - "ტაქსი" და "ვინ არის აქ ბოსი?", აგრეთვე პოლ სორვინო, ვინც მაფიის ბოსი ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში "მაგარი ბიჭები".
"ჯეიმსი უბრალოდ შეშლილია თამაშზე. ყველაფერზე დებს ფულს. მზად არის ფსონს ჩავიდეს იმაზე, ლიფტის რომელი კარი გაიღება პირველად", - ყვება Radar Online-ის ინსაიდერი.
ასევე ვინსენტ ტალერსიოს კლიენტთა სიაში შეიძლება იყვნენ ისეთი სახელგანთქმული პერსონაჟები, როგორებიც არიან ცნობილი მოთამაშე ჩარლი შინი, ტელევიზიის ვარსკვლავი რეჯის ფილბინი, ოსკაროსანი რეჟისორი ჯეიმს ბრუქსი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "სიმპსონების" პროდუსერი.
იტყობინებიან, რომ კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავების იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ტალერსიოს ტელეფონების მოსმენა დაიწყეს. ფსონებს სწორედ სატელეფონო კავშირის მეშვეობით იღებდნენ.
"ვინი არა მხოლოდ არალეგალური ბუკმეიკერია, - აგრძელებს გამოცემის წყარო. - ეს არის იატაკქვეშა ბეთინგის ლეგენდა, რომელიც უამრავ ცნობილ ადამიანთან მუშაობდა. ის ასევე მუშაობდა მრჩევლად - ვარსკვლავებს ეხმარებოდა ფსონების დადებაში. ვინის ყველაფერი ჰქონდა, რაც კი უნდა იცოდეთ სპორტში ფსონებზე შესახებ. ის მოსიარულე ენციკლოპედიაა".
ოფიციალურად, ვინსენტ ტალერსიო ბრუკლინში პროდუქტების საოჯახო მაღაზიაში მუშაობდა. ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციისა შემდეგ, დანაშაულებრივი სინდიკატიდან მიღებულ შემოსავლებს ანაწილებდა, იღებდა არალეგალურ ფსონებს, აგრეთვე, მეგობრულ რჩევებს უზიარებდა კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავებს.
ჯერჯერობით, ვინი უარს ამბობს ბრალის აღიარებაზე. სახელმწიფო ბრალმდებლები საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდებიან სასამართლოში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"