"ბარემ ეგინებინა ლევან ყიფიანს ჩვენთვის" - რას ერჩიან დეპუტატები მინისტრს

AutoSharing Option
სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს შორის დაპირისპირება გრძელდება - დეპუტატები ლევან ყიფიანს უწყებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ, პრემიერ-მინისტრს კი, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2014 წლის ანგარიშის
არადამაკმაყოფილებელ შეფასებას უგზავნიან.

ვიდრე ლევან ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის, მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადება ფედერაციებმაც გაავრცელეს, რომელსაც ხელი ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის ფედერაციებმა მოაწერეს.

მოკლედ, სპორტის კომიტეტის წევრები, მათ შორის სპორტსმენი პარლამენტარები: სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი მინისტრს უპირისპირდებიან.

რა კონკრეტული შენიშვნები აქვთ ლევან ყიფიანთან, ამის
თაობაზე "კვირის პალიტრასთან" უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს:

- სამინისტროსა და კომიტეტს შორის განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ კითხვები დავსვით და ანგარიშის ირგვლივ მინისტრისგან განმარტებები მოვითხოვეთ...

- არაფერი განსაკუთრებული როგორ არ ხდება, როცა მინისტრის ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად აფასებთ და მას პრემიერს უგზავნით. ასეთ ბრალდებებს დეპუტატები უსაფუძვლოდ ახმაურებთ?
- მაშინ ასე ვიტყვი, ჩვენ შორის განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო. საერთოდ, პარლამენტში კომიტეტი იმისთვის არსებობს, რომ ხარვეზების შემთხვევაში სამინისტროსგან შესაბამისი განმარტებები მოითხოვოს.

- რა კონკრეტული კითხვები გაქვთ და რომელ ხარვეზებზე მიანიშნებთ, რატომ არ აკონკრეტებთ?
- კი, ბატონო, კონკრეტულ მაგალითებს დაგისახელებთ: დღეს სკოლებში ბავშვების ფიზიკური აღზრდის თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. გამოკითხვის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ახალგაზრდებში დაავადების მაჩვენებელი ერთნახევარჯერ გაიზარდა, რაც სწორედ სკოლებში გაუმართავი სისტემის "დამსახურებაა".

არავის შეექმნას შთაბეჭდიელბა, რომ კომიტეტში ახირებული ხალხი ვართ და ლევან ყიფიანს უსაფუძვლოდ ვაკრიტიკებთ. ლევანი დათო ყიფიანის შვილია და მის ჯილაგს პატივს ვცემ, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ კითხვების დასმა დანაშაულია.

შეცდომები ფიქსირდება სპორტული რეზერვების მომზადების საკითხშიც და არაფერი კეთდება გაუქმებული 300-მდე სკოლის აღსადგენად. სკოლების უმრავლესობა სავაჭრო მაღაზიებად რომ გადაკეთდა, ეს სამინსიტროს ყურადღების მიღმა რატომ უნდა რჩებოდეს? ამ კითხვაზე ლევან ყიფიანმა გვიპასუხა, საკითხის მოგვარება ჩემ კომპეტენციაში არ შედისო და იქნებ გამაგებინოთ, ვის კომპეტენციაში შედის? - თუ მინისტრი არა, მაშ, აბა, ვინ არის კომპეტენტური - მეპურე?!

- გასხვისებული ქონების შესწავლა ძალოვან ორგანოებს ევალებათ, ორი წელია, პროკურატურა გაყიდული ქონების დაბრუნებას ვერ ახერხებს და ამ საკითხზე პასუხისმგებლობას მაინც და მაინც ლევან ყიფიანს რატომ აკისრებთ?
- მინისტრმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს და შესწავლა დაიწყოს, მილიონიანი ქონება რამდენიმე ათას ლარად რა პირობებში გაიყიდა. სწორედ ამის შემდეგ მიეცემა პროკურატურაში შესაბამისი მსვლელობა... სამინისტრო ფედერაციის ანგარიშებსაც არ ისმენს. კომიტეტი კი, თითოეულ მათგანს უსმენს.

ქართული ფეხბურთი რა მდგომარეობაშიცაა, თითეოულმა მოქალაქემ კარგად იცის. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოთხი წლით ირჩევა, მაგრამ რატომღაც ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება ერთი წლით გაუხანგრძლივეს.

