სპორტულმა ჟურნალისტებმა 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელეს

AutoSharing Option
წლეულს ქართველმა სპორტსმენებმა არაერთ შეჯიბრებაში ისახელეს თავი. ამდენად, მასმედიის წარმომადგენლებს მართლაც ჰქონდათ საშუალება, ღირსეულთა შორის ღირსეულები ამოერჩიათ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს კვალდაკვალ, 29 დეკემბერს სპორტულმა ჟურნალისტებმაც დაასახელეს თავიანთი რჩეულნი:

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახლდა მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც წლეულს წარმატებით ითამაშა როგორც ახალგაზრდულ, ისე ეროვნულ ნაკრებ გუნდებში.

საუკეთესო მწვრთნელად სცნეს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე. მისმა შეგირდებმა წლეულს საერთაშორისო სარბიელზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს.

საუკეთესო ნაკრებია საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ
მეოთხედ ითამაშებს.

წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში ყველაზე მეტი ხმა რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა და, ცხადია, 2016 წლის სპორტსმენადაც ის დასახელდა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიდნენ.

Sportall.Ge

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტ მიხეილ აბაიშვილს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა.

29 დეკემბერს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით, გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოების საზეიმო საღამო გაიმართა. საუკეთესო სპორტსმენებს პრიზები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სეოკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა გადასცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული