რამაზ ნოზაძის მხიარული თავგადასავლები

AutoSharing Option
მის ასაკში მრავალმხრივი ნიჭის გამოვლინება ნამდვილად იშვიათთა ხვედრია. ყველაფერთან ერთად რამაზი მშვენიერი მოსაუბრეა და ”დაუფარავად” ყვება თავის მხიარულ თავგადასავალს.

შესავლისთვის
დავიბადე და გავიზარდე ავლაბარში. ამ უბანში არაერთი სპორტსმენი გაზრდილა და სირცხვილიც იყო მე გამონაკლისი ვყოფილიყავი. ცოტამ თუ იცის, რომ თავიდან სირბილით ვიყავი გატაცებული და წარმატებებსაც მივაღწიე სპორტის ამ სახეობაში.

დასამალი არაა, რომ ხშირად მიხდებოდა გაკვეთილების გაცდენა ვარჯიშის გამო. ამას ყველა მასწავლებელი შეეგუა მათემატიკის მასწავლებლის კ.ს.-ს გარდა. ხშირად მსაყვედურობდა. ამას დაერთო ჩემი მისწრაფება უსაზღვრო ცელქობისადმი... მოკლედ, რთული და ”ცუდი ბავშვი” ერთ
დღეს კ.ს-მ კუთხეში დამაყენა, რასაც მყისვე მოჰყვა ჩემი პროტესტი, კ.ს-ს ”უტიფრად” გავუსწორე თვალი და ვუთხარი:

- პატივცემულო, კუთხეში კი დავდგები, მაგრამ იცოდეთ, ცხოვრებაში პრობლემას შეგიქმნით-მეთქი.
- რა პრობლემას? - გადაირია ჩემი თავხედობით პატ მასწ.
- გავალ ქუჩაში გაკვეთილების შემდეგ და თქვენზე გაბრაზებული, ვითომ შემთხვევით, სატვირთოს (!) ”გრუზავიკს” გავატანინებ თავს-მეთქი" (ვითომ მსუბუქი მანქანა ვერ მომერეოდა).
კ.ს-მ ელვისებურად წარმოიდგინა ავლაბარში დატრიალებული ტრაგედია:
- რაოოო! - აბა გამასწარიო! - გამომენთო.

პირველად მაშინ გადამარჩინა ჩემმა ფეხმარდობამ.

ვიცი ახლა, რადგან პირველად გადამარჩინა, ალბათ კიდევ გქონია შემთხვევაო - გაიფიქრებთ, გიამბობთ:

ზემოთ რომ ვთქვი, ბლომად სპორტსმენები ცხოვრობდნენ ჩემს უბანში-მეთქი, ხომ გახსოვთ? იყო ერთი მძლეოსანი ”ვზროსლი” უბნელი ა.ს. რომელიც ”პივის” ზომაზე მეტად მოტრფიალე გახლდათ და მოსვენებას არ გვაძლევდა პატარებს - ”წადით, ”პივა” მომიტანეთ!..”

ათასჯერ რომ მოვუთმინეთ, ათასმეერთე მოთხოვნაზე ”ჩქარა, პივა მომიტანეთო”, მე და ჩემმა ”შანტრაბამ” მზაკვრული გეგმა შევიმუშავეთ. მოვძებნეთ ცარიელი ბოთლები, გავავსეთ საპნიანი, აქაფებული წყლით და ვითომ მოგვაქვს ცივი ლუდი. სანამ მივუტანდით, გზად მამაჩემი შემოგვხვდა - სად მიგაქვთ და რა მიგაქვთო - ჩაგვაცივდა პატრულივით.

- ლუდი მიგვაქვს ა.ს-მ გვთხოვა-თქო - ვუპასუხეთ ძალიან მარჯვედ.
- მომეცით ერთი, მეც გავსინჯავ ცივი თუაო.
- არაა ცივი... ვცადეთ მოგერიება.
- არა უშავს, მომეცითო. რაღა ვქნათ ახლა! გადმოვაპირქვავე ეს ბოთლები და ვღვრი ვითომ ”პივას” გაოცებული მამის თვალწინ. სანამ მამა გაერკვეოდა, რა უბედურებაც გვჭირდა, შემკვეთმა ა.ს-მ არ დაგვინახა?!
- რას შვებით თქვე უღმერთოებოო! - იყვირა - რას შვებით თქვე ტარტაროზებოო! ”პივას” როგორ აქცევთ თქვე ანტიქრისტეებოო და ჩვენც ”დავგაზეთ” თავდაღმართში. რომ დაგვწეოდა... ჰოოო დააა, ე, მაშინ გადამარჩინა მეორედ სირბილმა.


ძეგლი, ძეგლი, დედიკო!
ამდენი რომ ვიტრაბახე, მაგრად დავრბოდი-თქო, ტყუილი არ გეგონოთ. 100 მეტრზე მართლაც ვერავინ მჯობდა. დასადასტურებლად ერთსაც გავიხსენებ: ერთ-ერთ ადგილობრივ სპარტაკიადაზე დამაჯერებლად გავიმარჯვე და დამაჯილდოვეს კიდეც.

გახარებულმა, ჯილდო სპორტულ ჩანთაში ჩავდევი და მოვკურცხლე შინისკენ, რომ მშობლები გავახარო. ეზოს რომ მივუახლოვდი, დედაჩემი დავინახე.

- დედაა! - ვიძახი აღგზნებული ჩემპიონი და თავგამეტებით გავრბივარ მისკენ.
- რა იყო შვილო! - დედა მაინც დედაა და შეშინდა. - რა აყვირებს ასე შორიდანო.
- დედა, ძეგლი! ძეგლი, დედააა!
- რა ძეგლი, რის ძეგლი? - გაოცდა ქალი.
- ძეგლი მაჩუქეს დედაა, ძეგლიიი!

შეეშინდებოდა, აბა რა მოუვიდოდა, იმ პერიოდში თბილისში ლენინის და ორჯონიკიძის ძეგლების დემონტაჟი ხდებოდა. ახლა, ლენინის ძეგლს მე არავინ რომ არ მაჩუქებდა, მითუმეტეს სახლში ვერ მივიტანდი - მიხვდა, მაგრამ თადარიგი წინდაწინ დაიჭირა:

- სუუ, ჩუმად! რა გაყვირებს, არავინ გაიგონოს ბიჭო! რა ძეგლი გაჩუქეს, სადაა ძეგლი დედიკო, სიცხემ ხომ არ აგიწია? (მართლაც მაგრად ცხელოდა იმ დღეს)
- რა და, აი , ეს ძეგლი... წვალებით ამოვაძვრინე ჩანთიდან ნაჩუქარი ”ჯილდო” პატარა, 200 გრამიანი ოლიმპიური ჩირაღდნიანი მორბენალი კაცის ბიუსტი.
- ეს ძეგლი არაა შვილო.
- არა, ძეგლია, ძეგლი! - ვიმეორებდი დაჟინებით (”პრასწი, ტავარიშჩ ლენინ!”)


ვიქეიფოთ ბიჭებო, არა!
ბოლოს და ბოლოს მოჭიდავე გავხდი.

თუ როგორ მივაღწიე წარმატებებს, თავმდაბლობა არ მაძლევს უფლებას დეტალურად აღგიწეროთ და არც ”ლელოს” ეს რუბრიკა საჭიროებს ამას.

2003 წელია. ფინეთში ვართ ასპარეზობაზე მოჭიდავეები. მართალია, კომუნისტური რეჟიმი დიდი ხნის გასული იყო ”გაღმა, მარილზე”, მაგრამ კაპიტალისტურ ქვეყნებში მაინც გოიმებად ვგრძნობდით თავს და იქაური წესები ნაკლებად ვიცოდით საქართველოში ლაღად გაზრდილმა ბიჭებმა.

კვების საკითხი ფინეთში ”თავისებურად - თავისებური” იყო. აგიხსნით. არსებობდა დიდი მაგიდა (”შვედურ მაგიდას” ეძახდნენ), რაზეც ეწყო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი საკვები, რძის და ხორცის პროდუქტები, ნაირგვარი ბოსტნეული და ნუგბარი-ტკბილეული. თურმე წესია, რომ რიგში ჩამდგარმა სპორტსმენებმა ამ მაგიდიდან უნდა აიღონ თავიანთთვის სასურველი ულუფა და მიირთვან მერე სხვა მიკრომაგიდებთან.

ყველა ჯგუფშია გამორჩეული ”ახირებული” ტიპი და ჩვენც გვყავდა ერთი მოჭიდავე ი.კ. (გვარს და სახელებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებ-ხოლმე, მაინც უხერხულია, თან - მნიშვნელობა არ აქვს).

მოკლედ, ვდგავართ რიგში რომ ჩვენ-ჩვენი პროდუქტი ავითვისოთ და რას ხედავს ჩვენი თვალები. ეს ჩვენი ი.კ. საიდანღაც მოტანილ სკამზე ზის ხონთქარივთი ამ მაგიდასთან ზუსტად შუაგულში. თავადივით გაუშლია მხრები და ჩვენს დანახვაზე ფრიად გაიხარა:

- ბიჭებო, აქეთ, აქეთ! - გვიქნევს ხელს დიდი ამბით.
- მოშორდი ბიჭო მაქაურობას! - დაუძახა რომელიღაც ჩვენთაგანმა.
- რატომ მოვშორდე? - გაუკვირდა ი.კ.-ს (ესენი ვერ არიანო) კაი სუფრაა, მშვენიერი პურმარილია და სად უნდა წავიდე?! იშოვეთ სკამები და შემომიერთდით, ვიქეიფოთ, მაგის დედა არ ვატირეო?!