- ანუ, ამბობთ, რომ ლევან ყიფიანი სიჭინავას გაურიგდა?
- მე კითხვას ვსვამ და დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს. ბიუჯეტიც არასწორად ნაწილდება. ანგარიში, რომელიც ლევან ყიფიანმა წარმოადგინა, დილეტანტის დონეზე იყო მოზამდებული.

- კონკრეტული მაგალითი დამისახელეთ...
- მაგალითად, მინისტრს ვკითხე, წლიურ ანგარიშში რატომ ვერ მოხვდა მკლავჭიდის ფედერაცია, როცა 2014 წელს ბიჭებმა 14 ოქროს მედალი აიღეს-მეთქი.

მეტსაც გეტყვით, როცა ვილნიუსიდან ჩამოვედით, სამინისტროდან შეგვატყობინეს, პრესკონფერენციაა დანიშნული და ამის შესახებ ყველა ჟურნალისტი გაფრთხილებულიაო. სამინისტროში 14 ლომი სპორტსმენი მივიყვანე, მაგრამ არათუ ჟურნალისტი, ბიჭებს სამინისტროს ერთი წარმომადგენელიც კი არ შეხვდა, მინისტრზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

- მკლავჭიდის ფედერაციას თქვენ კურირებთ და გაბრაზებული იმის გამო ხომ არ ხართ, რომ სამინსიტრო თქვენ ინტერესებს არ ითვალისწინებს?
- ეს პირადი წყენა კი არა, სპორტსმენების დისკრიმინაციაა. გარდა ამისა, სპორტის ინფრასტრუქტურის გეგმაშიც არაპროფესიონალიზმი თვალშისაცემია. სამინისტრო კოალიციის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებაზეც არ ფიქრობს.

დარღვევებია სპორტის უნივერსიტეტშიც, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი ძაგანია დაინიშნა. როცა უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ბატონ ყიფიანთან სამი ადამიანის განცხადება შევიდა -კონკურსში მონაწილეობას ვერ ვიღებთო. ამის საფუძველზე მინისტრმა არჩევნები გააუქმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ განცხადების ერთ-ერთმა "ავტორმა", განცხადების დაწერის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

მოდით, ამ არჩევნებსა და ლუკა კურტანიძის არჩევნებს შორის პარალელი გავავლოთ, როცა ჭიდაობის ფედერაციაში არჩევნები ტარებოდა საარჩევნო კომიტეტის წამრომადგენლებმა კომისიას რვა ადამიანი ჩამოაშორეს და არჩევნები მათ გარეშე ჩაატარეს.

- საზოგადოებას შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ სწორედ ლუკა კურტანიძის გადაყენების გამო, კომიტეტი რევანშისთვის ემზადება. მინისტრმა მიანიშნა კიდეც, რომ კომიტეტი გარკვეულ ფედერაციებში პირადი ინტერესების გატარებას ცდილობს და ამიტომ უპირისპირდება...
- ეს რევანში არ არის, უბრალოდ, ვაცხადებ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებში მომხდარ დარღვევებზე ლევან ყიფიანმა რეგირება არ მოახდინა, ანუ ის ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს. რა ინტერესებზეადა სად ხელის ფათურზეა ლაპარაკი?!

ყველაზე მთავარსაც გეტყვით, როცა ლევან ყიფიანს ამ კითხვებით მივმართეთ, მან კომიტეტის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა - ინტრიგანები ხართ, რა კითხვებს მისვამთ, საერთოდ რა გაგიკეთებიათო...

ამ სიტყვების შემდეგ გინებაღა რჩება და ბარემ ეგინებინა ლევან ყიფიანს ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, მასზე მაღლა დავდექით და საქმის გარჩევა არ დაგვიწყია. ახლა ყველაფერი პრემიერის გადასაწყვეტია და მის მოსაზრებასაც მალე გავიგებთ.

- ფიქრობთ, რომ ლევან ყიფიანს თანამდებობიდან გადააყენებენ? ან თუ პრემიერმა თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო, მომავალში მინისტრთან ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- ისე, ლევან ყიფინამა ისიც კი გვითხრა, უთქვენოდაც ვიმუშავებო. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

რუსუდან შელია
(სპეციალურად საიტისთვის)
kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული