სახეობაში (71 კგ) საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა.
ბოლო წლებში იგი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, მაგრამ სპორტს დიდად არ მოშორებია. შარშან ერთხანს რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა სპორტულ წარმატებას იქაც მიაღწია - ზაფხულში ბელფასტში, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.
რამდენიმე თვეა ქარელის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობს და რა გასაკვირია, რომ თავის საყვარელ სფეროს უყურადღებოდ არ ტოვებს. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ სერიოზული პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.
ამ რაიონში ხელმძღვანელ თანამდებობაზე
- ქარელის რაიონი ერთ-ერთი გამორჩეულია სპორტული წარმატებებით. სპორტსმენებს აფასებს მოსახლეობა, თვითონ სპორტსმენები კი ნაყოფიერად საქმიანობენ რაიონისთვის და საქართველოსთვის. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვია.
მე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ ჩოხიან ჭიდაობებში, მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც წარმატებული მოჭიდავე გიორგი თოთლაძეა (თოთლაძე ამ დღეებში რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე გახდა - ვ. ბ).
- სპორტში თქვენ მიერ მოპოვებული წარმატებები გაიხსენეთ.
- ორ-ორჯერ ვარ ძიუდოსა და სამბოში საქართველოს ჩემპიონი, ქართულ ჭიდაობაში კი იგივე ტიტული ხუთჯერ მაქვს მოპოვებული. მაშინაც ძლიერი თაობა ჭიდაობდა. უშუალო კონკურენტები იყვნენ ტიტულოვანი სამბისტი არჩილ ჩოხელი, აგრეთვე ჯონდო მუზაშვილი, რომელიც დღეს საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ორთაბრძოლები მუდამ უშეღავათო იყო, თუმცა სარბიელს მიღმა მუდამ კარგი მეგობრები ვიყავით.
- თქვენი პირადი მწვრთნელები ვინ იყვნენ?
- ქარელში მელორ ელიაშვილი, თბილისში გადასვლის მერე სამბოში სპარტაკ ჯინორიძე მავარჯიშებდა. ძიუდოში კი შოთა ხაბარელი იყო ჩემი პირადი მწვრთნელი.
- თქვენი სპორტული კარიერა ისეთ დროს წარიმართა, როცა ნორმალურ სავარჯიშო პირობებზე, სრულფასოვან შეკრებასა და ვარჯიშებზე ოცნებაც კი ჭირდა...
- ძალიან რთული დრო იყო. გაჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ აისახებოდა სპორტზე. ყველა ისე ვვარჯიშობდით, ვისაც როგორი ხელშეწყობა ჰქონდა. არაერთი ტიტულოვანი, თუ პერსპექტიული სპორტსმენი უცხო ქვეყანაში წავიდა კარიერის გასაგრძელებლად, ბევრმა საერთოდ უარი თქვა სპორტზე...
მეც გამიჭირდა, ნაკრების პირველ ნომრებს თვეში 60 ლარი გვქონდა ხელფასი და იმასაც თვეობით ვერ ვიღებდით. ძნელია ასეთ პირობებში დიდხანს შემორჩე სპორტს, გამოავლინო საკუთარი პოტენციალი, მით უფრო, როცა ოჯახი შენს კმაყოფაზეა.
- პოლიციისა და სახანძრო სამსახურების 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გამოსვლაც გაიხსენეთ.
- ამ შეჯიბრებაზე ადრე საქართველოს დელეგაცია არასოდეს გამოსულა. შარშან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შედგა ამ ჩემპიონატზე ძირითადად მოჭიდავეთა მონაწილეობა.
მაშინ რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ვიყავი. ჩვენს სტრუქტურაში ჩატარდა ჯერ შიდა შეჯიბრება, შემდეგ კი საუკეთესონი ბელფასტში (ჩრდ. ირლანდია) მსოფლიოს ჩემპიონატზე წავედით. მე ძიუდოში გამოვედი, ოთხ მეტოქეს ვძლიე და ოქროს მედალი მოვიპოვე. კიდევ ერთი ჩვენი რაიონის წარმომადგენელი, გიორგი ბოლოთაშვილიც ძიუდოში გახდა ჩემპიონი.
- ახალი წლიდან რაიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში რა ადგილი უჭირავს სპორტს?
- დარბაზები გვაქვს, შარშან ახალიც აგვიშენეს, მაგრამ ყველგან გათბობის პრობლემაა, რომლის გამოსწორებაზეც აქტიურად ვმუშაობთ. კრივის დარბაზშია არადამაკმაყოფილებელი პირობები, გვინდა მისი შეკეთება.
შოთა ხაბარელის სახელობის სასპორტო სკოლის გვერდით არის შენობა, რომლის რეაბილიტაცია და სასტუმროდ გადაკეთება იგეგმება.
დარბაზსა და სასტუმრო მოგვცემს შესაძლებლობას, ერთობლივი წვრთნები ჩავატაროთ როგორც ჩვენი, ისე უცხოური გუნდების მონაწილეობით. ეს სასიკეთოდ წაადგება ადგილობრივი ფალავნების დაოსტატებას, რომლებიც პირობების არარსებობის გამო, გორში ან თბილისში გადადიან ვარჯიშის გასაგრძელებლად. თავის დროზე ასე მოიქცნენ შოთა ჩოჩიშვილი, შოთა ხაბარელი, ჯემალ მჭედლიშვილი და უამრავი სხვა აქაური სპორტსმენი.
- ძალიან ხშირად გხედავთ ქართული ჭიდაობის შეჯიბრებაზე, არა მხოლოდ ქარელის რაიონში...
- თუ დრო მაქვს ყველგან ვესწრები. ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის სიამაყეა. ასეც იქნება მუდამ. მიაქციეთ ყურადღება - ნახერხმოყრილ არენაზე შეჯიბრებები პატარების პაექრობებით იწყება და დასრულებისთანავე კვლავ ისინი რჩებიან სარბიელზე.
უსაზღვროდ გაგვახარა აბსოლუტურ ფალავნობაზე ჩვენი რაიონის მკვიდრის, რუისელი პაატა ღვინიაშვილის გამარჯვებამ. ეს ჩვენთვის დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება იყო! ვგეგმავ ხელი შევუწყო ადგილობრივ სპეციალისტებს, ქართულ ჭიდაობაში შევქმნათ ქარელის რაიონის გუნდი და მივიღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში, რომელიც გასული წლიდან მრავლად იმართება ჩვენს ქვეყანაში. გვინდა ჩვენი რაიონი ღირსეულად წარმოვაჩინოთ ამ ასპარეზობებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"