ძლივს ”ავატყავეთ” სკამიდან გულდაწყვეტილი და გაოცებული ჩვენი დარდიმანდი თბილისელი ”ყარაჩოღელი”.


რა გქვია, ლამაზო?!
იმ ამბის შემდეგ ი.კ. სულ გვებუზღუნებოდა - თქვენი ბრალია სულ, რა სუფრა დამაკარგვინეთო. საერთოდ ბუზღუნაა. ბუნებით მოქეიფედაა დაბადებული. იტყვით ახლა, ქეიფი და სპორტი როგორ შეიძლება ერთადო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენი წინაპარი ბუმბერაზი მოჭიდავეები სპორტს და ქეიფს მშვენივრად უწყობდნენ ერთმანეთს და ძალიან დიდ წარმატებებსაც აღწევდნენ ”მტრის ჯინაზე”.

ი.კ.-ს ქეიფის გარდა ერთი სისუსტეც ჰქონდა - ”ქალები”. სადაც უნდა ვყოფილიყავით მელია და ყურძენივით გაადევნებდა ხოლმე ქუჩაში თვალს ლამაზმანებს, ჩაყლაპავდა სიმწრის ნერწყვს და გულზე იბრაგუნებდა მჯიღს - ”ოხ ერთი თქვენი თავი მამცა ხალიჩაზეე!”

ვერ იქნა და ვერ გადავაჩვიეთ. ბოლოს, გადავწყვიტეთ ჭკუა გვესწავლებინა და მომენტს დაველოდეთ. მომენტიც მალე მოვიდა.

ბორჯომში ვართ შეკრებაზე. ამ კურორტზე ლამაზმანებს რა გამოლევს და ი.კ.-მაც შეილეწა გულმკერდის ძვლები მჯიღის ბრაგუნით - ”ოხ ერთიიი!!!”

ერთი ტურისტისგან შევიძინეთ რეზინის ”გასაბერი ქალი”. ავიტანეთ ნომერში. გავბერეთ და... ჩვენს წინ დადგა ლამაზი, ჰაეროვანი, ქერათმიანი და გასაგიჟებელი, უზადო გარეგნობის ფრიად ელასტიური ”ნაშა”.

საღამოს, მკერდში მჯიღნაცემი და დაღლილი ი.კ. ადრე დაწვა, დაიძინა და გაეხვა ფერად-ფერად (ალბათ) სექსუალურ სიზმრებში.

რომ დავრწმუნდით, გვარიანად ძინავს, მოქმედება დავიწყეთ. სახელდახელოდ ისევ გავბერეთ ჩვენი ”ნაშა”. მივუწვინეთ გვერდით. რა დაგვაძინებს! - ველოდებით რეაქციას. შუქი ჩავაქრეთ. ბრა ავანთეთ (”პოლუმრაკ”). ვართ გატრუნულები. ნახევარ საათში ი.კ.-მ ერთი მძლავრად ამოიხვრინა და გვერდი შეინაცვლა. შეინაცვლა და თვალებს არ უჯერებს მის გვერდით ულამაზესი ”ნაშაა” გაშხლართული.

ი.კ.-მ ჯერ თვალები მოიფშვნიტა. სიზმარი არაა, ”კაცო, დალევით არ დამილევია, მითუმეტეს არ დავმთვრალვარ ისე, რომ ეს მოვიყვანე და არ მახსოვს, ნაღდად ცოლად ”მეტენებაო” და ”შეაღვიძა”:
- ეეე... ეეე... დევუშკა... სლიშიშ? - წაკრა ხელი - პრასნის ნატაშენკა.

გოგო - ბუნებრივია, დუმს. დუმილი რომ თანხმობის ნიშანია ი.კ.მ- ბავშვობიდან იცოდა და შეტევაზე გადავიდა:
- კაკ ტებე ზავუტ? - ნატაშკა და? (სულ ”ნატაშკაზე” იყო ”აცრილი” - ადრე ჰყავდა ერთი...)
გოგო დუმს. ი.კ-მ იფიქრა რუსი არაა, ქართველი იქნება, აბა ბორჯომში ახლა, ვაბშე...
- რა გქვია გოგო? - გაუმეორა...
აქ კი ვეღარ მოვითმინეთ და ი.კ-ს თავზე მეხივით დაატყდა ჩვენი კოლექტიური ხარხარი.

რაღა ექნა? თვითონაც აგვყვა, ვითომ არ შეიმჩნია და სულ მალე, ორ კვირაში ”აბაროტი” აგვიღო. როგორი? ძალიან მაგარი. ცოლი შეირთო და ქორწილში მაგრად გვაქეიფა.

მურმან მერკვილიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული