ბევრი სიახლე და კონტაქტი ქომაგთან - საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტულ ტალღაზე

AutoSharing Option
ქართული საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა ხურდება. როგორც გაშუქდება ჩვენი პირველობა ტელეეთერით? - ეს კითხვა ყოველთვის ისმის გულშემატკივართა შორის. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდა, გნებავთ, პირდაპირი რეპორტაჟებით, მიმოხილვებითა თუ ტოქშოუებით...

ცხადია, საინტერესოა, როგორც გაგრძელდება ეს ყველაფერი იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მოხდა. არხის სპორტულ მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - გიორგი ზურაბიშვილი. მასთან ერთად, სპორტულ განყოფილებაში ახალი ხალხი მივიდა.

რას გეგმავს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მომავალში? რას შესთავაზებს ჩვენს ქომაგს? საერთოდ, ასეა - ახალი კადრებს ყველგან სიახლეები ახლავს...

ამ მხრივ, 3
სექტემბერს, გულშემატკივართან დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, სპორტული რედაქციის ახალი შემადგენლობისთვის ქომაგის აზრი მნიშვნელოვანია, თუნდაც კრიტიკული შენიშვნებით.

გვესაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილი:

- როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში ქართველ გულშემატკივართან შეხვედრას აპირებთ. რა იქნება მთავარი მესიჯი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხრიდან?
- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ეკუთვნის ხალხს, საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს გულშემატკივართან. დიახ, 3 სექტემბერს ვგეგმავთ შეხვედრას ქომაგთან. ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ მომავლის გეგმებზე. ამას შეიძლება ჩვენი "გეგმების პრეზენტაცია" ვუწოდოთ. ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რას ვაპირებთ.

- როდის და სად გაიმართება ეს შეხვედრა?
- ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, 19 საათზე, ვერის ბაღში.

- ახლა ზოგადად გვითხარით, რას გვიჩვენებს უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი?
- ვგეგმავთ ევრობასკეტის ტრანსლაციას. გვექნება გადაცემების სტუდიური ნაწილი და მატჩისშემდგომი ანალიზი. იგეგმება რაგბის მსოფლიო თასის ყველა შეხვედრის ჩვენება - ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირს ჩვენი არხი მაქსიმალურად გააშუქებს...

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩემპიონთა ლიგას. გვექნება მატჩისწინა სტუდია და მატჩისშემდგომი ანალიზი...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებსაც მაყურებელი ჩვენი არხის საშუალებით იხილავს. ეს არ იქნება მხოლოდ მატჩების ტრანსლირება - რეპორტაჟს დავიწყებთ მატჩამდე და თამაშის შემდეგაც დავრჩებით ეთერში...

პირველად იგეგმება საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გაშუქება. ტურში ერთ ცენტრალურ შეხვედრას აუცილებლად შევთავაზებთ გულშემატკივარს...

ასევე გავაშუქებთ საქართველოს ჩემპიონატს კალათბურთში, გვექნება პირდაპირი რეპორტაჟები...

- შესთავაზებთ თუ არა მაყურებელს ახალ გადაცემებს? რა ბედი ელის "არენას"?
- "არენა" ეთერში აღარ გავა. სანაცვლოდ, მაყურებელს შევთავაზებთ ახალ სპორტულ გადაცემას, რომლის წამყვანიც თავად ვიქნები. იქნება ასევე ტელეჟურნალი, ურბანული სტილის გადაცემა...

- იხილავს თუ არა მაყურებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს?
- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაინტერესებულია საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟებით, ოღონდ, აქ საჭიროა ფედერაციების ხელშეწყობაც.

- სულ მალე "ვითას" კალათბურთელთა გუნდი VTB-ლიგის გათამაშებაში ჩაებმება. მოხერხდება ამ შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟების ჩვენებაც?
- მოლაპარაკება მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გულშემატკივრებს "ვითას" მატჩების რეპორტაჟებსაც შესთავაზებს.

- მოდით, მკითხველს გავაცნოთ ის ბირთვი, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რეპორტაჟებს წაიყვანს...
- სიამოვნებით: გიგა გვენცაძე, ლევან ღუდუშაური, დავით ბანანაშვილი, გია თვალაბეიშვილი, ლუკა ჭოჭუა და მე. ასევე გვეყოლება მოწვეული კომენტატორები, მაგალითად - რაგბიზე და ძიუდოზე...

- ხომ არ არის გეგმაში სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება, რათა თქვენი სტაფი ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით შეივსოს?
- ჯერჯერობით, ჩვენი შემადგენლობა საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ წინაშე არსებულ ამოცანებს გავუმკლავდეთ. ცოტა რომ დავლაგდებით, ასეთი კონკურსებიც გვექნება.

- არხის ხელმძღვანელობის მხრიდან თუ გრძნობთ მხარდაჭერას?
- როცა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მივდიოდი, ვესაუბრე არხის ხელმძღვანელობას, გავაცანი ჩემი ხედვა, მოსაზრებები... მივიღე სრული მხარდაჭერა. ასე რომ, ყველა ერთად იმედიანად ვუყურებთ მომავალს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მინაშვილი მოტეხეს?
ლაშა
17:30 02-09-2015
0
გადახალისება აუცილებელი იყო, საინტერესო გახდება 1 არხი დარწმუნებული ვარ სპორტული თვალსაზრისით
თბილისი
17:56 02-09-2015
0

სიახლეები პოპულარული