ქალბატონებს 5 მარტიდან ახალი გვირგვინოსანი ეყოლებათ, რადგან ტახტის ამჟამინდელმა მფლობელმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) თეირანში თამაშზე უარი თქვა. ჰიჯაბის ტარების გამო ნაზი პაიკიძემ, ირინა კრუშმა (ორივე - აშშ) და მსოფლიოს ექსჩემპიონმა მარია მუზიჩუკმაც (უკრაინა) ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს.
- ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!
ირანში ტიტულისთვის პაექრობაში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაებმება: 2014 წლის პირველობის ფინალისტი ნატალია პოგონინა
ამათ გარდა, ევროპიდან, კონტინენტის 2014-15 წლების პირველობის შედეგების გათვალისწინებით, 28 დიდოსტატი მოსინჯავს ძალებს. მათ შორის რვა საქართველოდანაა. ესენი არიან: სალომე მელია, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, სოფიკო გურამიშვილი და სოფიო გვეტაძე.
რვა მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი ამერიკა, 12-ით - აზია-ოკეანეთი, სამით - აფრიკა, ხოლო ირანელები, სარასადათ ხადემალშარიეხი და ათუშა პურკაშიანი ფიდეს ნომინანტები არიან.
უწინდელი მონაცემებით, ირანში შვიდ ქართველ დიდოსტატს უნდა ეთამაშა, მაგრამ ფიდემ გამოთავისუფლებულ ადგილებზე სხვა მოჭადრაკეებს უხმო, მათ შორის, სოფიო გვეტაძეს.
- შარშანწინ, ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში შავი ფიგურებით ანა უშენინას ვძლიე და მსოფლიოს ჩემპიონატის სათადარიგოებს შორის მოვხვდი, - გვითხრა სოფიომ. - მას შემდეგ, რაც მარია მუზიჩუკმა პროტესტის, ხოლო ტატიანა კოსინცევამ და ალისა გალიამოვამ (ორივე - რუსეთი) ოჯახური პირობების გამო თეირანში თამაშზე უარი თქვეს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპიდან გამოთავისუფლებულ სამ ადგილზე ჩემთან ერთად ოლგა ზიმინას (იტალია) და ნასტასია ზიაზიულკინას (ბელორუსი) უხმო.
ამ მასშტაბის შეჯიბრებაში პირველად ვმონაწილეობ, თანაც დაბალი რეიტინგის გამო პირველსავე წრეში მსოფლიოს საუკეთესო ათეულის რომელიმე წარმომადგენელთან მომიწევს დაპირისპირება. ვიცი, ძნელი ბრძოლა მელის, მაგრამ წარმატებისთვის არაფერს დავიშურებ.
შარშანდელი დეკემბერი, ჩემდა უნებურად, მსოფლიოსთვის მოსამზადებელი პერიოდი გამომივიდა - რამდენიმე ტურნირში ვითამაშე, მათ შორის, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში და უმაღლესი ეშელონის საგზური მოვიპოვე, წლის მიწურულს კი, ყატარში რაპიდსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატში ვიასპარეზე.
ვეცდები, 10 თებერვლამდე დარჩენილი დროც უქმად არ დავკარგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"